–ერთიანობის ხელშეწყობისა და ქართული იდენტობის აღსანიშნავად, კულტურის შენარჩუნების გულითადი დამცველი გიორგი ვასაძე, შეუდგა ღირსშესანიშნავ – კამპანიას “აღმართე საქართველოს დროშა”. ამერიკული პეიზაჟებიდან დაწყებული, საქართველოს თვალწარმტაცი პეიზაჟებით დამთავრებული, ინიციატივა მოუწოდებს ქართველებს, მთელს მსოფლიოში, გაერთიანდნენ ერთი დროშის ქვეშ, მეტაფორულად და სიტყვასიტყვით. საქართველოსადმი ღრმა სიყვარულმა და დიასპორას შორის კავშირების განმტკიცების სურვილმა, ბატონ გიორგის ისეთი მოძრაობა გააჩაღებინა, რომელიც სცილდება საზღვრებს და ,,ჟღერს“ მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ქართველების გულებში. ინტერვიუში ვისაუბრებთ ამ შთამაგონებელი კამპანიის სათავეებზე, ინიციატივებსა და მიზნებზე, რომლის მიღწევისთვისაც იგი ისწრაფვის თანამოაზრეებთან ერთად.
-მოგესალმებით ბატონო გიორგი, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამერიკაში ცხოვრობთ. შეგიძლიათ ცოტა რამ გაგვიზიაროთ თქვენს წარმომავლობაზე და ქვეყანასთან პირადი კავშირის შესახებ?
-მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს სამშობლოს. მე ვარ გურიიდან, ოზურგეთიდან, სადაც მამაჩემი დაიბადა და გაიზარდა. შემდეგ წამოვიდა ბოლნისში სასწავლებლად, მას შემდეგ ვცხოვრობთ ბოლნისში, კერძოდ დაბა თამარისში. არდადეგებზე ჩავდიოდით ოზურგეთსა და ქუთაისში, ქუთაისი ჩემი დედულეთია. დანარჩენ დროს კი, ბოლნისში ვატარებდით. ბავშვობიდან ვიყავი სტიქაროსანი, საეკლესიო მსახურებაში ჩართული. ვემსახურებოდი კეთილ საქმეს, უფალსა და ჩემს ქვეყანას. რაც შეეხება ამერიკაში წამოსვლას, შევავსე ,,მწვანე ბარათი“, რომლის შედეგები არც გადამიმოწმებია, ოფისიდან დამიკავშირდნენ და შემატყობინეს, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული მე ვიყავი. უფლის ნებითა და სურვილით, ასე აღმოვჩნდი ამერიკაში.
ოთხი წელია ვიმყოფები აქ და არასდროს გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან, სამსახურიც კი ისე მაქვს შერჩეული, რომ საქართველოს დროს ავუწყო, ვფიქრობ, ამით ვახერხებ, მუდმივი კავშირი მქონდეს ახლობლებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან.აღსანიშნავია ჩვენი თანამშრომლობა, გენეალოგიური ცენტრის `არიან-ქართლის მიერ ახლად დაფუძნებული, ყოველთვიურ ჟურნალ `,,მემკვიდრეობა’’ რომელიც აქტიურად გააშუქებს, როგორც ჩვენი ქვეყნის წარსულის მივიწყებულ ფურცლებს, აგრეთვე, საზოგადოებას გააცნობს, აწმყოში მოღვაწე პატრიოტული საქმის მოამაგეთა ღვაწლს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ადგილს დაუთმობს, მომავალი თაობის წარმოჩინებას.
–რამ გაგიჩინათ საქართველოს დროშის აღმართვის კამპანიის წამოწყების იდეა?
გადროშიანების საკითხს რაც შეეხება, მე გვარის მედროშე ვარ, ჩემს გვარზე მოვიძიე ინფორმაცია, აღმოვაჩინე, რომ ჩემი გვარის წარმომადგენლები იყვნენ ტაო-კლარჯეთშიც, დავინტერესდი, სოციალური ქსელით გავიცანი, სამი ოჯახი წავედით ტაოში, მოვილოცეთ სხვადასხვა ტაძარი. აღმოვაჩინე, რომ ყველა სახლზე, დაწესებულებასა თუ ციხე-სიმაგრეზე თურქული დროშა ფრიალებდა. აქედან გამიჩნდა იდეა. ამერიკაში, კანადაში, ესპანეთში, თურქეთში – ყველგან ამ კულტურას გადავაწყდი. ჩემთვის დროშას, ბავშვობიდან მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა, სულ თან დავატარებდი, წავიღე ამერიკაშიც. აქაც ყველგან თან დავატარებ, ნებისმიერ შეკრებასა და ღონისძიებაზე. აქ მყოფი ქართველებისთვის ეს მამოტივირებელია, რომ არ დავივიწყოთ ჩვენი ქვეყანა. შევამჩნიე, რომ საქართველოში დროშის კულტურა, არც თუ ისე განვითარებულია. ამიტომ ვიყიდე დროშები და სადაც ხელი მიმიწვდებოდა, აღვმართე. ჩვენი დროშის ისტორია ძალიან კარგად ვიცი, მოძიებული მაქვს სხვადასხვა ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს 5-ჯვრიანი დროშა და მასზე დატანებული სიმბოლოები. მიზნად დავისახე ყველა ქართველის ოჯახში ფრიალებდეს ქართული დროშა და ჰქონდეთ ინფორმაცია მის ისტორიასა და განმარტებაზე.
–რა არის გადროშიანების კამპანიის მთავარი მიზანი?
-მიზანი მომავალი თაობის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლებაა. რაც ჩვენს თაობას დააკლდა, მომავალმა თაობამ იცოდეს, რომ ჩვენ წმინდა დროშა გვაქვს და ყველგან უნდა ფრიალებდეს.
–როგორ წარმოგიდგენიათ, ამ კამპანიის დადებითი გავლენა ქართულ საზოგადოებაზე, როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში?
-დროშა გვახსენებს ჩვენს თვითმყოფადობას, წარმომავლობას, სამშობლოს. დროშას რომ ხედავ, თითქოს საქართველოს ხედავ, რასაც ძალიან დიდი გავლენა აქვს ამერიკაში მყოფ ქართველებზე, სხვა ქვეყანაში მყოფებზე და ასევე თავად საქართველოში მცხოვრებ ქართველებზე. აქ, ამერიკაში, თუ ვინმე შეიძენს სახლს, რაიმე ფართს, ტრადიციად გვექცა მივიდე და დროშა აღვმართო. მიუხედავად ინფორმაციის ნაკლებობისა, მე დავინახე ქართველების სიყვარული ჩვენი დროშის მიმართ. აქ სხვანაირად გულისამაჩუყებელი და ემოციურია ეს ყველაფერი. ამიტომ გამოვიწვიეთ ერთმანეთი – ,,აღმართე დროშა“ და ყველა მოხარული და აღფრთოვანებულია ამ იდეით.
–შეგხვედრიათ თუ არა რაიმე გამოწვევა ამ ინიციატივის წამოწყებისას და როგორ გადალახეთ ისინი?
-რა თქმა უნდა, იყო სირთულეებიც, იდეის დამწუნებლებიც, მაგრამ ამას ჩემზე არ უმოქმედია. აუცილებლად მივიყვან იდეას ბოლომდე – დიდმა თუ პატარამ იცოდეს, ჩვენი დროშის ისტორია.
–როგორ წაახალისებთ ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა თქვენს წამოწყებაში?
-ეს წამოწყება არანაირი დაფინანსებით არ დაგვიწყია, არც მე ველოდები რაიმე სარგებელს ან დაფინანსებას, ამას ვაკეთებ გულითა და სულით. წახალისება იქნება ის, რომ ნებისმიერ ადამიანს ვაჩუქებთ დროშას და ისინიც გულით ჩაერთვებიან გადროშიანების კამპანიაში.
–თქვენი აზრით, როგორ უწყობს ხელს ქართული დროშის აღმართვის პროცესი ქართული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას?
-რა თქმა უნდა, უწყობს ხელს. მაგალითად აქ, ამერიკაში, ქართველებს საკუთარ მანქანებზე აქვთ ქართული დროშა მიკრული, ვესალმებით, მიუხედავად იმისა, ვიცნობთ თუ არა ერთმანეთს.

–ხედავთ თუ არა ამ ინიციატივას, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ქართველებს შორის კავშირების გადასაკვეთად?
-დიახ, ვხედავ, სადაც არ უნდა წავიდე, დროშა მუდამ თან დამაქვს. უფრო მარტივია უცხო მხარეში იპოვო და აღმოაჩინო შენიანი, ქვეყნის სიმბოლოს მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი კი, სწორედ დროშაა.
– როგორ ფიქრობთ, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიტიურ აღქმას გლობალურ ასპარეზზე?
-ბარსელონაში რომ მოვხვდი, არა მარტო ქართველებმა, არამედ იქაურებმაც მიცნეს. ახსენეს ხვიჩა კვარაცხელია და ფოტოების გადაღების სურვილი გამოთქვეს ჩემთან და ჩვენს დროშასთან ერთად. ზოგადად ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც სხვადასხვა შეხვედრაზე დელეგაცია მიდის, დროშითა და დროშის ისტორიით იცნობა ქვეყანა.
–როგორია თქვენი გრძელვადიანი გეგმები კამპანიაში „აღმართე საქართველოს დროშა“?
-ეს არის უკვდავი პროცესი, გვაქვს ჩვენი ფეისბუქ ჯგუფი, რომელშიც ბევრი გულანთებული ქართველია. მუდმივად მოვუწოდებთ ხალხს დროშები აღმართონ, გადმოფინონ აივნებზე, რასაც ტრადიციული სახე აქვს.

–როგორ წარმოგიდგენიათ, დროთა განმავლობაში ამ ინიციატივით მიღებული იმპულსისა და ჩართულობის შენარჩუნება?
-აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ბაღიდან დაწყებული , უნივერსიტეტით გაგრძელებული, უნდა ისწავლებოდეს ჩვენი დროშის ისტორია, სიმბოლიკები, ყველა სახელმძღვანელოში უნდა იყოს მითითებული, რაც იმ შედეგამდე მიგვიყვანს, რომ ჩვენი ქვეყნის დროშის სიყვარული, უფრო მეტად გაიდგამს ფესვებს ქართველთა გულებში.
–პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს კამპანია და როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება მას ქართულ საზოგადოებაზე?
-პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი არის აღმაფრთოვანებელი. უბედნიერესი ვარ, რომ წილად მხვდა ვიყო ამ საქმეში ჩართული. დროშა არის ის, რის გარშემოც უნდა ტრიალებდეს მთელი ქვეყანა, უვლიდეს და უფრთხილდებოდეს.
და ბოლოს, საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ქართველ ხალხს სიყვარულს, ერთიანობასა და მაცხოვრის გზაზე სიარულს. ჩვენს ქვეყანას ამ ღირებულებებზე , პატრიოტად აღზრდილი მომავალი თაობა გადაარჩენს, რომელიც არ დაივიწყებს ენას, მამულს, სარწმუნოებას.
წარმატებას გისურვებთ!
მარიამ ონიანი
