შაბათი, აპრილი 26, 2025
spot_img
Homeრუბრიკები,,განწირული რეისის“ გადარჩენილი გმირი

,,განწირული რეისის“ გადარჩენილი გმირი

,,ოცნება აუცილებელია, იმედისა და ენერგიის წყაროა. ჩემი ოცნება მომავლის კეთილდღეობაა. მსურს, ჩემმა შვილებმა გამთლიანებულ, წარმატებულ ქვეყანაში იცხოვრონ. უყვარდეთ სამშობლო და დაიცვან მისი ღირსება, რადგან სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია, უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკი და საცოდავია“ – ამ სიტყვების ავტორი დავით გრძელიშვილი გახლავთ.   მას სამშობლოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, აფხაზეთის ომში გმირობისა და თავდადებისთვის, ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

  • მრავალნაირი ჯილდო არსებობს, თუმცა საპატიო მოქალაქის წოდება სხვაგვარად ამაღელვებელია,  როგორია ამ ტიტულის ტარება ?
  • გეთანხმებით, ამაღელვებელი, კიდევ მეტად საპასუხისმგებლო და ამავე დროს სასიამოვნოა. ტიტულის მიღმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ დგას – მადლობა მთელი ქალაქისგან, ქვეყნის და რაც მთავარია, ხალხისგან.
  • ცხოვრებაში მრავალ ეტაპს გავდივართ და ვფიქრობთ ხოლმე, რა იქნება მომავალში, როგორები ვიქნებით, რას მივაღწევთ და ა.შ. ოდესმე თუ წარმოგედგინათ თავი საპატიო მოქალაქის რანგში და რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს სტატუსი ?
  • მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის მომანიჭეს საპატიო ვეტერანის წოდება, ასევე, დაჯილდოებული ვარ მედლით, მაგრამ ბოლნისის საპატიო მოქალაქეობა, ჩემთვის მართლაც მოულოდნელი იყო, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელობას.
  • ბავშვობა ყველასათვის ტკბილ, თბილ და სანუკვარ მოგონებებთანაა დაკავშირებული, საინტერესოა, როგორ გაიხსენებთ ბავშვობის წლებს? როგორი ბავშვი იყო, დღესდღეობით უკვე საპატიო მოქალაქე, დავით გრძელიშვილი ?
  • ბავშვობის მოგონებები ყველაზე ძვირფასია ჩემთვის, იმდენად ბევრია, ხანდახან ვიძირები და ვიკარგები დროში. ვიყავი შრომისმოყვარე, ჭკვიანი. გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც სიკეთეს, უფროსისადმი პატივისცემასა და სამშობლოს სიყვარულს მასწავლიდნენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი კი, რა თქმა უნდა, განათლებას ეკავა.

დავითმა   საუბარში ის დღეები გააცოცხლა, როცა მისი სახით, ისტორიის ფურცლებზე, კიდევ ერთი გმირის სახელი ამოიქარგა, რომელიც საუკუნოდ შეინახება და მომავალ თაობას გაუღვიძებს გმირობისა და პატრიოტიზმის სურვილს.

,,1993 წლის 22 სექტემბერს მივფრინავდი სოხუმში საბრძოლო ქმედებებისთვის. თვითმფრინავი ცეცხლის ალში გაეხვა, დაიღუპა 92 სამხედრო, რამდენიმე კი სასწაულებრივად გადავურჩით სიკვდილს. ორ ქალბატონს გავუწიე დახმარება, მეტი ვერ შევძელი. ამ რეისს ,,განწირული რეისი“ ეწოდა“.- იხსენებს დავით გრძელიშვილი.

  • რა გზა გაიარა ,,განწირული რეისის“ მთავარმა გმირმა, საპატიო მოქალაქის წოდებამდე ?
  • უმაღლესის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმის ჯგუფის უფროსად. 1993 წელს, სწორედ ,,განწირული რეისის“ ბორტზე აღმოვჩნდი, ომის დასრულების შემდეგ დავბრუნდი სოფელში და ცხოვრებას ავუწყვე ფეხი, დავრეგისტრირდი ინდ. მეწარმედ, მქონდა ყველის გადამამუშავებელი მინი საწარმო. 1997 წლიდან მუშაობა დავიწყე ,,არემჯი-გოლდის“ უსაფრთხოების სამსახურში, ვარ ოფიცერი. მყავს მეუღლე და ორი შვილი.
  • რთულია გზა ჩვეულებრივი, მშვიდი ცხოვრებიდან, ფრონტის ხაზამდე, თუმცა ორმაგად რთულია ფრონტის ხაზიდან დაბრუნება და კვლავ ჩვეულებრივი ცხოვრების ფერხულში ჩაბმა. როგორ გაიარეთ ეს პერიოდი ?
  • ცხოვრება ძალიან უცნაურია, ზოგჯერ ძალიან ტკბილი, ზოგჯერ ვერაგი. როგორც დავით გურამიშვილი იტყოდა –

,,ორგემაგე არს საწუთრო: ხან ნოტიობს, ხან კი გვალავს“

ჩვენი მთავარი მისიაა, ვიცხოვროთ ისე, რომ მარადისობა დავიმკვიდროთ. ცხოვრება უნდა ვისწავლოთ იმ ტკივილთან და სიხარულთან ერთად, რაც მან გვარგუნა.

  • ყველა ადამიანს სჭირდება დაფასება და აღიარება, ადამიანები სოციალური არსებები ვართ, შესაბამისად სასიამოვნოა, როდესაც საზოგადოება გვაღიარებს. როგორ შეაფასებთ ამ წამოწყებას, რამდენად მოგწონთ საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ტრადიცია?
  • რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როცა საზოგადოება ხედავს და აფასებს შენს ქმედებას, რაც შინაგან და გარეგან მოტივაციაზეც აისახება.
  • თქვენ რომ წარადგენდეთ საპატიო მოქალაქეების სიას, შეიყვანდით საკუთარ თავს ამ სიაში?
  • ვფიქრობ, საკუთარი თავის ქება ცოტა უხერხულია. დიდი ვაჟა ხომ გვეუბნება, კაი ყმის დახასიათებისას – ,, სხვისი იუბნოს სახელი, თავის გარჯასა ჰფარავდეს-ო“. სამაგალითო ქმედებები სხვამ უნდა დაინახოს და აღიაროს.
  • ღირსეული და საპატიო ჩვენს ენაში ერთგვარი სინონიმებია, როგორია თქვენი თვალით დანახული ღირსეული ადამიანი?

 –ღირსეული ადამიანი ძლიერია. აქვს უნარი დაეხმაროს ადამიანებს, პატივს სცემს ყველას, არასოდეს გაივლებს გულში ბოროტებას, კარგად უჭრის გონება და ესმის სიკეთის ძალა.

  • რა არის დავით გრძელიშვილის ცხოვრების კრედო, რა გასწავლათ ყველაზე დიდმა მასწავლებელმა – ცხოვრებამ ისეთი, რასაც სიამოვნებით გაუზიარებთ და ურჩევთ მომავალ თაობას?
  • დროს არ უყვარს ფუჭად დაკარგვა. უნდა იღვაწო, დრო უქმად და უმიზნოდ არ უნდა დაკარგო. ილიას სიტყვებს მოვიშველიებ – ,,მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.

 მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები