მგზნებარე ახალგაზრდების ჯგუფმა დაისახა შესანიშნავი მიზანი -მივიწყებული საგანძურის, ძველი კინოთეატრისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა. მემკვიდრეობის შენარჩუნების სურვილითა და კულტურული აღორძინების საერთო ხედვით გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა, საკუთარ თავზე აიღეს ,,დაბერებული“ კინოს ყოფილი დიდების აღდგენა. დიდი მონდომების წყალობით, მათ თითქმის მოახერხეს სახსრებისა და ადამიანური რესურსის მობილიზება, ამ ძვირფასი ღირსშესანიშნაობის დასაბრუნებლად.
ის, რაც ოდესღაც წარსულის ჩამქრალი რელიქვია იყო, ახალგაზრდები ცდილობენ გარდაქმნან მხატვრული გამოხატვის, საზოგადოების ჩართულობისა და საერთო მოგონებების ძლიერ კერად. განვლილ გზაზე და სამომავლო გეგმებზე საინციატივო ჯგუფის წევრს ლაზარე გობეჯიშვილს ვესაუბრეთ.
- ბევრი გვსმენია თქვენი თავდაუზოგავი შრომის შესახებ, რამ შთაგაგონათ თქვენ და სხვა ახალგაზრდები წამოგეწყოთ ძველი კინოთეატრის აღდგენის პროექტი?
მადლობა საქმის ასეთი შეფასებისა და სიტყვებისთვის. პირველი
შთაგონება მივიღეთ მაშინ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ სკოლის
მოსწავლეები ვიყავით, ჩვენმა მეგობარმა(თორნიკე ადამაშვილი)
2014 წელს, ერთი კვირის განმავლობაში გააცოცხლა კინოთეატრის
კედლები, სივრცე ახმაურდა, ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის
გაჩნდა ახალი მუხტი და ინტერესი, მივიწყებული შენობა
დაგვებრუნებინა ქალაქის ცხოვრებაში. მაშინ დაიწყო
თორნიკემ პირველი ადვოკატირების კამპანია კინოთეატრის
გადასარჩენად, ჩვენ კი მივხვდით და დავიჯერეთ, რომ არავის და
არაფერს უნდა დავლოდებოდით, იმის მისაღებად რაც ძალიან მოგვწონდა და გვჭირდებოდა, ჩვენვე უნდა ჩავრთულიყავით პროცესში, პირველივე ნაბიჯებმა მოიტანა მნიშვნელოვანი
შედეგი, შენობა დაბრუნდა ქალაქის საკუთრებაში, შემდეგ იყო
რამდენიმეწლიანი შედარებით პასიური პერიოდი და ცოტა იმედგაცრუებაც, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, კინოთეატრის შენობა და მასთან დაკავშირებული იდეები სულ რჩებოდა ჩვენს გონებასა და გეგმებში და, ალბათ, იქვე იკრებდა ძალას იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ თავიდან დაგვეწყო ყველაფერი. ასაკის მატების,
გამოცდილებების გაზრდისა და ახალი ცოდნის მეშვეობით, მივხვდით კინოთეატრის იდეის განხორციელების მნიშვნელობას უკვე არა ემოციურად, არამედ ცნობიერად, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდით მსგავსი სივრცის საჭიროებასა და აუცილებლობაში. ეს იყო ალბათ ჩვენი შთაგონების მეორე ეტაპი, რომელმაც კვლავ დაგვაბრუნა კინოთეატრის გაცოცხლების იდეასთან.
- მჯერა, რომ ერთი მიზნით გაერთიანებულ ახალგაზრდობას ბევრი რამ შეუძლია. გვიამბეთ, როგორ გაერთიანდით და როგორ შეიქმნა ერთიანობის განცდა?
- რამდენიმე ადამიანი დავუკავშირდით ერთმანეთს და გავერთიანდით საერთო იდეისა და მიზნისთვის 2015 წელს, როცა პირველი ნაბიჯები იდგმებოდა ჩვენი ქალაქის კინოთეატრის გადასარჩენად, გუნდი არის ჩვენი სამეგობრო წრე. ყოველთვის მზად ვართ გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, ერთმანეთის იდეებისა და საქმეებისთვის, მაგრამ კინოთეატრის გაცოცხლების იდეა მაინც განსაკუთრებული შემთხვევა იყო და არის, თითოეული ვიაზრებდით, რომ ეს არა მხოლოდ რომელიმე ჩვენი მეგობრის საქმის ან ერთმანეთის მხარდაჭერაა, არამედ ეს არის საქმე ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და მომავლისთვის. გუნდის წევრებს შორის უმეტესობას კინოთეატრს მიღმა ცალკე საკეთებელი საქმეც აქვს, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა კინოთეატრს ჭირდება ადამიანური რესურსი, თითოეული მათგანი მზადაა პირადი საქმეები გვერდზე გადადოს და ემსახუროს ჩვენს საერთო იდეას.
- როგორ შეძელით თქვენ და სხვა ახალგაზრდებმა კინოთეატრის გასაცოცხლებლად საჭირო რესურსის შეგროვება?
- ვერ ვიტყვი რომ კინოთეატრის გასაცოცხლებლად საჭირო რესურსი შევაგროვეთ, რადგან კინოთეატრი ჯერ კიდევ არ არის გაცოცხლებული, მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, შენობაში არსებული პირობების (უფრო სწორად პირობების არ ქონის გამო) სიცოცხლე მხოლოდ ფრაგმენტალურად უბრუნდება, ეს კი არაა საკმარისი, მიზანი მიღწეული იქნება მაშინ, როცა ამ შენობის ფუნქციონირება შეიძენს სტაბილურობას. ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ მცირე ტექნიკური რესურსი, რომელიც ასეთ პირობებში მხოლოდ სამოყვარულო ჩვენებებისთვისაა გამოსადეგი, ეს არ არის ნამდვილი კინოთეატრისთვის შესაბამისი ტექნიკა. თავიდან, როცა დავიწყეთ ჩვენებების გამართვა, ტექნიკით გვეხმარებოდა ჩვენი მხარდამჭერი გამომცემლობა „indigo” და სხვა მხარდამჭერი ორგანიზაციები, ერთი წლის წინ კი ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკის შეძენა მოვახერხეთ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
- რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით განახლების პროცესში და როგორ გადალახეთ ისინი?
- ყოველთვის ვიცოდით, რომ უამრავი გამოწვევის გადალახვა მოგვიწევდა წარმატების მისაღწევად, მაგრამ ეს გამოწვევები მაინც გაცილებით იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენდით. პირველი გამოწვევა იყო ჩვენი მცირე ადამიანური რესურსის სწორად გადანაწილება, პირველი ჩვენებების გამართვისას ენერგიის ამოწურვის ზღვარზე გავდიოდით თითოეული, შემდეგ კი პრაქტიკამ და შეძენილმა გამოცდილებამ გვასწავლა, როგორ უნდა გვემოქმედა გუნდურად უფრო ეფექტურად და შედეგიანად. გამოწვევა აღმოჩნდა სწორი საკომუნიკაციო ენის პოვნა როგორც მაყურებელთან მიმართებაში, ასევე მედიასთან და სახელმწიფო ინსტიტუციებთან, ასევე გამოწვევა იყო საკითხისთვის აქტუალურობის შეძენა, რომელიც გადავლახეთ ბევრი კეთილმოსურნე ადამიანის მხარდაჭერით. ვფიქრობ, ასევე აწ უკვე გადალახული გამოწვევაა კინოინდუსტრიის დარგში მოღვაწე ადამიანებთან კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა, ყველა რეჟისორი თუ პროდიუსერი, რომელთათვისაც გვითხოვია ფილმის ჩვენების ნებართვა, სიამოვნებით გვეთანხმება და შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში ასევე სიამოვნებით სტუმრობს ბოლნისის კინოთეატრს. ყველაზე მნიშვნელოვანი და დღემდე გადაულახავი გამოწვევაა შენობის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, რაც არის მთავარი დამაბრკოლებელი ამ პროცესში წარმატების მისაღწევად. ვფიქრობ ამ პრობლემის მალე მოგვარების შემთხვევაში, ახალი და უფრო დიდი შესაძლებლობების კარებს შევაღებთ, შესაძლოა ბოლნისის კინოთეატრი არა მხოლოდ ქალაქის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს, არამედ ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი კულტურული კერა.
- რა სახის მხარდაჭერა მიიღეთ ადგილობრივი საზოგადოების ან სხვა დაინტერესებული მხარეებისგან აღდგენის მცდელობებში?
- ამ წლების განმავლობაში უამრავი ადამიანისგან მივიღეთ სიტყვიერი, ემოციური და საქმიანი მხარდაჭერა, ესენი იყვნენ როგორც თანაქალაქელები, ასევე დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანები. ხშირად ვღებულობთ ადამიანებისგან სიტყვიერ მხარდაჭერას, გვესმის რომ ისინიც მოუთმელად ელიან კინოთეატრის ახალ სიცოცხლეს, კარგად იაზრებენ და ხვდებიან ამ იდეის განხორციელების მნიშვნელობასა და აუცილებლობას, არაერთხელ გამოუთქვამთ სურვილი რიგით მოქალაქეებს ფულადი დახმარებით წვლილი შეიტანონ კინოთეატრის რეაბილიტაციაში, თუკი იარსებებს ამ მიზნისთვის შექმნილი საბანკო ანგარიში, ასეთი სურვილის არსებობა კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას.
- როგორ წარმოგიდგენიათ აღდგენილი კინოს წვლილი საზოგადოებასა და მის კულტურულ ცხოვრებაში?
- ჩვენს წარმოდგენაში კინოთეატრის შენობა ბოლნისელთა საყვარელი თავშეყრის ადგილი უნდა გახდეს და არა მხოლოდ დიდ ეკრანზე კინოდარბაზში ფილმების ნახვის გამო, ეს უნდა იყოს სამსჯელო სადისკუსიო სივრცე, სადაც ყველა თაობის ადამიანები იპოვნიან თავიანთ კომფორტს. სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებებით დატვირთული სივრცე, მეტ შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ სახელოვნებო დარგებში მოღვაწე ადამიანებს, ასევე აუდიტორიას, რომლისთვისაც შეიქმნება შესაძლებლობა გაეცნოს დღეის მდგომარეობით უცნობ შემოქმედებას და დაუბრუნოს ავტორებს უკუკავშირი, რაც ხელოვნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნამდვილი, ცოცხალი ურთიერთობების სივრცე, რომელშიც არამხოლოდ აღმოვაჩენთ თანამოაზრეებს და საერთო იდეებს, არამედ გამოვიყენებთ თანაშექმნისთვის საჭირო პლატფორმად.
- გარდა კულტურისა და საზოგადოებისა, ხომ არ ფიქრობთ, რომ აღდგენილმა კინოთეატრმა შეიძლება გავლენა იქონიოს ქალაქის ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით განვითარებაზე?
- თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიები პირდაპირ კავშირშია ეკონომიკასა და ტურიზმთან, არაერთი წარმატებული თანამედროვე ქალაქის მაგალითი არსებობს, რომლებიც ტურისტულად საინტერესო სწორედ შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და კულტურული ღონისძიებების წყალობით გახდა, მზარდი ტურიზმის ტენდენცია კი პირდაპირ ითარგმნება მზარდ ეკონომიკაში. შეიძლება დღეს ვინმესთვის ცოტათი დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ თუ მოახერეს სხვა ქალაქებმა, რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ ჩვენ?! უამრავი წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენი ქალაქი. ბევრი განსხვავებული ხასიათის კულტურილი ღონისძიების, ფესტივალებისა და საინტერესო არტისტების მეშვეობით ბოლნისის კინოთეატრს შეეძლება ბევრი ტურისტისა და ვიზიტორის მოზიდვა, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ქალაქის ყოფასა და ეკონომიკაზე.
- ზოგადად მდგრადობა არც თუ ისე მარტივია, სჭირდება ფინანსური სახსრები, ადამიანური რესურსი და სხვა მრავალი რამ. როგორ გეგმავთ უზრუნველყოთ აღდგენილი კინოს მდგრადობა და გრძელვადიანად შენარჩუნება?
- მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებული სხვა უამრავი პრობლემის გათვალისწინებით თითქოს ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია, ჩვენ მაინც ბევრი გვაქვს ნაფიქრი ამასთან დაკავშირებით, დარგში მოღვაწე გამოცდილი ადამიანების დახმარებით გვაქვს შემუშავებული კინოთეატრის ფუნქციონირებისა და მართვის შესაძლო სხვადასხვა მოდელები. თითოეულ მათგანში გათვალისწინებულია ძირითადი, მთავარი მიზნები. კინოთეატრის ფუნქციონირება არ უნდა იყოს კომერციული მიზნებით დატვირთული, ეს გამორიცხულია, მაგრამ ამავდროულად შენობამ უნდა მოახერხოს თავისთვის სასიცოცხლოდ საჭირო მატერიალური დოვლათის შექმნა, რაც იქნება წინაპირობა ფინანსური დამოუკიდებლობის, ერთგვარი სოციალური საწარმოს მოდელი, რომლის მიხედვითაც ყველანაირი შემოსავალი სივრცის განვითარებასა და მისი ფუნქციების გამრავალფეროვნებას ემსახურება. ფინანსურთან ერთად მდგრადობისთვის აუცილებელი პირობაა შინაარსობრივი დამოუკიდებლობა, შინაარსის დამკვეთი ყოველთვის უნდა იყოს საზოგადოება, ყველაფერი რაც მოხდება შენობაში უნდა იყოს საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული და განვითარებაზე ორიენტირებული. ერთფეროვნებისგან თავის დასაზღვევად, იმისთვის რომ სივრცის განვითარებას არასდროს მოაკლდეს ახალი იდეები და ფანტაზია, ვფიქრობთ ყოველთვის, ყველა ეტაპზე მომდევნო და ახალი თაობები უნდა იყვნენ ჩართულები კინოთეატრის მართვის პროცესში.
- და ბოლოს, როგორია თქვენი უახლოესი გეგმები კინოთეატრთან დაკავშირებით? რა პროგრამები და ღონისძიებები იგეგმება?
- ვფიქრობ საინტერესო და განსხვავებული ჩვენებებით დატვირთული დღეები გველის, ჩვენი სურვილია ყველა თაობისა და განსხვავებული ინტერესების მაყურებლისთვის საინტერესო ფილმები ვაჩვენოთ, ვფიქრობთ შესაძლოა ფილმების ჩვენებას არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიებებიც დაემატოს. იმედი გვაქვს მალე შენობის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და მეტ შესაძლებლობას მოგვცემს. ვაგრძელებთ საქმიანობას უკეთესი მომავლის იმედით!
- მადლობა საინტერესო კითხვებისა და მხარდაჭერისთვის
წარმატების ჭეშმარიტი საზომი მდგომარეობს არა იმაში, რასაც მივაღწიეთ, არამედ პოზიტიური ცვლილების სურვილში!
ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი კი, თქვენი გუნდია.
გისურვებთ წარმატებას!
მარიამ ონიანი