ჩვენი გაზეთის ერთ-ერთმა რუბრიკამ, რომელიც „პანდემიის თაობის“ სახელით გაჩნდა ბეჭდურ მედიაში, იცვალა სახელწოდება და ამჯერად, „დაასახელე მომავალი რესპოდენტი“-ს სახელით, კიდევ უფრო ახლოს გაგაცნობთ საინტერესო ადამიანებს. რესპოდენტი, რომელზეც გიამბობთ, ვერასდროს წარმოიდგენდა თავს იმ ამპლუაში, რომელშიც ახლაა. პროფესია მისთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო არაა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 2 წელია, რაც პედაგოგის სტატუსი აქვს. ფიქრობს, რომ ეს პროფესია მისია. იცის მისი სუსტი მხარეც, მაგრამ ეს ხელს არ უშლის საყვარელ საქმიანობაში. ცდილობს იყოს მაქსიმალურად მობილიზებული, რათა ცუდი მაგალითი არ გახდეს მოსწავლეებისთვის. უბედნიერესია მათთან ურთიერთობით, თვლის, რომ კარგია გაკვეთილი, როდესაც ყველაზე პასიური მოსწავლე გამოგაცილებს კლასიდან და გეტყვის: ,,მადლობა მასწ, ყველაფერი გავიგე“. ამ დროს ფიქრობს, რომ ფრთები გამოესხა .
ხატია, ჩემს რუბრიკაში, ერთ-ერთმა წარმატებულმა მოსწავლემ მარიამ კორტავამ დაგასახელათ და თქვენთვის სახალისო კითხვა დატოვა : ,,რომელი თეორემით დაამტკიცებთ “ჭეშმარიტებას”: ,,სიყვარული ვერტიკალურია, თან ბრუნვადი”?
-სიყვარულს, ფორმულებითა და თეორემებით, ვერ დაამტკიცებ. ამისთვის მთელი ცხოვრებაა საჭირო. ყველას არ აქვს ამის ნიჭი. მარიამის სახალისო კითხვაზე, ცოტა არ იყოს, ზედმეტად სერიოზული პასუხი გამომდის, მაგრამ ვფიქრობ, ეს თემა არ იმსახურებს ხუმრობით საუბარს. თანაც დღევანდელობაში სიყვარულის ნაკლებობა გვაქვს ადამიანებს და ვისურვებდი, ერთმანეთისადმი უფრო მეტი სიყვარულის გამოხატვა შეგვეძლოს, რომ უფრო მეტად გავაბედნიეროთ ერთმანეთი.
-ვინ არის ხატია მღვდელაძე, მოგვიყევით თქვენს შესახებ
ხატია მღვდელაძე არის ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ყველაზე თბილ ოჯახში. დღეს მქვია დედა, მეუღლე და ყველაზე მძიმე სატარებელი სტატუსი, რომელიც უკვე მეორე წელია მაქვს-მასწავლებელი.
-რა არის თქვენთვის თქვენი პროფესია?
-ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ეს პროფესია ოდესმე ჩემს ცხოვრებაში ადგილს დაიკავებდა. საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე ჩემში იმის ძალა, რომ საერთოდ მეფიქრა გავმხდარიყავი მასწავლებელი. თუ რამე მაკლდა მანამდე ცხოვრებაში, ეს იყო სწორედ პროფესია – მასწავლებელი. ეს არ არის ჩემთვის მხოლოდ სამუშაო, ან სამსახური, რომელშიც მხოლოდ შემოსავლის წყაროს ვხედავ. ეს არის ადგილი, სადაც მთელი გულით ვმუშაობ და ეს ყველაფერი, უზომოდ დიდ სიამოვნებას მანიჭებს. უდიდესი ბედნიერებაა მოსწავლეებთან მუშაობა, მათი ანთებული თვალების ცქერა, ენერგიით მავსებს თითოეული მათგანის სიყვარული.
– რა შეიცვალა ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც გააცნობიერეთ, რომ ხართ მასწავლებელი
-მასწავლებლობა ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ ამ სტატუსით ცხოვრებას მალე ვერ შევეჩვიე. ზოგჯერ მეგონა, რომ სიზმარში ვიყავი. თუმცა მოსწავლეებმა ისე მიმიღეს და ისეთი მეგობრული ურთიერთობები ჩამომიყალიბდა, რომ აღარც კი მახსოვს ის ემოციები, როდესაც პირველად შევდიოდი საკლასო ოთახში და ჩემი ნერვიულობა პიკს აღწევდა. ახლა, როდესაც გაცნობიერებული მაქვს, თუ სად ვარ და რას ვაკეთებ, ვარ უბედნიერესი.
-რა არის თქვენი სუსტი და ძლიერი მხარე ბავშვებთან ურთიერთობაში?
ჩემი სუსტი მხარე ალბათ ის უფროა, რომ არ შემიძლია დიდხანს ვიყო ,,გაბრაზებული მასწავლებელი“. თუ ბავშვს შენიშვნას ვაძლევ, მერე ამაზე მე უფრო ვნერვიულობ, მაინც უფრო მეგობრულ დამოკიდებულებას და თბილ სიტყვას ვამჯობინებ, მათთან ურთიერთობისას.
-როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ ბავშვში ცვლილების შეტანა, მაგალითად სიზარმაცის დაძლევაში დახმარება?
-ვფიქრობ, შემიძლია მათზე ზეგავლენის მოხდენა და სასიკეთო ცვლილებების შეტანა. ერთ-ერთი სტიმული, როდესაც მასწავლებლობა გადავწყვიტე, სწორედ ეს იყო. რადგან ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ მოსწავლე, რომელიც მანამდე ითვლებოდა სუსტად, ჩემთან ურთიერთობის შემდეგ, მისი აკადემიური მოსწრება და გაკვეთილზე ჩართულობა, შესამჩნევად გაუმჯობესდა. ჩემი აზრით, ყველა ჩვენგანს გვაქვს საშუალება, ბავშვებში გავზარდოთ მოტივაცია, მათ ჩვენივე ქცევით უნდა დავანახოთ, როგორ შეიძლება გახდნენ უკეთესები. როდესაც ბავშვს უყვარხარ, პატივს გცემს და ხედავს შენს პასუხისმგებლიან საქციელს, ისიც ცდილობს, რომ დაგემსგავსოს.
– როგორია თანამედროვე ბავშვი?
-თანამედროვე ბავშვები კომპიუტერის ტვინებით იბადებიან. მათთან ურთიერთობის დროს შეცდომის დაშვება არ შეიძლება. ისეთი განვითარებული აზროვნება აქვთ, რომ მათგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. არ მოგცემენ საშუალებას, რომელიმე მათგანი უგულებელჰყო. თავს არავის დააჩაგვრინებენ. ამ თაობას უნდა ჩვენი ქვეყანა აქციოს ძლიერ სახელმწიფოდ. მათ ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყანა სჭირდებათ.
– როგორ შეაფასებდით თქვენს პროფესიას?
-ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა, ჩემი აზრით, როცა ადამიანის ფორმირების პროცესში იღებ მონაწილეობას. შენი თანამონაწილეობის შედეგად, შესაძლებელია სრულიად სხვა პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ბევრი რამაა დამოკიდებული მასწავლებელზე, რადგან ის მხოლოდ ცოდნის მიმცემი კი არა, ბავშვის აღმზრდელიცაა. ჩემი მოსწავლე შეიძლება ვერ გახდეს უდიდესი მეცნიერი, მაგრამ იყოს ადამიანი, ადამიანური თვისებებით, რომლის ჩამოყალიბებაშიც წვლილი მექნება შეტანილი.
-განათლების ხარისხზე დგას ჩვენი სახელმწიფო, როგორც პედაგოგი თქვენი პასუხისმგებლობის დოზები.
-რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი აქვს მასწავლებელს განათლების ხარისხზე პასუხისმგებლობაში. მე ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და მაქვს გააზრებული, თუ რამხელა საქმეს შევეჭიდე.
– რა არის პედაგოგიური მარცხი, ხომ არ მოგსვლიათ?
-თუ შენს საქმეს ძალით აკეთებ, მოსწავლეებთან ურთიერთობა არ გამოგდის, არ გესმის მათი წუხილები, თუ გაკვეთილის გაცდენა გიხარია და კლასში შესვლა შენთვის სასჯელია, მაშინ შენ პედაგოგი არ ხარ და ესაა, ყველაზე დიდი მარცხი. საბედნიეროდ, ამ ყველაფრისგან შორს ვარ. ოდესმე რომელიმე მათგანი თუ დამემართა, მაშინვე დაუფიქრებლად დავტოვებ ამ პროფესიას.
– თქვენს პროფესიას ასაკი აქვს?
-იცით, ვფიქრობ, რომ კი. თაობათა შორის დიდი სხვაობის შემთხვევაში, ურთიერთობებში უკვე თავს იჩენს გარკვეული პრობლემები. გარდა ამისა, თანამედროვე სამყარო ისე სწრაფად ვითარდება, ზოგჯერ რთულია ფეხი აუწყო ცვლილებებს. ამიტომ, მე მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ, არა მარტო პედაგოგს, სხვა პროფესიის ადამიანებსაც უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ მშვიდად დათმონ თავიანთი პროფესია და ახალგაზრდა თაობას გადასცენ სადავეები.
-როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახს და პროფესიას, თუ გაქვთ თავისუფალი დრო და რას აკეთებთ ამ დროს?
-ჩვენი საქმიანობა არ არის მხოლოდ გაკვეთილის ჩატარება, სახლში წასულებს კიდევ გვიწევს უამრავი რამის კეთება, თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება. თუ მაქვს, ვცდილობ მაქსიმალურად დავუთმო ოჯახის წევრებს და მათთან ერთად გავატარო.
– რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება და რამდენად არის ის დამოკიდებული ბედნიერ შემთხვევაზე?
-ჩემი წარმატება იქნება ჩემი მოსწავლეების კარგი მომავალი. ასევე ჩემთვის ნიშნავს, შევძლო, ოჯახსა და პროფესიას თანაბრად გავუმკლავდე.
არ მჯერა შემთხვევების. ადამიანის წარმატება თუ წარუმატებლობა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. როდესაც მიზანს დაისახავ, აუცილებელია ამ მიზნისკენ სწრაფვა და შრომა, შრომის გარეშე არაფერი მოდის.
– პრიორიტეტები…
-ერთგულება, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი თვისებაა. თუ ერთგულება არ შეუძლია ადამიანს, მასთან ურთიერთობა მიჭირს. ამიტომ ნებისმიერ საქმეში, იქნება ეს ოჯახი, პროფესია, თანამშრომლობა თუ მეგობრობა, უპირატესობას ვანიჭებ ერთგულებას.
-თქვენი მიზნები, რა გიბიძგებთ მიზნების შესრულებისკენ?
– მეუღლე არის ჩემი მყარი საფუძველი იმისა, რომ ყოველთვის ვიბრძოლო მიზნისთვის და არ დავნებდე. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვაპირებდი ხელის ჩაქნევას, ყოველთვის მეხმარება და გვერდში მიდგას ყველაზე რთულ მომენტებში. არ მაძლევს საშუალებას და უფლებას, რომ დავეცე. ვგრძნობ, მას ჩემი დიდი იმედი აქვს და არც ეს მაძლევს საშუალებას, რამეზე ხელი ჩავიქნიო. ვერ მივცემ თავს იმის უფლებას, რომ მისი იმედები არ გავამართლო.
– ყველაზე მნიშვნელოვანი რამ თქვენს შესახებ, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ
-ხატია მღვდელაძე არის ადამიანი, რომელიც ამჩნევს ყველაფერს, მაგრამ არ ლაპარაკობს ყველაფერზე.
– საყვარელი პოეტი, მწერალი…
-ალბათ ძალიან ბანალურად გამომივა, მაგრამ გალაკტიონი ჩემი საყვარელი პოეტია.
-მომიყევით მეგობრებზე, რა როლი აქვთ მათ თქვენს ცხოვრებაში?
-მეგობრები, ზოგადად, განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას. ნამდვილი მეგობრის პოვნა ძალიან რთულია. ყველა ვერ იქნება ნამდვილი მეგობარი. ჩემთვის მეგობარი არის ის ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ენდო, დაეყრდნო და ასევე უპასუხო. მეგობარი ჩემთვის მხოლოდ ერთია.
– მთავარი რჩევა მომავალი თაობებისთვის
-მუდამ იბრძოლონ იმ მიზნისთვის, რომელსაც დაისახავენ. ხელი არასოდეს ჩაიქნიონ და არ იფიქრონ, რომ მათ ეს არ გამოუვათ. არ ვემხრობი იმას, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. მაშინ ხარ მაგარი, მიზანს ისე მიაღწევ, სხვას არ დააზარალებ, არამედ სხვისთვისაც სასიკეთოს გააკეთებ.
-როგორ ქვეყანაში ისურვებდით ცხოვრებას და თქვენს სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევით
-მშვიდობა – ეს არის მთავარი, რაც ქვეყანას სჭირდება. დანარჩენი (ეკონომიურად ძლიერი, დამოუკიდებელი და ა.შ) ჩვენზეა დამოკიდებული. როგორ საზოგადოებას შევქმნით, როგორ თაობებს აღვზრდით, რას ვასწავლით მათ, რომ შექმნან უკეთესი ქვეყანა. ვისურვებდი ისეთი ქვეყანა შეგვექმნას, არავინ ფიქრობდეს აქედან გაქცევას.
– რა რჩევას მისცემდით მომავალ მასწავლებლებს, რომლებიც დგანან პროფესიული არჩევანის წინაშე და დგამენ პირველ ნაბიჯებს?
-ამ პროფესიაში ჩასაბმელად დარწმუნებული უნდა იყო, რომ ნამდვილად გინდა, თუ გულით არ იმუშავებ ბავშვებთან, აუცილებლად წააწყდები პრობლემებს. ხოლო, თუ დარწმუნებული ხარ შენს არჩევანში, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ იყო საუკეთესო.
-დაგვისახელეთ მომავალი წარმატებული ადამიანი, ვის ხილვასაც ისურვებდით ჩვენს რუბრიკაში, დაუტოვეთ კითხვა
-პირველ რიგში, მინდა მარიამს ვუთხრა დიდი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის და სითბოსთვის. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ერთ-ერთი წარმატებაა, როდესაც მოსწავლე ასეთი სიყვარულით საუბრობს შენზე. რაც შეეხება მომავალ რესპოდენტს, რადგან ამ რუბრიკაში მოვხვდი მარიამის წყალობით, მინდა გაგაცნოთ მასსავით ჭკვიანი, გონიერი და მიზანდასახული გოგონა თათია მინდიაშვილი. ვფიქრობ, საინტერესო იქნება მასთან საუბარი და როგორც ,,პოტერჰედს“ დავუტოვებ ასეთ კითხვას: ,,როგორ ფიქრობ, ჰარი პოტერი შეძლებდა ვოლდემორის დამარცხებას, მას რომ თავისი კუთვნილი ჯოხი ჰქონოდა?“
ნონა ხუზმიაშვილი