პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

ახალგაზრდა მეღვინის წარმოება და სამომავლო გეგმები

საუკუნოვანი ისტორიის და უმაღლესი ხარისხის ოქროსფერ ღვინის ქალაქში, მეღვინეთა რაოდენობა იზრდება, მეღვინეობა-მევენახეობის უძველესმა ტრადიციამ დღეს სხვა დატვირთვა შეიძინა. განსხვავებული არომატისა და გემოვნური თვისებების მქონე ბოლნისური ქვევრის ღვინოები დიდი მოწონებით სარგებლობს და ნელ-ნელა  საპატიო ადგილს იკავებს როგორც ადგილობრივ,  ისე საერთაშორისო ბაზარზე. მშობლების მიერ დაწყებულ საქმიანობას, ახალი ხედვებითა და ტექნოლოგიების დანერგვით, შვილები აგრძელებენ, მათ საოჯახო მეურნეობას სხვა დატვირთვა შესძინეს.  ჩვენ გიამბობთ   ახალგაზრდა მეღვინეზე, მის წარმოებასა და სამომავლო გეგმებზე.

,,მე გახლავართ ირაკლი ჯაფარიძე, 2014 წელს დავამთავრე ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა“. ჩავაბარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „აგრარული მეურნეობისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის“ ფაკულტეტზე. პროფესიით აგრონომი ვარ. 2020-2021 წლებში  აგრარულ უნივერსიტეტში  გავიარე „მეღვინეობა-მევენახეობის“ კურსი.“

ირაკლი გვიამბე თქვენი მეღვინეობის შესახებ

-ჩემი ოჯახი, ათეული წლებია  ვენახთან და ღვინოსთან ურთიერთობს. ღვინოს აწარმოებდნენ საკუთარი მოხმარებისთვის, ევროპული ტექნოლოგიით, მუხის კასრებში, ბავშვობიდან ვიყავი ჩართული ამ საქმიანობაში. 2018 წელს გადავწყვიტე ამ საქმიანობისთვის ბიზნესის სახე მიმეცა. ამავე წელს დავიწყე ტრადიციული მეთოდით ქვევრის ღვინის დამზადება. ვაწარმოებ სამი სახეობის ღვინოს: საფერავს, თავკვერს, რქაწითელს და ბოლნისურ ვარდისფერს.

მარანი  მდებარეობს XVII საუკუნეში ჩამოსახლებული გერმანელი „შვაბების“ მიერ აშენებულ სახლში და იგი 170 წლისაა. მარანს პირვანდელი სახე სრულად აქვს შენარჩუნებული. ის თავისი არქიტექტურით და სპეციფიკით განსაკუთრებულია. ეს ყოველივე, იდიალურ გარემოს ქმნის ღვინის დასამზადებლად. გერმანელები  „შვაბური ტექნოლოგიით აწარმოებდნენ ღვინოს, ვცდილობ გავაგრძელო და  ავთენტურობა შევუნარჩუნო ამ ტრადიციას. პარალელურად გადავწყვიტე მეწარმოებინა ტრადიციული ქვევრის ღვინო და 2018 წელს დავიწყე ქვევრის ღვინის წარმოება. წელიწადში ვაწარმოებ 6000 ბოთლს.

რამდენად შრომატევადია ვენახის მოვლა და ღვინის დაყენება

-ღვინის ხარისხი პირდაპირ კავშირშია ყურძენთან,  ვენახი საჭიროებს დიდ ყურადღებას. თავიდანვე უნდა მოხდეს ვენახის სწორი სხვლა-ფორმირება, დროული წამლობა და ასევე აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარება. ეს ყოველივე ფიზიკურ შრომას მოითხოვს და შესაბამისად, ძალზე შრომატევადი საქმიანობაა . რაც შეეხება ღვინის დაყენებას, ანალოგიურად ეს პროცესიც ფიზიკურ შრომას მოითხოვს. ყურძნის მიღება, დროული გადამუშავება, დუღილის პროცესის სწორად წარმართვა, გადაღება, ბოთლებში ჩამოსხმა, ეტიკეტირება და გაყიდვა. რამდენადაც შრომატევადია, იმდენად სასიამოვნოა ვენახთან და ღვინოსთან ურთიერთობა. განსაკუთრებით მიყვარს რთველის პერიოდი, ამ დროს უამრავი დადებითი ემოცია იფრქვევა.

როგორია ინტერესი ბოლნისური ღვინოების მიმართ, რა მიღწევები აქვს თქვენს ღვინოებს

-ბოლნისური ღვინოების მიმართ ინტერესი დიდია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ,,ღვინო ბოლნისი“ დარეგისტრირდა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოდ. ამავდროულად, საკმაოდ გაიზარდა ბოლნისური ღვინოების ხარისხი. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის „ღვინო ბოლნისის“ გაერთიანებას. რაც შეეხება ჩემს ღვინოებს, დიდი პერიოდი, ძალისხმევა, ფესტივალებზე და კონკურსებზე მონაწილეობის მიღება დამჭირდა იმისთვის, რომ გამეზარდა ცნობადობა და ინტერესი. შევიძინე გამოცდილება და პრაქტიკა, რასაც მოჰყვა უდიდესი წარმატება. წელს ქვევრის საფერავმა ოქროს მედალი, ხოლო რქაწითელმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თქვენი მარანი ,,ღვინო ბოლნისის“ წევრია, რა მოგიტანათ გაერთიანების წევრობამ?

-გაერთიანება გვეხმარება ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაციაში. იგი ხელს გვიწყობს მარტივად ვაკონტროლოთ ღვინის ხარისხი. გვიფინანსებს ლაბორატორიულ გამოკვლევებს და ასევე ფესტივალებზე მონაწილეობის მიღებას. ასოციაციის ფარგლებში, კომპანია ,,არემჯისთან“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბოლნისის აგროცენტრთან ერთად, შედგა ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების ფორუმი, სადაც უსასყიდლოდ გადმოგვცეს  ფრანგული მუხის კასრები. პროექტი გრძელდება ოთხი წლის მანძილზე და ჯამში რვა კასრი გადმოგვეცემა. ვფიქრობ, სამომავლოდ ბევრად აქტიური და საინტერესო იდეებით დატვირთული იქნება მეღვინეთა გაერთიანება.

როგორია თქვენი ღვინის გემოვნური თვისებები და რა ჯიშის ღვინოებს აწარმოებთ?

-ჩემი ღვინის გემოვნური თვისებები საკმაოდ განსხვავებული, მსუბუქი, ხავერდოვანი და არომატულია, ამ განსაკუთრებულობას სძენს ნიადაგური და კლიმატური პირობები. ღვინოს ვაწარმოებ ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან, ესენია: საფერავი, თავკვერი და რქაწითელი.

როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევების წინაშეა ქართული ღვინო და რა სჭირდება ბოლნისელ მეღვინეებს მეტი ცნობადობისთვის

-ბოლნისურ ღვინოს მეტი ცნობადობისთვის  სჭირდება ხარისხის ამაღლება, მივიწყებული ჯიშების გაცოცხლება, მრავალფეროვნებისთვის საერთაშორისო ფესტივალებზე და კონკურსებზე მონაწილეობის მიღება, რათა დავაინტერესოთ უცხოური ბაზარი ბოლნისური ღვინით, რადგან შევძლოთ მათი ექსპორტზე გატანა.

საქართველო ღვინის სამშობლოა! ამას ადასტურებს საქართველოში აღმოჩენილი ნივთიერი და ისტორიული მტკიცებულებები და ფაქტები. საქართველოში მეღვინეობას 8000 წლიანი ტრადიცია აქვს. ამ ფაქტმა გამოიწვია მსოფლიოს ყურადღება ქართული ღვინისადმი და თუ გვსურს, საერთაშორისო ბაზარზე ინტერესის შენარჩუნება, ამისთვის აუცილებელი პირობაა ვაწარმოოთ ხარისხიანი ღვინოები.

მოგვიყევი სამომავლო გეგმების შესახებ.

 – სამომავლოდ ვგეგმავ წარმოების გაზრდას, რათა შევძლო ღვინის ექსპორტზე გატანა, ხარისხიანი ღვინის წარმოება და ასორტიმენტის გამრავალფეროვნება. რაც ხელს შეუწყობს, არამარტო ჩემი, არამედ ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციას.

როგორაა  ბაზარზე წარმოდგენილი თქვენი ღვინო?

-რაც შეეხება სახელს, ამაზე ბევრი არ მიფიქრია, მარტივად, გვარიდან გამომდინარე „ჯაფარიძის მეღვინეობა“( japaridzis winery) დავარქვი.

მაგდა დევნოზაშვილი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები