ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

დიალოგის ედითორი – მარიამ დიზერ-ჭითანავა

პროფესია დიალოგის ედითორი, სინემა ინდუსტრიაში წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ჯაჭვს, რომლის მეშვეობითაც რეჟისორისა და სცენარისტის ჩანაფიქრი სრულყოფილი ხდება. სწორედ ამ გუნდის ძლიერ დამაკავშირებელ რგოლს, 24 წლის ბოლნისელი მარიამ დიზერ-ჭითანავა წარმოადგენს. მისი მეშვეობით, არა ერთი ფილმისა თუ სერიალის დიალოგი გაფილტრულა, დამუშავებულა და მაყურებლამდე სრულფასოვნად მისულა. ხმის დამუშავება, გასუფთავება, ერთი და იგივე ფრაზის ათჯერ, ათასჯერ მოსმენა-გამეორება, კამერის ხმაურის და რეჟისორის მითითებისგან გაწმენდა, საათობით კომპიუტერთან ჯდომა და გადასაღებ მოედანზე ყოფნა, ეს ყოველდღიურობა, ხშირად რუტინულ და მონოტონურ სამუშაოდ იქცევა ხოლმე, თუმცა, მარიამის შემთხვევაში  პირიქითაა, მას ეს ყველაფერი,  პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდ სიყვარულსა და სიამოვნებას ანიჭებს. შრომატევადი და საკმაოდ რთული პროფესია გულისხმობს დიდ პასუხისმგებლობას, ყურადღებას და საქმის მაქსიმალურად კონცენტრირებას, რომლის ზედმიწევნით შესრულებით ჩაწერილი ხმა, ფილმსა თუ სერიალს, სასიამოვნო მოსასმენსა და საინტერესოს ხდის.

– ჩემი პროფესია ბევრისთვის რთულად გასაგებია, რადგან ბევრმა არ იცის, რომ ფილმის გადაღების შემდეგ, მისი ხმა მუშავდება და ხმის გუნდის დიდი შრომის შემდეგ, მიდის მაყურებლამდე. მოკლედ რომ ავხსნა,  ჩემი საქმიანობა მოიცავს გადასაღებ მოედანზე ჩაწერილი ხმის დამუშავებას, ისე რომ, ყველა სიტყვა გარკვევით და გასაგებად ისმოდეს, რომ მაყურებლის ყურადღების გაფანტვა არ გამოიწვიოს. ხმის გუნდი საკმაოდ ბევრ მიმართულებას მოიცავს, მაგრამ ჩემთვის დიალოგის ედითინგი აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო. რადგან ეს საქმე მოითხოვს ძალიან დიდ ყურადღებას, პრობლემების გადაჭრის უნარს და კრეატივს. სწორედ ეს მომწონს ამ საქმეში, თითქმის 4 წელია, რაც ამ მიმართულებით ვმუშაობ, მაგრამ, კონკრეტულად, 3 წელია დიალოგის ედითორი ვარ.

მარიამს დაახლოებით 20-მდე ფილმსა და 10-მდე სერიალზე აქვს ნამუშევარი, მისთვის მნიშვნელოვანია დიალოგი, საიდანაც მაყურებელი იგებს გარკვეულად და სასიამოვნოდ მოსასმენ ისტორიებს.

-კონკრეტულად, დიალოგის დამუშავებას დაახლოებით ორ კვირამდე სჭირდება იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ერთი ედითორი მუშაობს, თუმცა მაინც დამოკიდებულია ჩაწერილი ხმის ხარისხზე. ცუდად ჩაწერილი ხმა, ბევრად უფრო შრომატევადია. მთლიანობაში, ხმის გაკეთების პროცესი კი,  სასურველი პროექტის მისაღებად, შეიძლება თვეობით გაგრძელდეს.

მარიამის ცხოვრებაში კარგ ფილმსა და მუსიკას დიდი როლი უკავია, სწორედ ეს გახდა მიზეზი აღნიშნული პროფესიის შესწავლის.

-პირველ რიგში, ამ ინდუსტრიაში მოხვედრის მიზეზი ფილმებისა და მუსიკის სიყვარული იყო. მაშინ არ ვიცოდი, პროფესია დიალოგ-ედითორის შესახებ და კომპოზიტორის ასისტენტის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ახლანდელი პროფესია, უფრო საინტერესო იყო ჩემთვის. ყველა შემთხვევაში, ფილმს, ხმას და მუსიკას ძალიან დიდი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში.

დიალოგის ედითორი, ფილმსა თუ სერიალში, დიდი პროცესების ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლია, რგოლი რომ არ გაწყდეს და პროდუქტი მზად განთავსდეს სატელევიზიო სივრცეში, მარიამი ამისთვის რთულ, შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმეს ასრულებს.

-ფილმის მასალის მოსვლის შემდეგ, რამდენიმე დეპარტამენტი პარალელურად იწყებს მუშაობას. მე ვიწყებ დიალოგის დამუშავებას, პარალელურად მუშაობს საუნდ დიზაინერების გუნდი. ნაწილი ფოლის იწერს, რომელიც ნიშნავს ძირითადად მოძრაობების გადახმოვანებას. ფოლი ოთახში გვაქვს ყველა შესაძლო ნივთი (რეკვიზიტი), რომელიც ფილმში შეიძლება იყოს გამოყენებული და ფოლი არტისტი, მათი გამოყენებით, კადრის შესაბამისად, მაქსიმალურად ბუნებრივ ხმებს იწერს. ისეთი ხმები, რომლის ფოლი სტუდიაში ჩაწერაც შეუძლებელია, (მაგ. ჭექა-ქუხილი, მანქანის ძრავის ხმა, სირენა და ა.შ) ცალკე ხმის ბიბლიოთეკიდან იკრიბება საუნდ დიზაინერის მიერ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი, ერთად იკვრება და ბალანსდება.

კომპანიაში „პოსტრედი“, სადაც ბოლნისელი ახალგაზრდა მუშაობს, არა მხოლოდ ქართული ინდუსტრირების ფარგლებში ემსახურებიან დამკვეთებს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ძალიან წარმატებულ და ყველასთვის ნაცნობ სერიალებსა თუ ფილმებზე მუშაობენ, სადაც საქმისადმი სიყვარული და დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. რთული და საპასუხისმგებლო პროფესიის  მიუხედავად, მარიამი თვლის, რომ მიზანს გარკვეულწილად მიაღწია, თუმცა სურვილი აქვს,  საერთაშორისო ინდუსტრიაში მოიპოვოს ერთ-ერთი საუკეთესოს სახელი.

-ვცდილობ,  უფრო და უფრო მეტი ვისწავლო,  ფართო გავხადო ჩემი შესაძლებლობების არეალი ამ სფეროში. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი რომ გახდე, საჭიროა დიდი გამოცდილება, ამიტომ, იმის დახვეწით ვარ დაკავებული, რაც ვიცი,  დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

მარინა გავაშელი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები