ქალები_ბოლნისიდან

0


სამი წლის იყო როცა ბოლნისმა მიიღო. პატარა ასაკის მიუხედავად, კონტურებად მაინც ახსოვს აფხაზეთი. აფხაზეთიდან დევნილმა ოჯახმა თავი ბოლნისის მუნიციპალიტეტს, კერძოდ დიდი სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელ ტანძიას შეაფარა.
ოჯახში უფროს შვილს მუდამ მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა დებისა და ძმის წინაშე. დამოუკიდებელი ადამიანია. ამბობს, რომ: – “გადაწყვეტილებებს ყოველთვის სხვისი დახმარების გარეშე ვიღებო”, ალბათ ეს თვისება იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ ის გახდა პირველი სოფლის წარმომადგენელი ქალი და სწორედ აქედან დაიწყო მისი პოლიტიკური მოღვაწეობაც.
ჩვენი დღევანდელი გმირია წარმატებული ახალგაზრდა იანა ბერიანი.
იანა ბერიანი არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი და ამავდროულად ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
როგორი ბავშვობა გქონდათ და რამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა?
– ჩემი ბავშვობა დაკავშირებულია სოფელ ტანძიასთან, რადგან 3 წლის ვიყავი, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო და დავტოვეთ აფხაზეთი. იმ პერიოდში ტანძიაში ახალი დასახლებული იყვნენ ზემო სვანეთიდან ეკომიგრანტები, მათ შორის მამაჩემის მშობლები. ასე მოხვდა ჩემი ოჯახი ბოლნისში. ჩვენც ტანძიაში დავსახლდით. ბავშვობა იყო ძალიან საინტერესო, რადგან ვფიქრობ, რომ სოფელში გატარებული ბავშვობა უფრო სავსეა შთაბეჭდილებებით, ბუნებასთან სიახლოვით და სილაღით. პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი გავლენა იქონია აღზრდამ. დედმამიშვილებს შორის უფროსი ვარ და ყოველთვის ვგრძნობდი ამ პასუხისმგებლობას. მშობლების უპირველესი ამოცანა ჩვენი სწორად აღზრდა და განათლების მიღება იყო. შესაბამისად, ხედავდნენ რა ჩვენს შესაძლებლობებს, ამის ფარგლებში მაქსიმუმს ითხოვდნენ. თუმცა ამასთან დაკავშირებით არასდროს გამჩენია პრობლემა, მითუმეტეს პროტესტის გრძობა, პირიქით – ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ის, რომ მშობლები ყოველთვის კმაყოფილი იყვნენ ჩემი სწავლით, ჩემი ქცევით და საერთოდ ჩემით. სხვათა შორის, ძალიან დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი, ყოველთვის მარტო ვმეცადინეობდი დახმარების გარეშე, გადაწყვეტილებებს თვითონ ვიღებდი. ეს თვისება დღესაც მაქვს, ვცდილობ ჩემი საქმე მე თვითონ, სხვისი შეწუხების გარეშე გავაკეთო, ეს მეტ სიამოვნებას მანიჭებს.
პროფესიული არჩევანი – მახსოვს, რომ სკოლაში სწავლის პერიოდში ძალიან -მინდოდა პედიატრობა, მაგრამ არ მახსოვს, გადაწყვეტილება რატომ შევცვალე. დამამთავრებელ კლასებში გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმე ფინანსები იყო, ძალიან მიყვარდა მათემატიკა, მომწონდა ის, რაც ანგარიშს და ანალიზს ითხოვდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად მოვხვდი კიდეც ეკონომიკის ფაკულტეტზე და 6-წლიანი სწავლის შემდეგ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი გავხდი. ჩემი პროფესიით ჯერ არასდროს მიმუშავია, მაგრამ მჯერა, რომ მომავალში ეს იქნება ჩემი საქმე.
როდის გახდით საჯარო მოხელე, თქვენი გამოცდილება საჯარო სექტორში?
– უნივერსიტეტში სწავლის დამთავრების შემდეგ, როგორც ყველა ახალგაზრდა, მეც ვცდილობდი დასაქმებას. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, საჯარო სამსახურში დასაქმდებიო, არ დავიჯერებდი, რადგან მაშინ ეს სფერო ჩემთვის, პირველ რიგში, ნეპოტიზმთან ასოცირდებოდა, მაგრამ იმ პერიოდში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და გამოცხადდა საჯარო მოხელეთა კონკურსი. გადავწყვიტე ბედი მეცადა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წარმატებით გავიარე კონკურსის ყველა ეტაპი და 2015 წლის მარტში დავსაქმდი კიდეც. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჩემი დანიშვნა ტანძიის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე. ეს ერთგვარი პრეცენდენტი იყო, რადგან ყველა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ამ პოზიციაზე მხოლოდ მამაკაცები მუშაობდნენ. ამ პოზიციაზე თითქმის სამი წელი ვიმუშავე და კმაყოფილი ვარ, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე საზოგადოებასთან ურთიერთობისას – დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მიყვარს და მიადვილდება ხალხთან წარმატებული კომუნიკაციის დამყარება, უშუალო ურთიერთობა, ყოველგვარი ბიუროკრატიულობის გარეშე. რაც ყველაზე მეტად მიხარია, ყოველთვის ვგრძნობდი და ვიგრძნობ კეთილგანწყობას მათგან, ვისთანაც თუნდაც რამდენიმე წუთის კომუნიკაცია მაკავშირებს. სწორედ ამიტომ მაშინვე დავთანხმდი 2017 წლის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პროპორციული სიით, მონაწილეობის მიღების შეთავაზებას. საერთო ჯამში, 6 წელია რაც ბოლნისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ვმუშაობ და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სკოლა იყო. უკლებლივ ყველა ადამიანს ვუხდი მადლობას, ვისთანაც თანამშრომლობა მიწევს, ვინც მანდო ეს პასუხისმგებლობა.
თქვენთვის რას ნიშნავს „გენდერი“ და რა არის გენდერული თანასწორობა?
– გენდერი სოციალური ცნებაა, პირველ რიგში და ადამიანის სოციალურ როლს ასახავს საზოგადოებაში, თუ რამდენად არის დაცული ამ საზოგადოებაში ქალის და მამაკაცის თვითრეალიზების თანაბარი პირობები. გენდერული თანასწორობა კი ადამიანის უფლებაა, მარტივად რომ ვთქვათ. დიახ, ეს ჩვეულებრივი უფლებაა და არაფერია ამაში უცნაური. დღეს მსოფლიოში ჯერ კიდევ ქალის თვითრეალიზების პრობლემები უფრო ჭარბობს, ზოგან ძალიან, ზოგან ნაკლებად. აქედან გამომდინარე, ქალების პრობლემებია დღის წესრიგში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცების პრობლემები არავის აინტერესებს. სამწუხაროდ, ასეთი აღქმაც არსებობს. გენდერული თანასწორობა ორივე სქესის თანაბარ პირობებში არსებობას და ამ პირობების დაბალანსებას ითხოვს. აქ არ არის საუბარი ქალის და კაცის შესაძლებლობებზე, ეს ინდივიდუალურია, ყველა ადამიანს სხვადასხვა შესაძლებლობები გააჩნია, მაგრამ რისი შესაძლებლობაც აქვს, ამის რეალიზებისთვის მათ სჭირდებათ თანაბარი პირობები. ეს პირობები უნდა შექმნას არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ თავად საზოგადოებამაც, რადგან პირველ რიგში, საზოგადოებაში უნდა იყოს მზაობა და მიმღებლობა. არ უნდა არსებობდეს გენდერული სტერეოტიპები, კლიშეები, რაც ყველაზე მეტად უშლის ხელს გენდერული თანასწორობის მიღწევას.
რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების აქტიურობა?
– ქალების აქტიურობა ყოველთვის, ყველა ეპოქაში მნიშვნელოვანი იყო და იქნება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი. საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ქალი ასოცირდება შრომასთან, თავდადებასთან, ქალი არასდროს არის უმოქმედოდ, შეზღუდულ პირობებშიც კი ახერხებს სარგებელი მოუტანოს ოჯახს და ქვეყანას, მაგრამ აღარ უნდა უწევდეს ქალს, საზოგადოების სრულუფლებიან წევრს თავისი ჩვეულებრივი უფლებების დამტკიცება, მას ჯერ კიდევ ბრძოლა უწევს ამისთვის. აქტიურობისთვის ქალს სოციუმში ბევრი ხელშემწყობი პირობა სჭირდება, მაგრამ პირველ რიგში, ვისურვებდი ეკონომიკურად დამოუკიდებელ უფრო და უფრო მეტ ქალს, ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ქალთა სრულფასოვანი ემანსიპაციისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალი ბევრად უკეთესი იქნება და ამისთვის ისევ და ისევ ქალების ძალისხმევა და აქტიურობაა აუცილებელი.

Share.

Leave A Reply