ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
spot_img

ვის და რატომ უნდა დაუდგან ბოლნისელებმა ძეგლი

,,ჩემი ბოლნისი“

ბავშვობა, წარსული, განვლილი წლები – ბევრი ადამიანისთვის ის ჯადოსნური სიტყვებია, რომლებიც ყველაზე სასიამოვნო განცდას იწვევს და გადაგვისვრის უკან, არც ისე შორეულ წარსულში. სწორედ გარდასულ დღეთა სიტკბოება აკავშირებს ჩვენს რესპოდენტს ქალაქ ბოლნისთან. დღესდღეობით წარმატებული ლექტორი, პროფესორი, ბ-ნი ლადო მინაშვილი, ერთ დროს ჩვენი პატარა ქალაქის  ქუჩებში დაიარებოდა თანატოლებთან ერთად და ბოლნისის, მაშინდელი ლუქსემბურგის, ცხოვრების ფერხულში იყო ჩაბმული.

 ბოლნისის გაზეთთან საუბრისას ბატონი ლადო იხსენებს :

 -წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან ვარ. დავიბადე 1939 წლის 15 იანვარს ვანის რაიონის სოფ. ტობანიერში.  ტობანიერი საქვეყნოდ ცნობილი გახდა დიდი ადამიანებით, მათთან კავშირით.  ამ სოფლის მკვიდრი იყო კალისტრატე ცინცაძე, საქართველოს კათალიკოსი; დიდი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე, სოფელი ტობანიერი იყო დიდი გალაკტიონის დედულეთი, აქვს პოეტს მისდამი მიძღვნილი ინტიმით სავსე ლექსი „მახსოვს ზაფხული“. მეორე მსოფლიო ომის წლებში, კერძოდ, 1942 წლის დეკემბერში, ჩემს მშობლებს სხვა ტობანიერლებთან ერთად, გადმოსახლება მოუწიათ ბოლნისში, მაშინდელ ლუქსემბურგში. საბჭოთა ხელისუფლებამ, კერძოდ ბერიამ, სტალინის თანხმობით ბოლნისელი გერმანელები ყაზახეთში გადაასახლა და ქართველები ჩამოასახლა. უფრო გვიან, 50-იან წლებში, ქლუხორიდან ჩამოსახლებულმა რაჭველებმა გააშენეს მშვენიერი სოფელი რაჭისუბანი ბოლნისის მისადგომთან. ზვიად გამსახურდიას დროსაც მოხდა ჩამოსახლება, კერძოდ სვანებისა დმანისში, ბოლნისში, მარნეულში, რაც ძალიან კარგი საქმეა;

 –ბატონ ლადოს გადმოსახლების სიმძიმეც კარგად ახსოვს, იხსენებს ორი წლის ბავშვს როგორ ენატრებოდა ბაბუის სახლი და გული სულაც არ მიუწევდა მისთვის უცნობი ქალაქისკენ: 

  -მე ვიყავი მარტო დაღონებული, სულ ვტიროდი, ვიხვეწებოდი, ბაბუას სახლში წამიყვანეთ მეთქი.                                                                                                                                        თანდათან შევეჩვიე ბოლნისს.  უბან-უბან ჩაგვასახლეს სხვადასხვა სოფლის მკვიდრნი. ჩვენ, ვანელები, ერთი გრძელი ქუჩის – მაშინ ბაღის ქუჩის-შემდგომში რუსთაველის სახელი რომ ეწოდა, ერთ გრძელ მონაკვეთზე დაგვასახლეს. ასე რომ, ქვემო ქართლში კი ვიზრდებოდი, მაგრამ ვიზრდებოდი სუფთა ქვემო იმერულ გარემოში.

-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამორჩეული ლექტორი, მოსწავლეც შესანიშნავი იყო. როგორც მასთან საუბარში ირკვევა, ეს ფაქტი არც იმდროინდელ პედაგოგებს გამორჩენიათ.     

  -1947 წელს რვა წლისა შემიყვანეს ბოლნისის ქართულ საშუალო სკოლაში. ვიყავი ბეჯითი, თავიდანვე გამომარჩიეს, როგორც მასწავლებლებმა, ისე თანაკლასელებმა. ვუყვარდი მათ, პატივს მცემდნენ. არ ვიყავი ჩაკეტილი, თამაშიც მიყვარდა, ვმღეროდი კარგად. სკოლის გუნდშიც ვიყავი და ქალაქის გუნდშიც. ვეწეოდი სპორტულ ცხოვრებასაც, ვთამაშობდი ფეხბურთს, ფრენბურთს, კალათბურთს. ვმსახიობობდი, მგონი არც ურიგოდ, და რაც მთავარია, ძალიან მიყვარდა კითხვა.   მახსოვს პირველი წიგნი ქართველიშვილისჩვენი ზოოპარკი“, ერთ საათში წავიკითხე.   რა დამავიწყებს იმ ემოციებს, რომლებიც გარკვეული მწერლების წაკითხვით მივიღე, იქნებოდა ესკაპიტან გრანტის შვილები“,“რობინზონ კრუზო“, „გრაფი მონტეკრისტო“, ალფონს დოდესწერილები ჩემი წისქვილიდან“, შექსპირის ტრაგედიები, თუ ტურგენევის მოთხრობები. ქართველი მწერლები ხომ თითქმის ყველა წაკითხული მქონდა.         

-მოწიწებითა და რუდუნებით იხსენებს ბატონი ლადო თავის პედაგოგებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ დღეს მათი პატარა მოსწავლე, დიდი ლექტორი და უამრავი სტუდენტის საყვარელი ლიტერატორია.  

  – რა დამავიწყებს პირველი კლასის მასწავლებელს მარო ბენიძეს, მესამემეოთხე კლასებში გვასწავლიდა შესანიშნავი ქალბატონი, კარგი ოჯახის დედა თამარ თოფურიძე. აღალ კლასებში დამრიგებლად მათემატიკის მასწავლებელი გვყავდა, შალვა ბაკურაძე. ახლოს ვიყავით მასთან, ვმეგობრობდით, ვაკეთებდით კედლის გაზეთს.  მაღალ კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებად მყავდნენ ქეთო ელიაური, მარო ბორაშვილი. პატიოსნებით და კეთილსინდისიერებით სავსე ქალბატონები. გეოგრაფიის მასწავლებელი მყავდა- ნათელა კობერიძე.  ჩვეულებრივად ვსწავლობდი გეოგრაფიას. მან კი  ისეთი ყურადღება და სიყვარული გამოხატა ჩემს მიმართ, სამუდამოდ თავი დამამახსოვრა,  წიგნი მაჩუქა წარწერით, დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზო“. იგი ახლაც ამშვენებს ჩემს დიდ ბიბლიოთეკას.                                                                                                                                                                            ბოლო  წლებში  მასწავლებლებს შემოუერთდა ჩემი და, რაისა, რომელიც ჩემე 11 წლით უფროსი იყო.

ჩვენს რესპოდენტს არც  სიყრმის მეგობრები დავიწყებია, რომლებთან ერთადაც ქსოვდა იმ ლამაზ პერიოდს, რომელსაც ახალგაზრდობა ეწოდება.

-ბოლნისთან არის დაკავშირებული ჩემი ბავშვობა, სიყრმე და დიდი ნაწილი სიჭაბუკისა. ბუნებრივია, ჩემი მეგობრები და ამხანაგები ბოლნისელები არიან, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი მათგანი  ცოცხალი აღარაა.

-ბატონი ლადო არა მარტო კარგი მოსწავლე, არამედ აქტიური ახალგაზრდაც გახლდათ. მოგეხსენებათ, ბოლნისში ადრეც და ახლაც, დიდად განვითარებულია თეატრის კულტურა. რა თქმა უნდა, არც თეატრს გამოკლებია სახელოვანი ახალგაზრდა.

