,,მე ბილიკების მაკრთობს სითეთრე”…

0

გაზეთი „ბოლნისი“აგრძელებს შემოქმედებითი ადამიანების მოძიებას, რომელთა ნიჭისა და უნარების შესახებ, საზოგადოების მხოლოდ მცირედმა ნაწილმა  იცის. სტუმარი, რომელსაც წარმოგიდგენთ, ბავშვობიდან  წერს ლექსებს, წერა და პოეზია მისი სულიერი საზრდოა და ცხოვრება მის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ამჯერად, ჩვენი გაზეთი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს, გია რეხვიაშვილს განსხვავებულ ამპლუაში წარმოგიდგენთ.

გია რეხვიაშვილი 1000-მდე ლექსის ავტორია, წერს ხასიათის მიხედვით, განცდა, ტკივილი და სიხარული, ფურცელზე ერთი ამოსუნთქვით გადმოაქვს, დაგროვილ გრძნობებს კალმით ეპაექრება, ლექსად სათქმელი სტრიქონები გულის სიღრმიდან მოედინება და მწერლის სულიერ სამყაროს ნათლად გადმოსცემს.

მისი შემოქმედება მრავალფეროვნებით  გამოირჩევა, საოცარი მუხტით და ენერგიით იზიდავს მკითხველს. წერს რასაც გრძნობს, ინსპირაციის წყარო ყოველდღიური გარემო, სულიერი განწყობა, სევდა და სიხარულია. ამბობს, რომ სტრიქონის სტრუქტურაზე წინასწარ არ ფიქრობს, გულიდან ამოსულ გრძნობებს ექსპრომტად წერს და ლექსის შინაარსს თავიდან ბოლომდე მკითხველს მიანდობს. პირველი ლექსი მე-8-ე კლასში დაწერა, რომელსაც დღემდე, ქართული ენა-ლიტერატურის პედაგოგი, ელზა გვერდწითელი სათუთად ინახავს.

ელზა გვერდწითელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი:

-ჩვენს ეპოქას სჭირდება ღრმად განათლებული, მორალურად სპეტაკი, მაღალკულტურული და შრომისმოყვარე ადამიანები.  განსაკუთრებით ეს მოეთხოვება ახალგაზრდობას, ისინი მომავალი ცხოვრების ბატონ-პატრონნი უნდა იყვნენ.

ყველა კაი ყმას უნდა ახსოვდეს, რომ ახალგაზრდობა სიბრძნის დაგროვების ჟამია. მან უნდა განაგრძოს სახელოვანი წინაპრის გზა, იზრუნოს სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ცოდნა გახდის მას სულიერად ძლიერს, პატიოსანს, ადამიანების მოსიყვარულეს და პატივისმცემელს.

კაი ყმას მუდამ უნდა ახსოვდეს და გულის ფიცარზე  დაიწეროს   ნოდარ დუმბაძის მარადისობის კანონის დიდებული სიტყვები.  მაშინ იქნება ახალგაზრდობა ხვალის იმედი და ერის სიმდიდრე.

ასეთ კაი ყმად მოიხსენიება რაჭისუბნელი გიორგი რეხვიაშვილი. მან სკოლის ასაკიდანვე გააცნობიერა, რომ ადამიანობა ფასდება მისი სულიერებით. ამიტომ შეიყვარა ჩვენი  დიდებული პოეზია  და ეზიარა მის მადლს.

თავის პირველ ლექსში – „ბოლნისის სიონს“  წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის კულტურული წარსული და სამშობლოს სიყვარული.

მიუხედავად ურჯულოთა თარეშისა, ლექსში ვკითხულობთ: „მაინც არ გატყდი, არ დაეცი, იდექი მყარად“.

 უამრავი ლექსის ავტორს არ უფიქრია, რომ მისი შემოქმედება საზოგადოებისთვის გაეცნო, ჰყავს თავისი პუბლიკა, ვისაც  უთქმელ გრძნობებს და გულის სიღრმიდან წამოსულ სათქმელს, ლექსად უზიარებს.

-ბატონო გია, ვინ არის თქვენი პირველი ლექსის შემფასებელი?

-პირველი ლექსი „ბოლნისის სიონს“ მე-8-ე კლასში დავწერე, რა თქმა უნდა მამას წავაკითხე, შემდეგ ჩემს პედაგოგს, მასთან დღემდე ინახება ჩემი ლექსები. სიმართლე გითხრათ, არც მიცდია  ნაწერების გამომზეურება, მყავს მცირედი მკითხველი და შემფასებელი. ვთვლი, რომ ლექსები, რომლებსაც ვწერ, ჩემი სულის ნაწილია და მინდა ჩემში დარჩნენ.

– რა, ან ვინაა თქვენი შთაგონების წყარო?

-წინასწარ არ ვფიქრობ, სათქმელი გულიდან მოედინება, მუზა მკარნახობს, თუმცა ძირითადად ჩემ ლექსებში, ჩემი შინაგანი სამყარო, ჩემი გრძნობები და განცდებია, მტკივა თუ მიხარია, ყველაფერს ფურცელზე გადმოვცემ.

-ბატონო გია, გამორჩეული ლექსი თუ გაქვთ?

-სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კარგი ლექსი დავკარგე, რაც მაქვს ყველა ჩემია, ჩემი სულის ნაწილია და ვერც ერთს  გამოვარჩევ.

-საყვარელი მწერალი, ნაწარმოები?

-კონსტანტინე გამსახურდია, დავით აღმაშენებელი.

-ქართველი პოეტი

-ვაჟა ფშაველა, რომლის შემოქმედება, სისადავით, უბრალოებით და ფილოსოფიური თვალსაზრისით, გამოირჩევა.

-რა არის, რაც ყველაზე მეტად გტკივათ?

-მტკივნეული თემა საზოგადოების განათლების დონეა. სამწუხაროდ ადამიანები დაშორდნენ წიგნს – წიგნიერებას. ჩემი დიდი სურვილია იგრძნონ, ისწავლონ, იკითხონ და განვითარდნენ უკეთესი მომავლისთვის.

-ის, რასაც ყველაზე მეტად ისურვებდით?

-როგორც ყველა ქართველი, ყველა პატრიოტი, ვისურვებდი „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“  გაერთიანებულ საქართველოს, ვისურვებდი ასევე, ჩემი ლექსების კრებულად გამოცემას, სამწუხაროდ,  ფინანსები არ მაქვს და ველოდები კეთილი ადამიანის გამოჩენას, ვინც ჩემს ლექსებს დაასპონსორებს და კრებულში მოუყრის თავს.

ასე ხედავს ბატონი გია საკუთარ თავს პოეზიაში, არ ელოდება ვინმეს, არც რამეს, მუზა თავისთავად მოდის და წერს, ყველა სტრიქონი მისთვის განურჩევლად საყვარელი და სასურველია, მისი სულის ნაწილია. მისი შემოქმედება გლოლას, ჭიორას, ქვევრში ხვანჭკარას და უფოთლო ხეებს ეალერსება. მშობლიური რაჭის ტკივილი და სიხარული სტკივა და უხარია. წერს, რომ აკრთობს ბილიკების სითეთრე, რომ ვახშმობს ჭექა-ქუხილთან, რომ სანახშო გალღვა და გათბა… ეს სენტიმენტალური სტრიქონები ბატონი გიას შემოქმედების ლაიტმოტივია, საუკუნეთა თარეშში არ უნდა წუხილთან მარტოდ დარჩენა და ცხოვრების მეგობარს, საყვარელ მეუღლესაც უძღვნის ლამაზ სტრიქონებს, თუმცა სამზეოზე გამოტანას თითქოს არ ფიქრობდა, მაგრამ, რატომაც არა..

***

თუ ასე ტურფა იყავი,

რად ვერ გამჩნევდი ქეთინო,

მარადჟამს უნდა მაცრემლო,

მარადჟამს უნდა მეტკინო.

საუკუნეთა თარეში,

ერთ წამში ჩავატიეო,

თუ სიყვარული დაგაკელ,

დამტუქსე, მაპატიეო.

შენით ვარ ედემის ბაღში,

სუფთა, რაკრაკა წყაროო,

ამოგიშანთავ სადარდელს,

ვეცდები დავაწყაროო.

გასწი, გაქუსლე მერანო,

არ მომანატრო  თარეში,

სულ გრიგალებში მამყოფე,

აღტაცებათა ფარეხში,

გავხედნე ურჩი საწუთრო,

დავადგი უნაგირიო,

კვლავ საუკუნედ მეძახდე,

შენა ხარ ჩემი გმირიო…

დაღვინდა ხვანჭკარა ქვევრებში

ღვინუკა აღარ გავს მაჭარს,

უფოთლო ხეები ტყეებში,

ზამთარი ეწვია რაჭას.

თვლემენ ზარმაცად სოფლები

გლოლა, ჭიორა, ღები,

სანამ მოისხავს ფოთლები,

ჩაირაზება გზები.

ბუხართან კვამლი და ღადარი

ლორუკა მწიფება სხვენში,

ასეთი სიმსუყე აქ არი,

ასეთი ზმანება ჩვენში.

რეზინის ჩექმებით ნატკეპნი

სანახშო გალღვა და გათბა,

ოხუჯი სიტყვით და საწკეპლით

შაირებს არა აქვს დათვლა,

ამ სიზარმაცეში ვიშობე

ღმერთო მაცალე ბევრი,

ნუ შევთხოვთ ნამეტანს ღვთისმშობელს,

მრავალძალს ამღერდა ქვევრი.

მე ბილიკების მაკრთობს სითეთრე

როგორც ჭაღარა იშვიათობას,

ამქვეყანაზე თუკი ვიერთე,

რაღა აზრი აქვს მზიდგან დათრობას.

უკვე ვივახშმე ჭექა-ქუხილთან,

თავზე დამემსხვრა ჭოტის კივილი,

ო, ნუ დამტოვებ მარტო წუხილთან,

იქნებ იშვილო ჩემი ტკივილი!


Share.

Leave A Reply