„გაზეთი ბოლნისი“ წარმოგიდგენთ ქალბატონს, რომელმაც დიდი ტკივილითა და სევდით გამოწვეული გრძნობები ფურცელზე გადმოიტანა და შვება პოეზიაში იპოვა. გუთი ბოლნელმა 2019 წლიდან დაიწყო წერა მოძალებული სევდის ფონზე. არა ერთი ლექსისა და ნოველის ავტორის შემოქმედებაში ძირითადად საკუთარი ემოციები, გრძნობები და შინაგანი სამყაროა გადმოცემული, თუმცა მკითხველის მისადმი დამოკიდებულებამ, სიყვარულმა და თანადგომამ მისცა ძალა, პოეზიაც გაეფერადებინა და სიცოცხლე შეეტანა თითოეულ სტროფსა და ტაეპში.
გუთი ბოლნელი „პერსონა 2022“ ტიტულზეა წარდგენილი ხელოვნებისა და შემოქმედებითი განვითარებისთვის, მას ასევე აქვს მიღებული პრემია „ივერიის“ კონკურსის ნომინაციით საუკეთესო სონატაში. მისი ლექსები შეტანილია და გამოქვეყნებული მწერალთა კავშირის გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“.
სამი წიგნის მასალა აქვს შეგროვებული, თითოეულ ლექსს თუ ნოველას, როგორც თავად ამბობს „სევდისა და სინაზის სურნელი აქვს“. წერს მოზღვავებული ემოციების ფონზე. სათქმელი და გრძნობები ერთი ამოსუნთქვით გადმოაქვს ქაღალდზე. თითოეულ ნაწერს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, რადგან იცის, რომ მის შემოქმედებას ფართო პუბლიკა ეცნობა.
,,უზარმაზარ სიყვარულს იტევს ჩემი გული… დიახ, ჩემი პოეზია სევდიანია. თუმცა ვწერ ზოგად თემებზეც, რეალობაზე დაფუძნებულს, ჩემს პოეზიაში ჩემი შინაგანი სამყაროა სიყვარულით სავსე, რომელიც ანკარა წყაროსავით ჩუხჩუხებს,“ამბობს გუთი ბოლნელი.
გუთი ბოლნელის სახელი და გვარი გულთამზე ბესალაშვილია, ეს ფსევდონიმი ბოლნისის სიყვარულმა დაარქმევინა. სწორედ ამ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით უძღვნის ბოლნისსაც ლექსებს, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ბოლნისო
ბოლნისო, ჩემო სანუკვარო ტრფობის მშვენებავ,
ფრთიან ოცნების ფრთაგაშლილო, ფიქრის დინებავ,
მიმოქარგულო სანახებო წარმტაც ბუნებავ,
დედულ-მამულო სავანეო, ფესვთა ფერებავ.
შეუდარებელ სიყვარულის,- მზეო სხივებავ,
სათაყვანებელს, უბერებელს, გიწყებ მხილებას,
სიტურფე შენი თვით უფალმა ზეცით ინება,
ჭირგამოვლილო… სიხარული სახეს გიხდება…
წარსულის კვალთა ნატერფალი… მკერდში
იზრდება,
ბოლი და ნისლი გაუფანტავთ, ბოლნელთ
გმირობას,
უშრეტ წყაროთა მადლით უხვით მიწა
ირწყვება,
ძველით-ახალთან საუცხოო დიდო ქმნილებავ!..
მამულიშვითა-მამულისთვის თავის დადება,
სულზე გაჩნია საგანძურად არ დავიწყება!
ჩაუმქრალ ვარსკვლავთ ქედს მოვუხრით გულის
მშვიდებად,
საბა-სულხანის, ნათლის სხივი ნათლით
ბრწყინდება!..
სულმნათი ბერის განვლილ გზაზე, ლოცვა
გინდება,
ძველი სიონის, ელიას მთის აღორძინებამ,-
გაგაასმაგათ!.. სიცოცხლის დღე
გაგიცისკროვნათ!..
ბოლნური ჯვარით განამტკიცოთ, ქართველთ
დიდება.
უფალი გფარავთ, დიდი არის მისი განგება,
კრიალა ცაზე იციმციმონ ცისფრად ღრუბლებმა,
იფრინონ მშვიდად მტრედებმა და ლაღმა
გვრიტებმა,
შეგმატებოდეთ ბოლნელებო, გენით ლხინობა.
ქორწილ-ჯვრისწერით გამრავლება გამცნონ
წყვილებმა,
კერიას თქვენსას, იღუღუნონ გუნდად ჩვილებმა,
ჩამოჰკართ ხელი ჰე… ბოლნელნო ჩონგურს
სიმებსა,
ომახიანი გუგუნებდეს თქვენი სიმღერა.
გაფანტეთ ყველა სევდა დარჩი უფლის იმედად,
იმრავლეთ მარად, იდღეგრძელეთ, ჭერით-
ფუძედან.
გამილამაზდით, შინ და გარეთ გექმნათ
მშვიდობა!..
ჩემო ბოლნელნო, ბოლნელობა გშვენით
გიხდებათ.
-თქვენი ცხოვრება რომ სევდიანია ეს თქვენი წერის სტილშიც იგრძნობა, წერა გაძლევთ საშუალებას, რომ იპოვოთ შვება?
-წერის დროს ბოლომდე ვიხარჯები, შვებას მხოლოდ პოეზიაში ვგრძნობ, სამწუხაროდ თვესა და ხუთ დღეში უკუღმა დატრიალდა ჩემი ცხოვრება, მძიმე ტკივილი და სევდა მერგო… სასწაულად გადამირჩა შვილი, უფალმა ამისთვის არ გამწირა, თუმცა დავკარგე მეუღლე და მამა. სწორედ წერა მაძლიერებს და მცლის უარყოფითი ენერგიისგან.
-როდის დაიწყეთ წერა?
-წერის დაწყება უფლისგან ბოძებული წყალობაა ჩემს შემთხვევაში. შიში იმისა, რომ შევიშლებოდი, არ მაძლევდა საშუალებას, მოდუნების და არ მოქმედების. 2019 წელს დავიწყე წერა და დღემდე არ გავჩერებულვარ. მაქვს უკვე 3 წიგნის მასალა.
-ცხოვრება რომ თავიდან დაიწყოთ ისევ პოეზიას აირჩევდით?
-დიახ, ისევ პოეზია, მხოლოდ სევდასა და ტკივილს გავაქრობდი კადრებიდან, რომელიც სულს და გულს მიკლავს.
-რა არის ის, რაც ძალიან გტკივათ?
-მტკივა ადამიანების სიცივე, უგულო დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.
-ის, რაც ძალიან გსურთ.
-(ცრემლიც კი მომადგა) მსურს მენახოს საქართველო ერთიანი, მთლიანი, მოსიყვარულე ხალხით, მშვიდი და ნათელი ფერებით.
-სამომავლო გეგმები?
-ვგეგმავ წიგნის გამოცემას, მიწვეული ვარ მოკლემეტრაჟიან ფილმში, სადაც პოეტის ცხოვრება უნდა განვასახიერო, რომლის ავტორიც თავად ვარ. დანარჩენ გეგმებს კი ჩემთვის შემოვინახავ.
ავტორი: მარინა გავაშელი