 – ჩემი მოსწავლეობის პერიოდი წარიმართა 40-იანი წლების ბოლოს და 50-იან წლებში. ამ დროს აქ, განსაკუთრებით შოთა ქუტიძის ხელმძღვანელობის ჟამს, სიცოცხლე ჩქეფდა. მოსწავლეებიც აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდით. არ ჩაუვლია არც ერთ 14 იანვარს, რომ არ აღგვენიშნა ქართული თეატრის დაარსების დღე. რამდენჯერ გვითამაშია გ. ერისთავის „გაყრა“ და „ძუნწი“. სკოლის დრამატულ წრეს ხელმძღვანელობდა ფიზკულტურის მასწავლებელი ბუდუ ენდელაძე, ნიჭიერი კაცი. მისი რეჟისორობით  დავდგით „ყვარყვარე თუთაბერი“. მე ყვარყვარე განვასახიერე. ქალაქის დრამატულ წრეში ჩემი უფროსი ძმა შაქრო  მონაწილეობდა, ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული კაცი.   ბოლნისის თეატრი ხშირად მეზობელ ქალაქებსა და სოფლებში გადიოდა კონცერტებით, სკეჩებით. მე, როგორც წესი, წამყვანი ვიყავი,  ასე რომ, მე-10 თუ მე-11 კლასში რომ ვიყავი, არც ვაციე, არც  ვაცხელე და წერილი მივწერე დიდ მსახიობს  მედეა ჩახავას – რჩევას ვეკითხებოდი. თბილისში, სახლში მიმიწვია. მოვეწონე, მაგრამ საბოლოოდ მაინც უნივერსიტეტში ჩაბარება ვარჩიე. ამის მერე,  აღარ დამიკარგავს ქალბატონი მედეა, ჩვენ ბოლომდე ვმეგობრობდით.

-წარმატებული, აქტიური მოსწავლე, ახლა უკვე წარმატებული სტუდენტი უნდა გამხდარიყო, თუმცა სტუდენტობისაკენ მიმავალი გზა, არც ისე მარტივი იყო იმ დროს.

სკოლა დავამთავრე 1958 წელს.   გავედი უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების გამოცდებზე.  25 ქულიდან მოვაგროვე 22 ქულა.

  მე ჩავირიცხე უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მართალია, ქართულმა თეატრმა ჩემი სახით დაკარგა მომავალი მსახიობი(ეს ისე, ხუმრობით), მაგრამ მე  ყოველთვის მჯეროდა ჩემი მფარველი ანგელოზის. მან სწორად განსაზღვრა ჩემი გზა: ბედნიერებაა იყო ლიტერატურათმცოდნე, ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტი, იკვლევდე და ახალგაზრდობას ასწავლიდე ქართველ მწერალთა საუკეთესო სულიერ საგანძურს და ასე მოძღვრავდე საქართველოს მომავალ თაობებს.

-რესპოდენტი საუბრისას საინტერესო ისტორიას იხსენებს, რომელიც ასევე დიდებულ ფილოლოგსა და ლიტერატურათმცოდნეს კორნელი კეკელიძეს უკავშირდება.

ფაკულტეტზე მოქმედებდა სტუდენტთა სამეცნიერო წრე, რომელსაც ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ხაზით ხელმძღვანელობდა პროფ. ტრიფონ რუხაძე. მან  წრეზე მოიტანა სამეცნიერო თემები, რომლებიც სტუდენტებს უნდა  დაგვემუშავებინა. თემა მეც ავირჩიე. მახსოვს, „იოვანეს და ექვთიმეს ცხოვრებისსვინაქსარულ ტექსტზე უნდა დამეწერა  თემა. დავწერე. თემა ტრიფონ რუხაძემ ბატონ კორნელი კეკელიძეს, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგეს, მხცოვან მეცნიერს მიუტანა. კორნელი კეკელიძე ჩემით დაინტერესდა და კათედრაზე მიხმო. ჯერ თემის ირგვლივ დამელაპარაკა, მერე დაინტერესდა ჩემი ვინაობით. როცა ჩემი ტობანიერლობა ვუთხარი და მერე ბოლნისში გადმოსვლა, იგი ძალიან დაინტერესდა. აქ დიდი მეცნიერის ერთი თვისებაც გამოჩნდა. იგი არა მარტო წმინდა მეცნიერული საქმეებით, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის პრობლემებით იყო დაინტერესებული, არამედ ყოფითი საკითხებითაც, მისი თანასოფლელების ბედით. თურმე როცა კორნელიმ ბოლნისში იმოგზაურა, ბოლნისის სიონისა და სხვა ძეგლთა ბედით დაინტერესებულმა კმაყოფილება გამოხატა ბოლნისით. ერთი სიტყვით, კმაყოფილების მიზეზი ის იყო, რომ ტობანიერიდან წასული  ქართველები კარგ პირობებში, მდიდარ ქართულ მიწაზე ცხოვრობდნენმადლობის ნიშნად, ამ დიდ მეცნიერზე და პიროვნებაზე დავწერე ვრცელი გამოკვლევა, რომელიც მოწონებულ იქნა სამეცნიერო წრეებში.    კორნელი კეკელიძის მითითებით დამენიშნა უმაღლესი სახელმწიფო სტიპენდია.

ბატონი ლადო მინაშვილის მიღწევები ბოლნისის მოსახლეობისათვის უცხო არ არის, ბოლნისის მერიამ მას ,,საპატიო მოქალაქის“ წოდება გადასცა და ამაყობს მისით, როგორც წარმატებული ბოლნისელითა და მამულიშვილით.

-ამჟამად ვარ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს დამაჯილდოვეს ივანე ჯავახიშვილის მედლით, უნივერსიტეტის მედლით. მიმდინარე წლის იანვრის თვეში, დაბადებიდან 85 წლისთავთან დაკავშირებით, გადმომცეს უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო-უნივერსიტეტის ოქროს მედალი. ვარ პრემია „საგურამოს“ მფლობელი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში; იუნესკოს მიერ დაწესებული მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერების ეროვნულმა აკადემიამ დამაჯილდოვა საპატიო სიგელით ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის. ვარ 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ბევრია მონოგრაფიული ნაშრომი, ათამდე სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო.  ჩემთვის გამორჩეული იყო 2018 წელი, როცა ბოლნისობის ზეიმზე დამაჯილდოვეს ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდებით. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის, რომ ეს წოდება დავიმსახურე გამორჩეული ადამიანების: შოთა ქუტიძის, თამაზ სტეფანიას და სხვათა გვერდით. ეს დიდი და ძვირფასი ჯილდოა ჩემთვის, მაგრამ ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაც.   ბოლნისთან მჭიდრო კავშირი არასოდეს გამიწყვეტია.  მონაწილეობა მივიღე ჩემი სკოლის საიუბილეო ზეიმში,  სკოლის ბიბლიოთეკას გადავეცი ჩემი წიგნები. მონაწილეობა მივიღე შესანიშნავი მოქალაქის, მეურნის, რაც მთავარია, ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილისა და ელიზბარ ჯაველიძის დიდი მეგობრის, ზაურ ხუჯაძის საიუბილეო ღონისძიებაში, სიტყვაც ვუთხარი, რომელიც შემდეგ „ლიტერატურულ საქართველოში“ დავბეჭდე და „გამარჯვების დროშამ“ გადმობეჭდა. ყოველთვის ვმონაწილეობდი კომპოზიტორის, ოპერის თეატრის სოლისტის, ბოლნისელი შოთა ჩაკვეტაძის მიერ ჩატარებულ ყველა ღონისძიებაში. ვარ მისი საინტერესო წიგნის რედაქტორი. ვმონაწილეობდი აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის, ბოლნისთან დაკავშირებული მეცნიერისა და მოქალაქის ყველა იუბილეში, მათ შორის ბოლნისში გამართულ 75 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეში. ელიზბარ ჯაველიძეზე სპეციალური ნაშრომის ავტორი ვარ. ვთანამშრომლობდი ბოლნისის რაიონულ გაზეთთან. აქ იბეჭდებოდა ჩემი წერილები შოთა რუსთაველზე, სულხან-საბა ორბელიანზე, ილია ჭავჭავაძეზე, რომლებიც სპეციალურად ბოლნისის გაზეთისთვის იწერებოდა.  1989 წელს „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა ჩემი წერილი „ამგვარი რეპლიკა ვერ დაგვეხმარება“. ეს წერილი წარმოადგენდა ბოლნისელი ახალგაზრდობის გამოსარჩლებას, რომლებიც დინამო სტადიონზე მოვიდნენ ბოლნისის „სიონის“ საგულშემატკივროდ და დაუმსახურებლად გაილანძღნენ გაზეთ  „ლელოს“  მიერ.  ხულიგნებად მოიხსენია „ლელომ“ ყველა ბოლნისელი გულშემატკივარი, თითქოს სატადიონზე ცუდად მოქცევის გამო. ჩემი წერილი ბოლნისელების ღირსებას იცავდა.    დიდ ბედნიერებას მანიჭებს  ბოლნისელი მეგობრების, ნაცნობების, შვილებისა და შვილიშვილებისათვის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად ემზადებიან, ან უკვე სწავლობენ, თვალის მიდევნება. ვგულშემატკივრობ მათ. ერთხელ ჩემს მეგობარს როინ გოლეთიანს  უხუმრია, არ ვარგივართ ბოლნისელები, თორემ ლადო მინაშვილს ძეგლი უნდა  დავუდგათო. ბუნებრივია, ყველაფერი ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს.   მართალია, ასაკი თავისას შვება, თორემ გული კვლავ მიწევს ბოლნისის, ბოლნისელთა სამსახურად.

-ბატონმა ლადომ გაზეთთან საუბრისას, ბოლნისელი ახალგაზრდებისთვის და არა მარტო, რჩევა-დარიგებაც არ დაიშურა:

 -ბოლნისის მოსწავლე-ახალგაზრდობას, ისე როგორც საერთოდ, ქართველ ახალგაზრდობას მინდა ვურჩიო: მათ ცხოვრება უწევთ სრულიად განსხვავებულ დროსა და პირობებში. ტექნიკის არნახულმა პროგრესმა, ინტერნეტმა, ციფრულმა ტექნოლოგიებმა ძალიან შეცვალა ჩვენი ყოფითი გარემო. ვგრძნობთ, თუ როგორ სწრაფად ვშორდებით წარსულს, ვწყდებით  ეროვნულ ფესვებს. სამწუხაროდ  ახალგაზრდობა წიგნს თითქმის აღარ კითხულობს, ეს ძალიან ცუდია. სტუდენტებზე დაკვირვება მიჩვენებს, რომ ახალგაზრდობა დაშორდა არა თუ მე-19  საუკუნის ყოფას, არამედ მე-20-საც კი.  ეს სახიფათოა! ადამიანმა არასდროს არ უნდა დაკარგოს ეროვნული ცნობიერება, ტრადიციები, წარმოდგენები, სხვაგვარად იგი ადამიანურ სახესაც დაკარგავს.  ჩემი უდიდესი რჩევაა, არ მოვწყდეთ ფესვებს, იმას რაც ქართულია, რაც სხვათაგან გვასხვავებს. ამის ერთი უებარი საშუალებაა კითხვა, ბევრი კითხვა, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, ეროვნული ლიტერატურის, ეროვნული კლასიკის, ბუნებრივია უცხოურთან,  ევროპულთან, რუსულთან ერთად. გაიხადეთ მასწავლებლად დიდი ავტორების წიგნები და დამერწმუნეთ წარმატება უსათუოდ მოვა. რა თქმა უნდა, არაფრით არაა დასავიწყებელი ბედი. ისიც უნდა თან გდევდეს, გწყალობდეს. სხვაგვარად გაჭირდება. როგორც რუსთველი ბრძანებს „ბედი, ცდა და გამარჯვება“.

                                                             მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები