ქალები ბოლნისიდან

0

ოთხ ათწლეულზე მეტი, იყო წარმატებული, სხვისთვის მისაბაძი, ნიშნავს ხარ ძლიერი. იმიტომ, რომ ქალია უკან არასდროს მდგარა, ყოველთვის მზად იყო დაბრკოლებების გადასალახად.

წლებია უწყვეტად იკავებს ხელმძღვანელ პოზიციებს, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში. პროფესიით ეკონომისტ-ორგანიზატორი, მართლაც გამოირჩევა ორგანიზატორობის ნიჭითა და უნარით, გადაწყვეტილებების სიმტკიცით, არ აშინებს ის თუ რას იფიქრებს სხვა. ხშირად ამბობს: – „მთავარია ყველაფერი კანონისა და სამართლიანობის ფარგლებში გაკეთდეს.“ ყოველთვის მზად არის სიახლეებისთვის, დიდი წარსულისა და აწმყოს მიუხედავად საოცრად თავმდაბალია, მაგალითს მოვიყვან მისი საუბრიდან: – „ თუ ვინმემ ჩემზე მეტი იცის კონკრეტულ სფეროში, არ მრცხვენია პირადად მივალ და ვკითხავ ასაკის, სქესისა თუ სტატუსის მიუხედავად!“

ვალენტინა ნავერიანს ბოლნისში და არამხოლოდ აქ ყველა იცნობს, მას ზედმეტი წარსდგენა სულაც არ სჭირდება, თუმცა მაინც გეტყვით, რომ დღეს, ის არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს აქტიური წევრი, წლების მანძილზე არაერთ ბანკს ხელმძღვანელობდა, 2000-2003 წლებში გახლდათ ბოლნისის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე და ა. შ.წარმატებული კარიერისა და საზოგადოებრივი საქმიანობის მიუხედავად, ყოველთვის ახერხებს იყოს კარგი დედა, დიასახლისი, მეუღლე და მეგობარი. ამბობს: -„მთავარია გულით მოინდომო და მერე შეუძლებელი არაფერია!“ საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ ვრცლად გვესაუბრება ქალისა და დედის როლის მნიშვნელობაზე.

➖ ვალენტინა ნავერიანი: ისტორიულად საქართველოში ქალის როლი ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე დაფასებული იყო. ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა მეფედ ქალი თამარი . იმავე საუკუნეში დაიწერა : „ ლეკვი ლომისა სწორია , ძუ იყოს თუნდაც ხვადია“.მიუხედავად იმისა, რომ ქალი საზოგადოების მხრიდან დღემდე აღქმულია, როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელი , მისი ძლიერი მხარეები აღიარებას ჰპოვებდა მის მიერ სამშობლოს წინაშე დადებული ღვაწლით. „ქალი სუსტია , მაგრამ დედააო ძლიერი“,(გოეთე) დედობა კი ყველაზე რთული საქმიანობაა ამ ქვეყნად და მისი ნაყოფიც ყველაზე დიდი გასამრჯელოა ღვთით ბოძებული. ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ გრძნობასა და სიყვარულზე ძლიერ გრძნობას არ იცნობს სამყარო. ქართველი დედის ფენომენი ხომ საერთოდ ამოუცნობი ფენომენია, ის გასხივოსნებულია დედაღვთისმშობლის ზეციური მადლითა და სიყვარულით. საუკეთესოდ ააქვს ამ თემის განმარტება გოეთეს -„მიწიერი ყოფიერების მარადიული მეტამორფოზა, შობა და აღზრდა, დაღუპვა და კვლავ წარმოშობა – ესაა განუწყვეტელი და დაუღალავი ჯაფა დედებისა და თუ დედამიწაზე ყველაფერი განახლებადი განაგრძობს არსებობას – უწინარეს ყოვლისა დედობრივი საწყისი – გასაგები ხდება, რომ შემქმნელ ღვთაებას მივცეთ ქალთა სახე და ვუწოდოთ საპატიო სახელი დედებისა.“ ამაზე ნაფიქრი აქვს ოტია იოსელიანსაც -„დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის. ჩვენთან დედა -დედაც იყო და დედაკაციც, დედაბოძად იყო შეხიდული თავის ქვეყანას ვით ჭიგო ვაზს, ბრძოლის ველზე დაცემული შვილის ხმალიც ბევრჯერ თავად აუღია და დედაკაცურად შეხვედრია ჩვენი გენეტიკის და ედემის მსგავსი სამშობლოს ასაოხრებლად მოსულ მტერს. „ქართველებისთვის “დედა” მარტო მშობელი არ არის, ქართველი თავის ენასაც “დედა ენას” ეძახის, უფროსს ქალაქს – “დედა-ქალაქს”, მკვიდრს და დიდ ბოძს სახლისასა – “დედა-ბოძს”, უდიდეს და უმაგრეს ბურჯს – “დედა-ბურჯს”, სამთავრო აზრს – “დედა აზრს”, გუთნის გამგებელ მამაკაცსაც კი – “გუთნისდედას”. რამდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა, რამდენად გამრავალგვარებული, გაპატიოსნებული, გაძლიერებული, გაღონიერებული და სიმკვიდრეც კი აღნიშნულია დედობით, ამაზე მეტი პატივი რაღა უნდა მოუტანოს სახელმა! სიტყვა ქალი განა იმოდენს გვეტყვის რასაც გვეუბნება “დედა” და ამასთან ერთად “კაცი”.(ილია). სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე არის ქართველი ქალის როლი ოჯახსა და საზოგადოებაში განდიდებული, აღიარებული და პატივდებული.უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ოჯახის წინაშე იმდენად აძლიერებს ქალს,რომ ის ნებისმიერ დაბრკოლების გადალახვის შემძლეა. ქალი არის ხელოვანი, პოლიტიკოსი, იურისტი, ექიმი, მოსამართლე, საჯარო მოხელე, კომპანიის ხელმძღვანელი, მეწარმე, ბიზნესმენი და ასე შემდეგ , ყველა სფეროში მოღვაწეობს, ამავდროულად ქალი რჩება ოჯახის ბურჯად მისი სიმტკიცის, სინდის-ნამუსის დედაბოძად. ქართული ანდაზაც სწორედ ამიტომაა დღემდე აქტუალური „როგორიც გყავდა დედაო, შენც ისეთი ხარ ქედაო!“.

➖ ჩვენი ენის დიდებულება ჩემი გადასახედიდან ისიცაა, რომ ყველა სიტყვას თავისი ენერგია მოაქვს ჩვენამდე. ოთხი ბგერისგან შედგენილი სიტყვა დ ე დ ა – ჩვენში განსახიერებულია უდიდეს მადლთან, სიკეთესთან და სითბოსთან და იმედთან. აი სწორედ ამ ენერგიით ვივსებით მისი წარმოთქმის დროს. ამიტომ გვეძვირფასება დედის ბაგედან წარმოთქმული -„დედა გენაცვალოს შვილო“ ამ წინადადებას შესატყვისი თარგმანიც კი არ ააქვს სხვა ენაზე იმდენად ქართული და ქართველი დედის კუთვნილებაა მხოლოდ. თვით ეს სიტყვები წარმოთქმისთანავე გვაძლევს დაუძლეველის დაძლევის ენერგიას და გვავსებს სიკეთის კეთების ემოციით. მხოლოდ ქართველ დედაზე შეიძლება დაწერილიყო „ვეფხვისა და მოყმის ბალადა“ . სადაც ბალადის ამაღლებული და ჰუმანური შტრიხი, დაღუპული შვილის დედის სახე , ნათლად გვიხატავს ქართველი დედის სამართლიან, გულმოწყალე, მაღალი ზნეობისა და ღირსების მატარებელ მისაბაძ ხასიათს.

➖ ყველა დედას – ჩვენი სიცოცხლის წყაროს, გულწრფელი და უანგარო სიყვარულის და სიხარულის გამზიარებელს, ჩვენს უდრეკ ფარს , რომელიც გვიცავს ყოველივე ავისგან, ვულოცავ ამ დღეს და თვალმშრალ დედებად დაბერებას ვუსურვებ. შვილებთან კი მექნება მოკრძალებული თხოვნა და სურვილი , ყოველი დღე ვაქციოთ დედის დღედ, ბოლომდე ვიგრძნოთ მისი სურნელი და სითბო. რათა ჩვენს გამო მუდამ უბრწყინავდეს თვალები და უღიმოდეს ბაგე-პირი. ხორნაულს ააქვს ასეთი რამ დაწერილი „ შვილს რომ მკლავზე გადაიწვენს , დედა ჯვარს ემსგავსება- სწორედ ეს ჯვარი გადაარჩენს სამყაროს“ შეეწიოს თვითოეულ ჩვენთაგანს ბოლნური ჟვრის მადლი და ძალა და დალოცოს მამაზეციერმა დედა-შვილობა.

მასალა მომზადებულია ბოლნისის გენდერული საბჭოსა და გაზეთ ,,ბოლნისის ‘’ ერთობლივი პროექტის ,,ქალები ბოლნისიდან’’ ფარგლებში.

Share.

Leave A Reply