,,პირველად ცხოვრებაში, შეგრძნება მაქვს, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო“-ასე ფიქრობს დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის ახალგაზრდა პედაგოგი ნინო მელიქიშვილი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც მასწავლებლად მუშაობს და ყველას შეაყვარა თავი, როგორც ძალიან განათლებულმა და საინტერესო მასწავლებელმა.
მან ოქროს მედალზე დაამთავრა დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარმატებით დასრულების შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრა და საქართველოში მაგისტრის ხარისხით დაბრუნდა. პროფესიით ჟურნალისტს არ გასჭირვებია ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება და აისრულა ოცნება, საკუთარ სკოლას დაბრუნებოდა.
ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს, ნინო არაერთ კონკურსში იყო გამარჯვებული. თავისუფლად თარგმნიდა მხატვრულ ტექსტებს ქართულიდან ინგლისურ და რუსულ ენაზე და პირიქით, ის ყველა საგანს ერთნაირი ინტერესით ეუფლებოდა. ნინოს წარმატების წინაპირობას, ინგლისურის, ფრანგულის, რუსულის მაღალ დონეზე ცოდნა განაპირობებს. ახალგაზრდა პედაგოგი ახლა უკვე ცოდნასა და გამოცდილებას მოსწავლეებს უზიარებს,ენერგიული და აქტიური ნინო მასწავლებელი აქტიურადაა ჩართული პროექტებში, რომლითაც მოსწავლეები ეცნობიან და თავადაც აცნობენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას,ისტორიასა და ტრადიციებს.
,,მაქვს კონტაქტები სხვა ქვეყნების ინგლისურის მასწავლებლებთან და მათთან ერთად ვატარებთ გაკვეთილებს სხვადასხვა თემატიკაზე: ეროვნული სამზარეულო, ჩვენი ქვეყნების ისტორია, ლეგენდები, ეროვნული ტანისამოსი, ანდაზები, გამონათქვამები და ა.შ. საგაკვეთილო პროცესში ჩართული არიან მეშვიდე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები. ბავშვებს ძალიან მოსწონთ უცხოელ თანატოლებთან ერთად მუშაობა, რაც მეც მმატებს მოტივაციას და ძალიან მახარებს. ბავშვები გამუდმებით მთხოვენ დაგეგმვას, თვითონაც აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში.
ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ინგლისურის მასწავლებლები, ჩვენი მოსწავლეებისთვის ე.წ. “კალმის მეგობრებს” ვეძებთ. პროექტის მიხედვით, ბავშვები ერთმანეთს მეილებს მისწერენ და დამეგობრდებიან. მათი საუბრები სრულიად პირადულია და მასწავლებლები, კონტაქტების მოძიების იქით, აღარ ვერთვებით. გვაქვს შემოთავაზებები ინდონეზიიდან, ვიეტნამიდან, ჩილედან. ბავშვებს სტიმულს სძენს ის ფაქტი, რომ ინგლისური ენის პრაქტიკულ გამოყენებას ახერხებენ. ამასთან, სხვა ქვეყნების თანატოლებთან ამყარებენ კავშირებს.
„დრამა კლუბის“ ფარგლებში კი, 25 მაღალკლასელთან ერთად, ვიკრიბებით და განვიხილავთ შექსპირის პიესების თანამედროვე ვერსიებს. ყველას გვაქვს ჩვენი როლი, ვკითხულობთ ჩვენს ტექსტს ინგლისურად და ძალიან ვერთობით. მრავალჯერ ერთი და იმავე ტექსტის წაკითხვის შედეგად ბავშვები ინგლისურად მეტყველებას სწავლობენ,ერთობიან და ამასთან მასწავლებელთან ერთად განიხილავენ სხვადასხვა საჭირბოროტო თემას: ფემინიზმი, ქალთა ყოფა წარსულში, სიყვარული და აკრძალვები, ოჯახური კონფლიქტები, ძალადობა და სხვა. მსგავსი აქტივობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სკოლაში ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ინგლისურის სწავლა არამხოლოდ საჭირო, არამედ სახალისოცაა.ბავშვებს უყვართ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება, მითუმეტეს, არაფორმალურ გარემოში და პირადად მე, არაფორმალური განათლების დიდი თაყვანისმცემელი ვარ.“-აღნიშნა ნინო მელიქიშვილმა.
ავტორი: მაგდა დევნოზაშვილი