ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
spot_img

ესეების კონკურსში მეორე ადგილი ბოლნისელმა მოსწავლემ დაიკავა

ქალაქ ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საჯარო სკოლა, რომ წარმატებული ადამიანების სამჭედლოა, ეს ამ სკოლის კურსდამთავრებულების სატისტიკამ არაერთხელ გვაჩვენა. პანდემიის მიუხედავად სხვადასხვა თემატიკის კონკურსები კვლავ აქტუალურია, სადაც პირველი სკოლის მოსწავლეები არაერთხელ გამხდარან გამარჯვებულები. ამჯერად მეთორმეტე კლასელ ლიზა ქვარიანის წარმატებაზე გიამბობთ, რომელმაც გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. კონკურსის პირობები შემდეგნაირი იყო. მონაწილეს (8-12 წლის ზევით) უნდა დაეწერა ესე სახელწოდებით: ,,ყველაზე კარგი, რაც შეიძლება მოხდეს“

აღნიშნული კონკურსის შესახებ ლიზამ მეგობრისგან შეიტყო, ბევრი ფიქრის შემდეგ ჩაერთო კონკურსში და მეორე ადგილიც მოიპოვა, თუმცა როგორც თავად ამბობს ,,არ ვფიქრობ, რომ ჩემი თემა ის არის, რაც ყველაზე კარგი დამიწერია“.  ესე ზუსტად 1 საათში დაწერა, მისი გრძნობები და ფიქრები, კონკურსის პირობების თანახმად, 2 გვერდში ჩაატია.

ლიზა ქვარიანი, კონკურსის მეორე ადგილის მფლობელი:

,,პალიტრა L ჰქონდა გამოცხადებული ესეების კონკურსი, საქართველოს მასშტაბით, რის შესახებაც მეგობრისგან შევიტყვე. ბევრი ვიფიქრე და ჩავერთე, კონკურსი ითვალისწინებდა, რომ წიგნი ,,ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს“ ყოფილიყო ესეს დაწერის ინსპირაცია, ან ზოგადად, რადგან წიგნის წაკითხვასაც კი ვერ მოვასწრებდი, პირდაპირ რასაც ვფიქრობდი, ჩვენს გარშემო რასაც გრძნობდნენ და განიცდიდნენ ის დამეწერა, შეზღუდვა, რომელიც გულისხმობდა, რომ მხოლოდ, 2 გვერდიანი უნდა ყოფილიყო ესე, ძალიან ცუდი იყო.“ 

კონკუსში მონაწილეობა 50-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, მათგან სპეციალურმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა.

თითოეული შესაბამისად 200, 150 და 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებს. ასევე, გამარჯვებული მოსწავლის მასწავლებელსა და სკოლას გამომცემლობა “პალიტრა L“-ისგან წიგნიერების გავრცელების ხელშეწყობისთვის სპეციალური სერტიფიკატი გადაეცემათ.

გთავაზობთ საკონკურსო ესეს უცვლელად:

 ,,ყველაზე კარგი, რაც შეიძლება მოხდეს“

       თვითკმაყოფილ ადამიანებს ოქროს თევზი რომ დაეჭირათ, ალბათ, სურვილის თხოვნის ნაცვლად, შეწვავდნენ და სამ ლუკმად გადაყლაპავდნენ… ან იქნებ  ჭამის შემდეგ მიმხვდარიყვნენ, თურმე ოქროს თევზი რომ ჰყოლიათ…

          მე  ხელის გულზე მიზის ეს თევზი და…

        ყოველთვის ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, მუქი ფერის თმით, შავი თვალებითა და მინის, პატარა სათვალით, რომელიც თავის დანიშნულებას შესისხლხორცებოდა და ჩემს ამხანაგად ქცეულიყო. დღეს  თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი წყალში, რომელსაც  ბუნება აჰყოლოდა,  სიყვითლე, ჭრელა-ჭრულა ფერები  შეპარვოდა და გულის კუნჭულში არსებულ სიცარიელეს ავსებდა, რომელიც თინეიჯერული ტრავმებისგან იყო დაცარიელებული. დღეს არც ტრავმა მახსოვდა და თითქოს გონებიდან ცუდი მოგონებების წაშლაც შევძელი. უამრავი მეგობარი მყავს. დილით ფანჯარაში გახედვა და მეეზოვეების ფუსფუსის დანახვა ღიმილს მგვრის.  „ყოველი დღე ღვთის საჩუქარია და ახალი შანსი“.  სკოლის დერეფანში მიმავალს ბევრი ბავშვი მესალმება და თითქოს „ბოროტება“ აღარც არსებობს. ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთის მანკიერებაზე საუბრის ნაცვლად იცინიან, მხიარულობენ და ერთმანეთს კომპლიმენტებსაც კი ეუბნებიან. აღარც მასწავლებლები ჩხუბობენ შეუსრულებელი დავალებების გამო, თითოეულ ბავშვს განათლების სისტემა  ინდივიდუალურად უდგება და ჩარჩოებში მოქცევა აღარ ხდება იმ საინტერესო ფიქრების, რომლებსაც თითოეული ბავშვი თან დაატარებს.  და აღარც სამყაროა იმდენად სასტიკი, როგორიც ადრე გვეჩვენებოდა. მიყრილ-მოყრილი მერხების ნაცვლად დასუფთავებული გარემო გვხვდება. თავად ბავშვები მიხვდნენ, რომ სკოლა ნამდვილად მათი მეორე სახლი იყო და „საკუთარი სახლისთვის“ თვითონ უნდა მიეხედათ.  ქუჩაში მიმავალს კვლავაც წიგნები დამაქვს, საკუთარი თავის განვითარებასა და ახალი, ფერადი სამყაროს შეცნობას ვცდილობ. იქნებ ერთხელ კოსმოსშიც კი შევძლო გაფრენა. ბევრი მიზანი მაქვს, რომელიც მცირე ოცნებებიდან მომდინარეობს,  პატარ-პატარა ნაბიჯებს ვდგამ და ვფიქრობ, „ნეტავ შემეძლოს თვალუწვდენელ სიშორეს მივწვდე“. 

               ქუჩის კუთხეში ბიბლიოთეკაა, ერთ დროს ნანგრევებად ქცეულ, ჯმუხ შენობას სიცოცხლე ნანა დეიდამ შესძინა და უამრავ ფურცელთან, წიგნსა და ამბავთან ერთად ცხოვრების ნახევარს ატარებს. მე და ჩემი ძაღლი_ბუბუ ყოველდღიურად მივდივართ და სხვადასხვა წიგნს ვკითხულობთ, კითხვისთვის შესანიშნავი გარემოა. წიგნის თაროები, მერხები, პატარა სანათები, კაკაო, ჩაი, მშვიდი ნანა დეიდა, რომელიც „სიტყვაობანას“ გვეთამაშება, ერთი შეხედვით გურამ დოჩანაშვილის კარცერ-ლუქსს მოგაგონებთ. მაგრამ ეს როდია კარცერი? ან ლუქსი? ჩვეულებრივი ბიბლიოთეკაა, რომელიც საქართველოს მასშტაბით უკვე თითქმის ყველა ქალაქსა თუ სოფელშია. შეიძლება ვეგოისტობ, მაგრამ არამგონია მათ ჩვენნაირი ლამაზი და განათლებული ნანა დეიდა ჰყავდეთ. ჩემი პირველი წიგნი „ მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“იყო , რომელმაც სახალისოდ შეფუთული სიუჟეტით წიგნის კითხვა შემაყვარა. ამის შემდეგ მრავალი წიგნი წავიკითხე და ახლა ჰალიდ ჰუსეინის „ათას მოელვარე მზეს“ ვკითხულობ. წარმოდგენაც არ გაქვთ, თუ როგორ მიხარია, რომ ადამიანები ჩემს ქვეყანაში არ ცხოვრობენ ასე. თითოეულ ბავშვს განურჩევლად რასისა, კანის ფერისა თუ სქესისა აქვს საშუალება, ისწავლოს და თავადაც „მისწვდეს ვარსკვლავებს“. 

             უცებ ყველაფერი უკვალოდ გაქრა… დროის შეგრძნება დაკარგული მქონია… არაფერი ყოფილა მარადიული… ოქროს თევზიც კი… 

      და დღეს კვლავ დავდივარ სკოლაში, ძველ, უსიცოცხლო ბიბლიოთეკას ვუვლი გვერდს, ბუბუს ვასეირნებ. კვლავ გაწეწილი, შავგვრემანი, სათვალიანი გოგო ვარ, რომელსაც მრავალი უხეში „კომპლიმენტით“ ამკობენ. კვლავ ოთხთვალას, წიგნის ჭიას, გაწეწილსა და „შკოლნიკს“  მეძახიან. მათ კვლავ არ აქვთ წარმოდგენა, თუ ვინ ვარ რეალურად, რადგან არასდროს სდომებიათ  ჩემი სხვა მხრიდან დანახვა. კვლავაც ვწუხვარ, რომ დღეს მსოფლიოს  ბევრ ბავშვს არ აქვს სწავლის საშუალება ან უფლება. კვლავაც არეულ საკლასო ოთახში შევდივარ, კვლავაც ვსწავლობ და ირიალურ სამყაროში ვმოგზაურობ, ხანდახან ვოცნებობ, ნეტავ კარცერ-ლუქსში წაიყვანონ ჩემი თანატოლები და მეც მათ შორის, – მეთქი. 

      ეს ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ოქროს თევზი დავიჭირე და ერთკვირიანი ბედნიერება მხვდა წილად… ეს იყო ყველაზე კარგი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. კვლავაც მწარე რეალობასთან მომიწია შეხვედრა, რომელიც ოქროს თევზმა სამუდამოდ ვერ შეცვალა. 

       მე კვლავაც მჯერა, როგორც ეგზიუპერს, რომ „სწორ ხაზში სიარული ძალიან შორს ვერ მივა“.

      და მე განვაგრძობ ოცნებას, რომ ერთ დღეს ბავშვებს ექნებათ საშუალება, ისწავლონ ბულინგის გარეშე, გარემოში, სადაც თითოეულ მათგანს დააფასებენ, ექნებათ სრულყოფილი განათლების მიღების საშუალება და, რა თქმა უნდა, ზოგადად, სწავლის უფლება… 

    მე ოქროს თევზი დავიჭირე, მაგრამ მოდით თითოეულმა ადამიანმა, თითოეული ნაბიჯი გადავდგათ, იქნებ ვაჯობოთ კიდეც კაშკაშა და იმედისმომცემ თევზს, რომელიც ალბათ მრავალ ადამიანს შეხვედრია, მაგრამ ვერ მიმხვდარა. 

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები