შაბათი, ოქტომბერი 12, 2024
spot_img

ბოლნისელი ნინო ბოჭოიძის წარმატების ფორმულა თავდაუზოგავ შრომაშია

რუბრიკა „წარმატებული“ გაგაცნობთ 21 წლის ნინი ბოჭოიძეს, რომლისთვისაც წარმატების ფორმულა თავდაუზოგავ შრომაშია. უყვარს საკუთარ თავზე მუშაობა, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და დაწყებული საქმის სრულფასოვნად დასრულება. როგორც თავად აღნიშნავს, არასოდეს ყრის ფარ-ხმალს და მისთვის სიტყვა „შეუძლებელია“ არ არსებობს. სწორედ ეს ქმედება ეხმარება ცხოვრების პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაში და  დასახული მიზნის შესრულებაში. ნინი ბოჭოიძე, როგორც ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, უკვე მე-4 წელია, მანდატის ფარგლებში, ახორციელებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებს ევროპული ღირებულებების გავრცელების მიზნით. (ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა წარმოადგენს არაპოლიტიკურ, ნებაყოფლობით, ქმედით საკომუნიკაციო ქსელს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს კავშირების და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის წარმომადგენელ ახალგაზრდებსა და მათ თანატოლებს შორის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და გაერთიანებულ სამეფოში, რომლის მიზანიცაა მოსახლეობის  ინფორმირება ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ, მის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა სხვადასხვა საკითხზე, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების მხარდაჭერა და ერთობლივი საქმიანობა უკეთესი მომავლისთვის).

-ნინი, როგორც ახალგაზრდა ევროპელ ელჩს, გქონდა შესაძლებლობა საქართველოს ახალგაზრდების ხმა, ევროპარლამენტში, დემოკრატიის კვირეულზე გაგეჟღერებია

       -სტრასბურგში სასწავლო ვიზიტით ვიმყოფებოდი ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კამპანიაზე “Democracy here, democracy now” “დემოკრატია აქ, დემოკრატია ახლა”. მასში ჩართვის შესაძლებლობა მქონდა, როგორც ახალგაზრდა ევროპელ ელჩს საქართველოდან და წარმოვადგენდი საქართველოს ახალგაზრდების ხმას ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტში. “Democracy here, democracy now” არის ევროპის საბჭოს ახალგაზრდული კამპანია დემოკრატიის აღორძინების,  ახალგაზრდებსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ურთიერთნდობის გასაძლიერებლად. კამპანია ფოკუსირებული იყო ადამიანის უფლებების ხელმისაწვდომობაზე, ახალგაზრდების მნიშვნელოვან მონაწილეობაზე და დიგიტალიზაციის გავლენაზე, როგორც დემოკრატიზაციის ფაქტორებზე. ვიზიტის ფარგლებში შევხვდი ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის ახალგაზრდა წარმომადგენლებს, ასევე მაღალი დონის დიპლომატებს, ევროპარლამენტარებს და ვსაუბრობდით ჩვენი სახელმწიფოების გამოწვევებზე, მდგომარეობაზე,  სამომავლო განვითარებისთვის დავსახეთ გეგმა, ასევე შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც ძალიან მალე გამოიცემა ევროპარლამენტის მიერ და აღნიშნული რეკომენდაციები სავალდებულოდ შესასრულებელი იქნება საქართველოსთვისაც, იმისთვის რომ უფრო მეტად დაუახლოვდეს სახელმწიფო ევროპულ მომავალს. აღნიშნულმა პროექტმა, გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა,  ასევე შესაძლებლობა მომცა გამეცნო ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში მნიშვნელოვანი პირები, მქონდა პირადი საუბრები ჩემი ქვეყნის შესახებ მაღალი დონის დიპლომატებთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ევროკავშირის ინსტიტუტებში მომუშავე ექსპერტებთან. ასევე გავიცანი ძალიან ბევრი ქვეყნიდან ჩემსავით წარმატებული და მონდომებული ახალგაზრდები, ერთმანეთთან გავცვალეთ საკუთარი ქვეყნის გამოწვევები და ერთად ვიმსჯელეთ გადაჭრის გზებზე. შეხვედრა ორიენტირებული იყო ევროკავშირის მიერ მომავალი წლების განმავლობაში ახალგაზრდების გაძლიერების ხელშეწყობაზე. საქართველოში დავბრუნდი ბევრი საინტერესო შესაძლებლობით, რომელსაც დროთა განმავლობაში შევთავაზებ ჩემს სკოლას და სრულიად საქართველოს.

-როგორია ახალგაზრდა ევროპელი ელჩის წარმატების ფორმულა?

-მიმაჩნია, რომ წარმატების ფორმულა თავდაუზოგავ შრომაშია. გულწრფელად გითხრათ,  მიყვარს როდესაც მაქვს ერთი დიდი მიზანი, და მასთან მაახლოვებს პატარ-პატარა ნაბიჯები, შესაბამისად, ვცდილობ ჩემი ცხოვრების პრიორიტეტები სწორად განვსაზღვრო და შემდეგ დავიწყო მათი შესრულებისთვის მუშაობა. ყველა ადამიანი განსხვავებულ გზას გადის იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს, ზოგი მარტივად აღწევს, ზოგიც საკმაოდ დიდ დროსა და რესურსს დებს, თუმცა, ჩემს შემთხვევაში, ყველაფერი  მონდომებაზეა დამოკიდებული, არასდროს მეზარება შრომა, მიყვარს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება და საქმის ბოლომდე მიყვანა, ზოგჯერ რთულად, მაგრამ  ყოველთვის ვაღწევ მიზანს.

-ნინი, ამბობენ მიზნის მისაღწევად იღბალიც აუცილებელია, შენს შემთხვევაში როგორაა?

-საერთოდ მგონია, რომ იღბალი შრომისმოყვარეობას მოაქვს. როდესაც არ ნებდები და აგრძელებ წინსვლას,  ცოტაოდენი გამართლება აუცილებლად გჭირდება. მწვერვალის დაპყრობა შეიძლება შრომითა და დიდი ძალისხმევით, მაგრამ საბოლოო შედეგის მიღწევა აუცილებლად აიხსნება იღბალის არსებობითაც, რადგან მჯერა, რომ სწორ დროს ადამიანების სწორ ადგილას ყოფნა, არის იღბალის დამსახურება და ხშირ შემთხვევაში, მწვერვალების დაპყრობის წინაპირობაც.

-მწვერვალისკენ მიმავალი გზა სავსეა სიძნელეებით, დაბრკოლებებით, ზოგჯერ მარცხითაც კი,  როგორ უმკლავდები, როგორ მიიწევ წინ?

-ჩემ შემთხვევაში სირთულეები დასახული მიზნების მიღწევადობით განისაზღვრება. ვფიქრობ, აქამდე რისთვისაც მიმიღწევია, ძალიან რთული გზა არ გამივლია, რადგან ყოველთის ვცდილობდი ჩემს შესაძლებლობებსა და ამბიციებს შორის ოქროს შუალედის დაჭერას. ინგლისურის მასწავლებელი დარეჯან ლეფსაია მეუბნებოდა, კარგად ამეწონ-დამეწონა შესაძლებლობები და ამბიციებიც შესაბამისობაში ყოფილიყო მასთან, მისი ეს შეგონება, დღემდე ძალიან მეხმარება, ამიტომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სირთულეები ნაკლებად მხვდება, როცა ზუსტად ვიცი რა მინდა, თუმცა მათთან გამკლავების საკუთარი მიდგომაც მაქვს. არასდროს ვუშვებ ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ, რადგან შეცდომებს სასიკეთოდ ვიყენებ და ვსწავლობ მათზე, ხოლო ყველა სირთულის გადასაჭრელად, ვხელმძღვანელობ უკვე დაგროვილი გამოცდილებით. ჩემ შემთხვევაშიც ყოფილა მომენტები, როცა გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა და სირთულეებიც მაბრკოლებდა, ამ დროს დახმარების თხოვნა არასდროს მერიდება,  შესაბამისად, სხვის კარგ გამოცდილებასაც ყურადღებით ვისმენ და ვიზიარებ.

 ვფიქრობ, სირთულეების და დაბრკოლებების გარეშე რაც მოდის, ის ადვილადაც მიდის უკან. მგონია, რომ ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში წარმატებები,  აღმასვლას ყოველთვის მოსდევს დაღმასვლა და ეს ერთგვარი მოსამზადებელი შეიძლება იყოს, კიდევ უფრო დიდი აღმასვლისა. ვგულისხმობ იმას, რომ დაბრკოლებები და სირთულეები გვეხმარება უფრო მეტად ვიბრძოლოთ და გამოგვივიდეს ის, რაც შეიძლება ერთი შეხედვით მიუღწეველი ჩანდეს.

-როგორი როლი უკავია ოჯახს ნინის ცხოვრებაში?

-ჩემთვის მიზნის მიღწევის ყველაზე დიდი მოტივაციაა  ჩემი ოჯახი, რომელიც მუდამ მხარს მიჭერს და მაძლიერებს. ბუნებითაც ვარ ძალიან მებრძოლი და არასდროს ვყრი ფარ-ხმალს წარუმატებლობის შემთხვევაში, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება იყოს. ოჯახზე მოკლედ გეტყვით: დედა, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართულია შვილების აღზრდა-განათლებაში,  ვფიქრობ დედას დამსახურებაა, რომ 3 შვილიდან სამივე ძალიან წარმატებულები ვართ, მამა არის ვიცე პოლკოვნიკი, საკმაოდ წარმატებული თავის კარიერაში და აგრეთვე აქტიურად ჩართული ჩვენს სწავლა-განათლებაში. მამაჩემი არის ჩემი role model შეიძლება ასეც ითქვას, რადგან მას აქვს დაბალანსებული კარიერისა და ოჯახის ფენომენი საუკეთესოდ. რაც შეეხება ჩემს და-ძმას, ისინიც  ბოლნისის №1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან, ისინიც ოქროს მედალოსნები. ჩემი და მარიამი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სპეციალისტია. სწავლა დაიწყო საქართველოში, დაასრულა უცხოეთში და ახლა მეორე მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად 2 წლით მიდის ევროპის 4 უნივერსიტეტში სასწავლებლად ევროკავშირის Erasmus Mundus პროგრამის სრული დაფინანსებით (დიპლომატიისა და უსაფრთხოების მიმართულებით). ძმა, გიორგი – სწავლობს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის ფაკულტეტზე. მესამე კურსელია და ამავდროულად არის კიბერუსაფრთხოების senior ექსპერტი. ისიც აპირებს სწავლის გაგრძელებას შემდეგ საფეხურზე საზღვარგარეთ.

– ამბობ, რომ ხარ ბუნებით ძლიერი, ბრძოლის უნარიანი, რა არის შენი სუსტი მხარე?

-რა თქმა უნდა, სუსტი მხარე ყველა ადამიანს აქვს – გამონაკლისი არც მე ვარ. თუმცა ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ ჩემი სისუსტეები ნაკლებად შესამჩნევი იყოს სხვებისთვის, რადგან  ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, სისუსტეებს არ ვაძლევ უფლებას ჩემი ცხოვრების სტილი შეცვალონ, ან გავლენა იქონიონ მასზე.   ვთვლი, რომ  ემოციური ადამიანი ვარ და როგორც გითხარით, ვცდილობ ამ სისუსტის უკანა პლანზე გადაწევას, რადგან არ შემიშალოს ხელი განვითარებაში.

         -ხშირად გაგითვალისწინებია სხვისი რჩევები?

          -სხვის რჩევებს ხშირად არ ვითვალისწინებ, მაგრამ მოსმენა შემიძლია. ჩემს ირგვლივ ძალიან ცოტა ადამიანია, ვის აზრსაც ავტორიტეტულად ვთვლი და შეიძლება გავითვალისწინო, თუმცა მაინც ყოველთვის გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად მიყვარს. რჩევა თუ მჭირდება, აუცილებლად თავად ვეკითხები მას, ვისგანაც მინდა რჩევა მივიღო, არ მიყვარს როდესაც სხვები თავისი ინიციატივით მაძლევენ რჩევებს, რადგან ვთვლი, რომ ყველა ადამიანმა, თავისი ცხოვრება დამოუკიდებლად უნდა წარმართოს და პასუხი აგოს მის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაზე. ეს კარგად მაქვს გააზრებული და ჩემი ოჯახის აღზრდის მიდგომაც ასეთია. ბავშვობიდან ჩემი მშობლები ცდილობდნენ დამოუკიდებლად მიმეღო ყველა გადაწყვეტილება, რაც უკავშირდებოდა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას და მათ შორის სწავლასაც. რა თქმა უნდა, რჩევას ყოველთვის მაძლევდნენ მშობლები, თუმცა ხშირად წავსულვარ მათი აზრის საწინააღმდეგოდ, და რა თქმა უნდა, შეცდომებიც დამიშვია, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დამეხმარა პიროვნულად გაზრდაში, რაც მიმაჩნია რომ ძალიან კარგია.

        -ადვილად იღებ გადაწყვეტილებებს?

        -სირთულიდან  გამომდინარე, ვიტყოდი  არ მიჭირს, რადგან  ყოველთვის ვიტოვებ ერთ ნაბიჯს უკან დასახევად და ჯერ არასდროს მინანია.

        ნინი სწავლის პარალელურად კიდევ რით ხარ დაკავებული?

        -ახლა აქტიურად ვარ კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებული და ამ მიმართულებით ვსწავლობ ჩემით, ვიკვლევ ქართულ კიბერუსაფრთხოებას და ქალების ჩართულობას STEM მეცნიერებებში. ვცდილობ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას და სწავლის პარალელურად აქტიურად ვცურავ, სპორტის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია, რადგან მენტალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. თავისუფალი დრო იმდენად ცოტა მაქვს, რომ გატაცებებზე გამოკვეთილად ვერ ვისაუბრებ,  თავისუფალ დროს, ძირითადად, ვუთმობ ცურვას, ძილს და მეგობრებს.

  -შენი სამომავლო გეგმები?

  -ამ ეტაპზე, ვინაიდან საქართველოში ვმუშაობ და სწავლა დავასრულე, მაგისტრატურის საფეხურზე, სწავლის დასაწყებად დაკავებული ვარ დაფინანსების წყაროების მოძიებით და უნივერსიტეტებში განცხადებების შეტანით. 1 წელი ვაპირებ დავისვენო სწავლისგან და 2023 წელს გავაგრძელო. ამჟამად ვემზადები საერთაშორისო გამოცდების ჩასაბარებლად და ჩემი CV ის კიდევ უფრო გამდიდრებას ვცდილობ, რათა კონკურენცია გავუწიო მსოფლიოს პრესტიჟული უნივერსიტეტების სტუდენტებს. სწავლის გაგრძელებას, როგორც გითხარით, ინგლისში ვგეგმავ და ამისთვის თავს არ ვზოგავ, საკმაოდ რთულია იქ დაფინანსების მოპოვება და  ვცდილობ სამუშაო გამოცდილების დაგროვებას, რადგან ევროპული განათლება განსხვავდება საქართველოსგან, იქ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე და გააკეთო რაღაც განსხვავებული, იმისთვის, რომ მოხვდე წარმატებულ სტუდენტთა რიგებში. შესაბამისად, ახლა ვმუშაობ, ვგეგმავ 1 წლის განმავლობაში სხვადასხვა პროექტებში ჩართვას, მათ შორის, უცხოეთში მოკლევადიან სამუშაო ვიზიტებს.

                 -რას ურჩევდი თანატოლებს პროფესიული ზრდისთვის და დასახული მიზნის მისაღწევად?

                 -ახალგაზრდებს ვურჩევდი, მეტად თავისუფლები იყვნენ, ისიამოვნონ ცხოვრებით და გააკეთონ ის, რაც მათ ბედნიერებას ანიჭებთ. ჩემთვის  მნიშვნელოვანია  ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ცხოვრებისგან მაქსიმალური სარგებელი. მინდა ნაკლებად მოექცნენ ახალგაზრდები ჩარჩოებში, მშობლების გავლენების ქვეშ. ასევე ვურჩევ ბევრი იკითხონ, ეცადონ აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაინტერესდნენ მათ ირგვლივ არსებული ყოველდღიურობით. მე ჩემი მხრივ  ვეცდები გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ მომავალი თაობები და ახალგაზრდები უფრო კარგ ქვეყანაში ვაცხოვრო, ნამდვილად ვიმსახურებთ ამას.

    დაწყებული საქმის სრულფასოვანი დასრულება, ძირეული განათლება და პრიორიტეტების სწორად დანაწილება ოჯახში ისწავლა, ღრმა ბავშვობიდან გრძნობდა დედის ხელს და ზრუნვას, წიგნიერებისადმი ოჯახის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, სწორედ ამან გამოიწვია 21 წლის გოგონას წარმატებული გზის დასაწყისი. ევროპარლამენტში წარმოადგენდე ქართველი ახალგაზრდების ხმას  , ადვილი არ გახლავთ, პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ბოლნისელი გოგონა,   მაღალი დონის დიპლომატებს შორის წარსდგე, ნამდვილად საამაყო და მისაბაძია. შესაძლებლობასა და ამბიციებს შორის ოქროს შუალედიც მშობლიურ სკოლაში ისწავლა, ყველგან და ყველაფრიდან დადებითი მარცვალი კრიფა და დღეს იცის, რა უნდა, იცის ვის ჰკითხოს, რატომ ჰკითხოს და ისიც იცის, ვისი აზრი გაითვალისწინოს, წარმატებები წარმატებულ ახალგაზრდას.

                                                                                                                        მარინა გავაშელი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები