სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს, რომელმაც აქამდე უცნობი ნეოლითური პერიოდის, 8 000 წლის წინანდელი არქიტექტურა გამოავლინა. ძვ. წელთაღრიცხვის VI ათასწლეულის ძეგლზე პირველად დადასტურდა შულავერ-შომუთეფეს კულტურისთვის დამახასიათებელი წრიული სახლების სრულიად ახალი სამშენებლო ტრადიცია, მცირე ზომის სათავსები და ნაგებობებს შორის არსებული კედლები.
გორას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისი ადგილმდებარეობა, ბორცვი მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რკალში, რაც იდეალურ პირობებს ქმნიდა 8 ათასი წლის წინ ნეოლითური სოფლის განვითარებისთვის, აღსანიშნავია ისიც, რომ ძეგლი 15 კმ-ის დაშორებიოთ მდებარეობს არუხლოს და იმირის ძეგლებიდან, სადაც მსოფლიოში უძველესი ღვინის კვალია აღმოჩენილი.
არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ნეოლითური პერიოდისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი მასალა: თიხის ჭურჭლის ნატეხები, ძვლის, ირმის რქის, ობსიდიანის, მასიური ქვის იარაღები და სარდიონისგან დამზადებული მძივები. ეს არტეფაქტები ბოლნისის მუზეუმის კოლექციებს შეემატება, აღნიშნული მასალის შესწავლა სწორედ მუზეუმის ლაბორატორიაში გაგრძელდება.
მაშავერას გორაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 1988 წელს ჩატარდა, სადაც რამდენიმე წრიული ნაგებობა და მცირე რაოდენობით არქეოლოგიური მასალაა აღმოჩენილი. ტერიტორიის შესწავლა წელს ეროვნული მუზეუმის გუნდმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განაახლდა, VI ათასწლეულით დათარიღებულ ძეგლს მალე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება.
[:]