საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლაში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერულ საბჭოსთან თანამშრომლობით და კოორდინაციით ტრენინგი ჩაატარა, სადაც სამიზნე ჯგუფს უფროსი ასაკის მოსწავლეები წარმოადგენდნენ. შეხვედრა ახალი სატრენინგო მოდელით განხორციელდა, რომელიც მოიცავს სიმულაციურ თამაშს და დისკუსიას. ტრენინგი მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით, ქალთა მიმართ განწყობის ცვლილებას. ტრენინგი თემაზე ,,იყავი მის ადგილას“ ორ ეტაპად ჩატარდა, სადაც ჯამში 32 მოსწავლე იყო ჩართული.
თეონა ჩიქოვანი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის კოორდინატორი:
-ვატარებთ ტრენინგების ციკლს „იყავი მის ადგილას“, რომელიც 2 წლის განმავლობაში ქვემო ქართლში და გურიაში განხორციელდება. ტრენინგებს ვატარებთ სხვადასხვა ჯგუფებთან, ვმართავთ დისკუსიას ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის საკითხებზე. ვფიქრობ, ჩვენი მოდელი ამართლებს დასახულ მიზანს. მონაწილეების მხრიდან დიდი ინტერესია, ჩაერთონ და რაც მთავარია ტრენინგის შემდეგ იფიქრონ, გაიაზრონ სხვების შთაბეჭდილება და მოხდეს ამ საკითხზე ღიად საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ქალთა საინფორმაციო ცენტრი პროექტის განმავლობაში თანამშრომლობს ბოლნისის მუნიციპალიტეტთან, გენდერული თანასწორობის საბჭოსთან და მათთან კოორდინაციით ხდება ტრენინგის ჯგუფების განსაზღვრა.
ირინა მიქავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, შეხვედრის ინიციატორი და თანაორგანიზატორი:
2 ივნისს, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ორგანიზებითა და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ IX-XII კლასის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, ახალგაზრდები ბოლნისის ახალგაზრდული იდეიდან და ახალგაზრდული სახლიდან. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ გამოცხადებული ოლიმპიადის ,,სამოქალაქო განათლების მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში.
ნინო მიქელაძე,ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე:
-ტერმინი “ფემიციდი” ჩემთვის უცხო იყო ტრენინგამდე, თუმცა დაახლოებით ვიცოდი, რომ ქალებზე ძალადობა საკმაოდ ხშირი იყო. სხვადასხვა ფაქტებიც მოდიოდა ჩემამდე თუ როგორ გახდა კონკრეტული პიროვნება ვინმეს მსხვერპლი და ეს, რა თქმა უნდა, უსამართლობის განცდას იწვევდა, გარკვეულ წილად გრძნობებზე მეხებოდა, თუმცა ამ შეხვედრაზე ყველაფერს ახლო ხედით შევხედე. ტრენინგი საინტერესო იყო, ბევრი საუბრის მოსმენის მიუხედავად არ დავღლილვარ და მალე დამთავრების სურვილი არ გამჩენია, ძირითადად ტრენინგებზე, სადაც ბევრი ინფორმაციის მოსმენა მიწევს, ვიღლები და ვერ ვუსმენ, მაგრამ ეს თემა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, ორი რამ განსაკუთრებით მომეწონა. პირველი იყო აქტივობა_ სხვადასხვა მსხვერპლი ქალის როლი, როდესაც თითოეულ ქეისს ვკითხულობდი და შემდეგ ამას ვყვებოდი ვფიქრობდი, რომ მე გადამხდა ყველაფერი, ამიტომაც შევხედე ყველაფერს უფრო ახლოდან. მეორე ფაქტი კი იყო ის, რომ მსგავს თემაზე ტრენინგის მთავარი მოსაუბრე, ვინც გვიყვებოდა თუ რა ხდება სინამდვილეში და რა საშიშროებაში არიან ზოგჯერ ქალები, იყო მამაკაცი. ვისწავლე ის, რომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლს, და სანამ ნაბიჯს გადავდგათ კარგად უნდა დავფიქრდეთ.
მარიამ მანაგაძე, ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე:
– ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გავეცანით და განვიხილეთ იმ ქალთა ცხოვრება, რომლებიც სამწუხაროდ ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ და მათმა პასიურობამ ფატალური შედეგები განაპირობა. სიმულაციური თამაშით, ერთ-ერთ აქტივობაში, ჩვენ ვიყავით მსხვერპლი და გვქონდა ბილეთები, ამ ბილეთების მიხედვით ვწყვეტდით ჩვენს ბედს, დამოუკიდებლად ვიღებდით გადაწყვეტილებებს და აქ გავიაზრე, მართლა რა რთული არჩევანის წინაშე დგანან ძალადობის მსხვერპლი ქალები.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ აქტივობაში გამოჩნდნენ ქალები, რომლებმაც დამოუკიდებლად ცხოვრება განაგრძეს. ვთვლი,რომ ასეთი აქტივობები მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რათა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები, ვიყოთ დამოუკიდებელნი, მეტად დაცული სახელმწიფოში. ხშირად არის შემთხვევები, რომ მშობლები შვილს ეუბნებიან „რომ გათხოვდები, უკან მობრუნებული არ დაგინახო“, უმეტეს შემთხვევაში ეს სიტყვები იმდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომ უჭირთ საკუთარი უსაფრთხოების დაცვა და შიშებისგან გათავისუფლება. ისინი ხშირ შემთხვევაში მალავენ ან იტანენ ძალადობას, რომელიც სისტემატიურად მეორდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საზოგადოებაც დუმს და არაფერს აკეთებს, რათა გადაარჩინოს ერთი ადამიანის სიცოცხლე. ამ აქტივობის დახმარებით გავიგე ისეთი ფონდებისა და სერვისების შესახებ, რომლებსაც შემიძლია მივმართო თუ შევესწრები ძალადობის შემთხვევებს, რომ არ გავხდე დანაშაულის თანამონაწილე.
რა თქმა უნდა ძალადობა მხოლოდ ქალებზე არ ხდება, ნებისმიერი შეიძლება იყოს მსხვერპლი. ჩვენ უნდა ვუთხრათ არა ძალადობას, ვიცხოვროთ მშვიდობიან, სამართლიან, დაცულ და თანასწორ გარემოში.