პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

ადრე ჩვევად მქონდა კალმით სიარული, ახლა კი პირდაპირ შეიძლება რაიმე ლამაზ სურათს დავხედო და ვაწკაპუნებ ,,კლავიშებს“, საოცარი ვინმე ყოფილა, ეს ,,მუზა“

ყველას გვსმენია გამოთქმა : ,,ხელოვნება და ლიტერატურა“, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც და კავშირი ზედმეტია, რადგან ხელოვანის ნიჭიერება ვერ თავსდება ჟანრსა თუ დარგში. ჩვენი რესპონდენტი, რეჟისორი თეა შეყილაძეა, მას სცენის მტვერიც უგემია და ფურცელზე სტრიქონებად გადატანილი განცდების სიმძაფრეც, დღეს კი ვეცდებით, თეას ეს უკანასკნელი მხარე უკეთ გაგაცნოთ და ცოტა ხნით, მისი ლექსების სტრიქონებს შორის ჩავიკარგოთ.

  • მოგესალმებით თეა, რა ასაკიდან დაიწყეთ წერა?

მოგესალმებით, ლექსებს მე-4 კლასიდან ვწერ, მაგრამ ბოლო სამი წელი, ანუ პოსტკოვიდური პერიოდი, ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, უფრო მეტად მსტუმრობს ,,მუზა“.

  • როგორი ბავშვი იყავით, გაიხსენეთ სკოლის პერიოდი, ალბათ, ლიტერატურა გამორჩეულად გიყვარდათ, გქონდათ თუ არა საყვარელი ლექსი, რომელიმე პოეტის შემოქმედებიდან ?

-ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. საბავშვო ბაღში პატარა ანსამბლსაც ვდირიჟორობდი. სკოლაც ძალიან მიყვარდა, თითქმის ყველა პედაგოგთან ვმეგობრობდი. განსაკუთრებულად ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა – ლიტერატურა და საქართველოს ისტორია. სიამოვნებით ვიხსენებ იმ პერიოდს, როცა ქიმიის გაკვეთილზე ქალბატონი ნათელა გრიგოლია დაფასთან გამომიყვანდა და საკუთარ ლექსებს მაკითხებდა. ხომ პარადოქსია, ქიმია და პოეზია?! მაგრამ მართლა მასე იყო. ყოველთვის ვთვლიდი, რომ გალაკტიონი მუზების მეფე იყო. ამოჩემებულად მიყვარდა მისი – “მერი” და ირაკლი აბაშიძის – “ო ენავ ჩემო”. ანა კალანდაძეს კი პოეზიის დედოფლად ვთვლი.

  • გვიამბეთ  სტუდენტობის პერიოდზე, ხშირად, შემოქმედებითი აღმაფრენის ეტაპი, სწორედ სტუდენტობისას დგება, ამ ასაკში მეტად მგრძნობიარეები და ემოციურები ვართ ადამიანები. ხომ ვერ გაიხსენებთ სტუდენტობის დროინდელ ჩანაწერებს, დღიურს, მაშინაც თუ წერდით ლექსებს ?

-ულამაზესი წლები იყო, გამიმართლა. პირველივე წელს მოვხვდი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე. ბატონი ლერი პაქსაშვილისა და ბატონი გია კიტიას ჯგუფში. იყო ბევრი ემოცია, სიახლე, სურვილებისა და ოცნებების ახდენა. ამ პერიოდში უფრო ჩანახატებს, პიესებსა და პატარ-პატარა ნოველებს ვწერდი, ლექსებს ნაკლებად. უნივერსიტეტი 1997-ში დავამთავრე და იმავე წელს გავემგზავრე გერმანიაში სასწავლებლად, სადაც სამი წელი ვცხოვრობდი და ვსწავლობდი ქალაქ ქემნიცის უნივერსიტეტში, მუსიკათმცოდნეობისა და პოლიტმეცნიერების ფაკულტეტზე.  (აქაც პარადოქსი – მუსიკა და პოლიტიკა) იქ მეორე შემოქმედებითი სუნთქვა გამეხსნა და ვწერდი სულ მონატრებაზე, განშორებასა და სიშორეზე. მაშინ ინტერნეტი არ იყო და მონატრებაც, უფრო მძაფრდებოდა.

  • გაქვთ თუ არა საყვარელი ადგილი წერისთვის, სადაც მუშაობა გიადვილდებათ, ან გარემო, რომელიც შთაგაგონებთ, რომ თქვენი ემოციები და განცდები ფურცელზე ლექსებად გადმოიტანოთ?

-არა, როცა მუზა მეწვევა, სადაც არ უნდა ვიყო და რა ვითარებაშიც, იქ ვწერ. ძალიან ხშირად გავუღვიძებივარ მუზას გვიან ღამით. ადრე ჩვევად მქონდა კალმით სიარული, ახლა კი პირდაპირ შეიძლება რაიმე ლამაზ სურათს დავხედო და ვაწკაპუნებ ,,კლავიშებს“. საოცარი ვინმე ყოფილა ეს ,,მუზა“ , სულ მაოცებს.

  • როგორც ვიცი, პროფესიით რეჟისორი ბრძანდებით, თქვენი პოეზიისადმი ასეთი სიყვარული რაიმე კონკრეტულ ფაქტს ხომ არ უკავშირდება? ან ხომ არ გყავთ საყვარელი პოეტი, რომელიც თქვენი ინსპირაციის წყარო გახდა ?

-ალბათ, კი. ხელოვან ხალხს ცოტა სხვანაირი ხედვა გვაქვს. ამ ბოლო ხანებში ისეთი გულჩვილი გავხდი, შეიძლება კარგმა ლექსმა, ცეკვამ, სიმღერამ ამატიროს.

,,ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს“ – ტიციან ტაბიძის არ იყოს.

  • თუ შეგიძლიათ, რომ გაიხსენოთ პირველად როდის და ვის წაუკითხეთ თქვენი ლექსი ?

-პირველი ლექსი მამას წავუკითხე (ბავშვობაში) გაეცინა და მითხრა – ამ ლექსს რომელიმე საბავშვო კრებულიდან გადაწერდიო. ჩემთვის ეს ისეთი შეფასება იყო, ერთი თვე ბედნიერებისგან დავფრინავდი, მახსოვს. ლექსი გაზაფხულზე იყო, ძალიან ბავშვური და ლაღი.

  • თუ გაქვთ საყვარელი თემატიკა, რომელზეც ყველაზე ხშირად წერთ?

-ყველაფერზე ვწერ, გააჩნია ჩემი მუზა რა ხასიათზეა.

  • რომელიმე ლექსს ხომ არ გამოარჩევდით საკუთარი შემოქმედებიდან ?

-განსაკუთრებით მიყვარს ერთი ფრაზა –

„ჩუმად მივყვები ცხოვრების ბილიკს

და ვცდილობ, არსად დამიცდეს ფეხი“.

მწერლისთვის თავისი შემოქმედებიდან რაიმეს გამორჩევა ისეთივე რთულია, როგორც მშობლებისთვის შვილების, თუმცა ერთ-ერთ ლექსს შემოგთავაზებთ.

– დღეს მინდა გითხრა – ” მიყვარხარ”

ხვალ რა იქნება – რა ვიცი?!

როცა შენ ჩემთან არა ხარ,

მენატრები და განვიცდი…

დღეს მინდა მოსვლა შენამდე

ხვალამდე ვეღარ დავიცდი,

შენ თუ დროებით წახვედი,

მე სამუდამოდ დაგიცდი…

დღეს მინდა შენთვის ვიმღერო

ავახმიანო – გიტარა,

ხვალ, იქნებ სევდამ წამიღოს,

სულ ვერაფერი გითხრა, რა…

დღეს მინდა გაგიღიმილდე,

ხვალ იქნებ შევკრა – კოპები,

მინდა, იმდენი დავლიო

შემოვიკრიბო – ლოთები.

იცი, მომწყინდა ურჩობა,

იქნება ცოტა – დაგითმო?!

დღეს ზუსტად ვიცი – “მიყვარხარ”

ხვალ რა იქნება – არ მკითხო…

  • ხომ არ გიფიქრიათ, ლექსების კრებულის გამოცემაზე ?

-კი, ვფიქრობ. ძალიან მინდა პატარა, მოკრძალებული, ჩანახატებიანი ლექსების კრებულის აკინძვა. იმედია, შევძლებ.

  • რას ურჩევთ ახალგაზრდებს, დამწყებ მწერლებს , რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ დასახული მიზნები აისრულონ და მათში არ ჩაიკარგონ ?

-ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, მაგრამ გული მწყდება კითხვა ინტერნეტმა ჩაანაცვლა. ახალგაზრდებს ვურჩევდი იკითხონ, წერონ, ითამაშონ, ივარჯიშონ და რაც მთავარია, ხმამაღლა ისაუბრონ თავიანთ განცდებზე, სურვილებზე, სიყვარულსა და მეგობრობაზე. იყვნენ ჰუმანურები, მიზანდასახულები და აუცილებლად, დაუფასდებათ.

  • დამდეგ ახალ წელს რას უსურვებთ ბოლნისს, ბოლნისელებსა და სრულიად საქართველოს ?

-მინდა, დამდეგი ახალი წელი მივულოცო ჩემს საყვარელ ბოლნისსა და ბოლნისელებს, სრულიად საქართველოს. ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდობა. ყველა ოჯახში ხვავი, ბარაქა და სიმშვიდე სუფევდეს. უფლის წყალობა სრულიად სამყაროს. მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ!

წელს რაღაც ადრიანად მეწვია

ზამთარი…

ასაკმაც თავისი დამატყო – ნაოჭი,

რა ცუდი ყოფილა, შენ თავთან კამათი

წუხელ მთელი ღამე ფიქრებთან

ვდაობდი…

წლები გაფრენილან დარი თუ ავდარი

სულ თან წაუღია მტყუანი თუ მართალი

გაქრა ის ბავშვობა- დასრულდა ზღაპარი,

ამ ქვეყნად განვლილი წლებია

მთავარი…

აღარ დაბრუნდება, ის რაც უკვე იყო,

ვეღარც ფეხშიშველი მოირბენ

აპრილებს…

ვერაფრს გაუგებ თავნება ამინდებს

ხან თითქოს მზეა და, ხან თოვას

აპირებს…

არვიცი… არიცი… არ გიცდი…არ

მიცდი…

ახლოს ხარ… შორსა ხარ…მე მაინც

განვიცდი….

ალბათ გავიზარდე?! ან ისევ ბავშვი

ვარ?!

შენც თითქოს მოდიხარ, მაგრამ სულ

გზაში ხარ…

წელს თითქოს ადრიანად მეწვია

ყინვებიც,

თმებში ჩამაბნია ჭაღარა – ფიფქებად,

დროზე თუ არ უხმე სიყვარულს, იცოდე,

წავა და გაქრება უხილავ – ფიქრებად…

– და მაინც რა არის ამქვეყნად

მთავარი?!

წელს მართლაც ადრიანად მოვიდა

ზამთარი…

                                                                      თეა შეყილაძე

მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

1 კომენტარი

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები