შაბათი, სექტემბერი 14, 2024
spot_img

„ბოლნისური დილა“-რუბრიკის სტუმარია მანანა მეტრეველი

,,გაზეთი ბოლნისი’’ იწყებს ახალ რუბრიკას.რუბრიკაში გაეცნობით ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ არ ვიცით  მათი უნარების, ინტერესის სფეროს თუ უბრალოდ, ცხოვრების რიტმის შესახებ.  როგორი გავლენა მოახდინა მათზე პანდემიამ და რომ შეეძლოთ, რა დეტალით გაალამაზებდნენ ჩვენს ქალაქს.

რუბრიკის პირველი სტუმარი 62  წლის მანანა მეტრეველია, ქალბატონმა მანანამ თავის ყვავილების ბაღში მიმასპინძლა, ფინჯან ყავასთან ერთად, ბოლნისურ ამბებზე და არა მარტო მასზე, ვისაუბრეთ.

 -და ჩვენი  პირველი კითხვა, როგორია თქვენი ბოლნისური დილა.

-დილით ადრე მიყვარს ადგომა. პირველი, რასაც ვაკეთებ, ყავას ვადუღებ, ჩამოვიდვარ  ყვავილების ბაღში და რამდენიმე საათს  ვატარებ სიმშვიდეში, სადაც ჩემს ყვავილებთან და ფიქრებთან ერთად ვარ.

– მომიყევით თქვენზე, შვილებზე,ოჯახზე.

-ვარ 62 წლის. მყავს 3 შვილი და 5  უსაყვარლესი შვილიშვილი. Ძალიან მიყვარს ბუნება, ხელოვნება,მუსიკა და პოეზია.   თავისუფალ დროს ვატარებ ყვავილებთან ურთიერთობაში, მათ მოვლაში და ჩემი პატარა ბაღის დეკორაციასა და გალამაზებაში. ეს ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაბედნიერებს და ძალიან მახარებს. თითოეულ მათგანს ბავშვივით მოვლა სჭირდება, არ უნდა მოაკლო წყალი, ვიტამინები, კარგი მიწა, გასხვლა და ყველაფერი, რაც საჭიროა.

-როდის გადაწყვიტეთ, რომ შეგექმნათ ასეთი მშვენიერი ბაღი?

ყვავილები  ბავშვობიდანვე  მიყვარდა და დროთა განმავლობაში  ეს ყველაფერი ჩემ ჰობად იქცა. უპირატესობას ბაღის მცენარეებს ვანიჭებ, თუმცა, ქოთნის ყვავილებიც ძალიან მიყვარს.

-საინტერესოა   სახლის რამდენი მცენარე გაქვთ?

– დაახლოებით 80 სახეობის სახლის მცენარე მაქვს და  ახლო მომავალში  მათი რიცხვი გაიზრდება.

– თუ ჩამოგიტანიათ შორიდან ყვავილი?

Პირადად მე არ ჩამომიტანია, თუმცა ჩემი შვილები ყოველთვის ცდილობენ, რომ განსხვავებული და ლამაზი ჯიშის მცენარეების ბოლქვები, თესლები, ძირები მომიტანონ და გამახარონ. ინტერენტის მეშვეობით უამრავი ყვავილი გამომიწერია , სოციალური მედია მართლაც კარგად მეხმარება  და მარტივი გახდა მცენარეების შეძენა სახლიდან გაუსვლელად.

– რა გავლენა იქონია პანდემიამ ადამიანებზე და კონკრეტულად თქვენზე?

 -Როგორც ყველაზე,   პანდემიამ ჩემზეც საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედა. ჩემი საახლობლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განიცდიდა მძიმე სტრესს, სოციალიზაციის,  ურთიერთობების  ნაკლებობას. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი ფიქრობდა და უფრთხილდებოდა საკუთარ ჯანმრთელობას, ესეც ცუდად მოქმედებდა ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და სტრესის სიმძიმეს უფრო მეტად ამწვავებდა. ვიმედოვნებ, რომ პანდემია ახლო მომავალში ნელ-ნელა გაქრება და ისევ დავუბრუნდებით ძველი, მრავალფეროვანი ცხოვრების სტილს.

– გაიხსენეთ ძველი ბოლნისური დილა?

-Ძველი ცხოვრება იყო შედარებით ლაღი, კარგი, თბილი  ურთიერთობებით სავსე. თითქმის ყველა   ერთმანეთის მიმართ პატივისცემითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. პრიორიტეტს წარმოადგენდა  გაჭირვებული ადამიანების  დახმარება. ახლა უფრო მეტად განვითარდა ადამიანი, მაგრამ ჩაიკეტა და ეს ყველაფერი მიიმალა, თითქოს არც იყო ასე, რაზეც ხშირად ვფიქრობ და გული მტკივა.

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

– იყვნენ უფრო მეტად კომუნიკაბელურები, ლაღები, თავისუფლები, დამოუკიდებლები. მიიღონ და შეიყვარონ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან და, რაც მთავარია, აირჩიონ მათთვის საყვარელი, ფავორიტი საქმიანობა. იზრუნონ საკუთარ მომავალზე და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში  შეიტანონ წვილილი.

– თქვენი გადმოსახედიდან, პირველ რიგში რა აკლია  ბოლნისურ ცხოვრებას? Რას იტყოდით როგორც, რიგითი ბოლნისელი?

-ვფიქრობ,  ბოლნისს  მოდური კაფე- ბარი  სჭირდება ახალგაზრდებისთვის ( ცოცხალი მუსიკით). ასევე,  სამუშაო ადგილების გაზრდა, ხალხის დასაქმება და რაც ყველაზე  მთავარია,  ჩვენი  ლამაზი კინო-თეატრის რეაბილიტაცია . დღევანდელ ბოლნისურ ცხოვრებას ეს ყველაფერი აკლია.

დარეჯან ოქრუაშვილი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები