ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2020 წელი შეაჯამა

0

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა 2020 წელს ბოლნისში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. აღსანიშნავია რომ პანდემიის ფონზე ქვეყენაში შექმნილი ვითარების მიუხედევად, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, სოციალური უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის  ხელშეწყობის კუთხით  არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის  წელს 18 მასშტაბური პროექტი განხორციელდა, სასმელი წყლით მომარაგების გასაუმჯობესებლად  12 პროექტი დასრულდა,  282-მა  სტუდენტმა კი ისარგებლა  ყოველთვიური მუნიციპალური სტიპენდიით. როგორც ყოველთვის საკმაოდ მრავალფეროვანი იყო 2020 წლის მუნიციპალური სოციალური პროგრამაც.   მერმა საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა იმ ერთობლივ დაუღალავ შრომასა და საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც ბოლნისში ორ თვიანი კარანტინის პერიოდში განხორციელდა.

,, პანდემიის მიუხედავად, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 2020 წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა. მომავალი წელი ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია 2021 წელს კვლავ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელთა უმთავრესი მიზანიც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და მუნიციპალიტეტის სწრაფი განვითარება იქნება,“განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

გთავაზობთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ინტერვიუს სრულ ვერსიას…

,,ძვირფასო ბოლნისელებო, მალე 2021 წელი შემობრძანდება. მინდა, ბოლნისსა და სრულიად საქართველოს ახალი წელი მივულოცო. ახალი წელი ყოველი თქვენგანისთვის ბედნიერების, წარმატებისა და მშვიდობის მომტანი ყოფილიყოს!

 მსურს, მუნიციპალიტეტში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები მოკლედ შევაჯამო.

2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნისა და სრულიად საქართველოსთვის გამოწვევებით სავსე წელი იყო. პირველი ტალღის პერიოდში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2 თვის განმავლობაში საკარანტინო მდგომარეობის პირობებში უწევდა ცხოვრება. მოხარული ვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მთელ რიგ შეზღუდვებსა და წესებს გაგებით ეკიდებოდა და ზედმიწევნით იცავდა, რამაც მუნიციპალიტეტში სტაბილური ეპიდსიტუაციის შენარჩუნება განაპირობა. ამ რთულ პერიოდში განსაკუთრებული სიმამაცე ჩვენმა მედიკოსებმა, მოხალისეებმა და სამართალდამცველებმა გამოიჩინეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

საკარანტინო პერიოდის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა. შეიქმნა საგანგებო შტაბი, ამოქმედდა უფასო ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლებისდაგვარად სწრაფად ხდებოდა.

2 თვის განმავლობაში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე აქტიურად ვაწარმოებდით  საინფორმაციო კამპანიას. მედიკოსების მიერ ხდებოდა  PCR ტესტების გაკეთება, ასევე  რამდენიმე ეტაპად განხორციელდა მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას ანტიგენის სწრაფი და PCR ტესტების გაკეთება ახლაც სრულიად უფასოდ შეუძლია.

ამ პერიოდის განმავლობაში არ შეჩერებულა „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესით“  განსაზღვრული არცერთი პროგრამა. მუნიციპალიტეტმა აქტიურად დაიწყო მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების დახმარება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯამში 13 567  სასურსათო პაკეტი დარიგდა. საკარანტინო პერიოდში 530 ბენეფიციარი მედიკამენტებით, მკურნალობის, დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებითა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად მატერიალური დახმარებით უზრუნველვყავით.

განსაკუთრებით დიდი მადლობა მსურს გადავუხადო  ბიზნეს სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებმაც  საკარანტინო პერიოდში მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სხვადასხვა სახის დახმარება გაუწია. ამ თანადგომამ ნათლად დაგვანახა, რომ ჩვენ რთულ პერიოდებში ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება შეგვიძლია და ასე თუ მომავალშიც გავაგრძელებთ, მჯერა, რომ სულ მალე, ყველანი ერთად, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, არაერთ წარმატებას მივაღწევთ.

პანდემიის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა არ შეწყვეტილა. 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 10 966 414 ლარის ღირებულების 149 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

საგზაო ინფრასტრუქტურისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა

კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 2020 წელს 18 მსხვილი პროექტი განხორციელდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჯამში 9 938 გრძივი მეტრის მოცულობის 6 138 235 ლარის ღირებულების გზა მოეწყო.

მოსახლეობის მოთხოვნით, წელს დაბა კაზრეთში 3 კორპუსის მიმდებარედ შიდა გზის მოწყობის სამუშაოები განვახორციელეთ. კორპუსების ირგვლივ ასფალტის საფარი დავაგეთ და სანიაღვრეები მოვაწყვეთ. აღსანიშნავია, რომ დაბაში 15 000 კვადრატული მეტრის მოცულობის დაზიანებული გზების შეკეთება კომპანია „არემჯიმ“ განახორციელა, კომპანიამ ასევე შიდა გზა რამდენიმე კორპუსის მიმდებარედაც მოაწესრიგა.

წელს სოფელ რატევანში 5 ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო  . მოხარული ვარ, რომ სოფელში წლების განმავლობაში არსებულ შიდა გზების პრობლემას თანდათან აქტიურად ვაგვარებთ. წელს ასფალტი კიდევ 3 სოფელში დავაგეთ. საერთო ჯამში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 3808 გრძივი მეტრის მოცულობის ასფალტის გზა მოეწყო. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სრულმა ღირებულებამ  1 822 134 ლარი შეადგინა.

ბეტონის საფარი წელს სოფელ ჭაპალაში, ძველ ქვეშში, ქვემო ბოლნისში, მამხუტსა და  მუშევანში დაიგო. საერთო ჯამში, 2020 წელს,  5050 გრძივი მეტრის მოცულობის ბეტონის გზა გაკეთდა, რისთვისაც 2 818 681 ლარი დაიხარჯა.

ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის გზა ქ. ბოლნისში მერაბ კოსტავას ქუჩაზე, მის მიმდებარე ჩიხებსა და იაკობ ცურტაველის ქუჩებზე, ასევე სოფელ ქვეშში მოეწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1080 გრძივი მეტრი ქვაფენილის გზის დაგებას ჯამში 1 497 419 ლარი მოხმარდა.

წელს დაიწყო ისტორიული პროექტის „მარნეულის წყლის-წყალარინებისა და ბოლნისის წყალარინების სისტემის მშენებლობა“, რომელმაც ქალაქ ბოლნისში არსებული კანალიზაციის ქსელის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამ ეტაპზე სამუშაოები ცენტრალურ მაგისტრალზე მიმდინარეობს, რომლის  დასრულების შემდეგ,  ქალაქში არსებული  საკანალიზაციო სისტემები მთავარ ქსელს მიუერთდება. პროექტის სრულად განხორციელების შემდგომ ჩვენ,  ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში, შიდა გზების მოწყობას აქტიურად დავიწყებთ.

2020 წელს საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე დაბა კაზრეთში მიმდინარეობდა, დაბა თამარისსა და ქალაქ ბოლნისში კი კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია მრავალსართულიან ბინებშიც განხორციელდა.

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია

სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და „სოფლის განვითარების პროგრამის“ დაფინანსებით წელს 12 პროექტი განხორციელდა, სრული ღირებულებით 806 983 ლარი. წელს სოფელ ტალავერში წყალმომარაგების ქსელის გაფართოების სამუშაოებიც განვახორციელეთ. დღეის მდგომარეობით, სოფელში, რელიეფიდან გამომდინარე, სასმელი წყალი შეფერხებით  მხოლოდ ერთ უბანს მიეწოდება,  ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კი მომავალ წელს ჭაბურღილის გაკეთება იგეგმება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაბა კაზრეთსა და დაბა თამარისში 1 349 008 ლარის ღირებულების 55 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. პროექტების ძირითადი მიმართულება წყლის სისტემების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სპორტული სივრცეების მოწყობას მოიცავდა.

სოციალური პროექტები

ბოლნისის მუნიციპალიტეტი  სოციალური პროგრამებით უდავოდ გამოირჩევა. 2020 წელს, ამ მიმართულებით, 3 302 900 ლარი დაიხარჯა. ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 206-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 200 188  ლარი გამოიყო. 270 შშმ პირის დახმარებებს  348 100 ლარი მოხმარდა, სოციალურად დაუცველი ერთ წლამდე ბავშვების ყოველთვიური კვების უზრუნველყოფისთვის კი 15 300 ლარი დაიხარჯა.

2020 წელს, რეინტენგრირებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარებებისთვის 6 400 ლარი გამოიყო. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის სეზონზე მატერიალური დახმარებით მერიამ  581 ბენეფიციარი უზრუნველყო, რისთვისაც 116 250 ლარი დაიხარჯა. ბინის ქირის გადასახადი 2020 წელს 17 ბენეფიციარს გადავუხადეთ, რამაც ჯამში 18 800 ლარი შეადგინა. სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები 38 ოჯახისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფას კი 30 300 ლარი მოხმარდა.

სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამით, 2020 წელს,  3 212 ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 936 812 ლარი დაიხარჯა. ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა დახმარებას 12 300 ლარი მოხმარდა. ერთჯერადი დახმარებებით  კი 6 780 ბენეფიციარმა ისარგებლა, ამ პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს,  832 500 ლარი დავხარჯეთ. 2020 წელს  სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 735 900 ლარი მოხმარდა.

ტურიზმის ხელშეწყობა

ჩვენ აქტიურად ვცდილობთ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად  ვაქციოთ. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 2020 წელსაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. 2020 წელს ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის ისტორიული პროექტი განხორციელდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ციხემდე მისასვლელი გზა სრულად მოეწყო. 100 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო, ხოლო 485 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა. ობიექტზე დამონტაჟდა გარე განათებები და რკინის მოაჯირები. პროექტის სრულმა ღირებულებამ 595 000 ლარი შეადგინა.

2020 წელს ევროკავშირის გრანტის დაფინანსებით თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების ფასადები რეაბილიტირდა, მოეწყო ღობეები და თითოეული მოსახლის კარები განახლდა. სამუშაოების სრულმა ღირებულებამ 54 300 ლარი შეადგინა. ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, წელს ასევე, ბოლნისის ისტორიულ ნაწილში დაიდგა ტურისტული მარკირების ნიშნები, რომლებზეც ძველი გერმანული უბნებისა და ისტორიული ნაგებობების შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დატანილი.

21 ივლისს ბოლნისის ახალი მუზეუმი გაიხსნა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და საგამოფენო სივრცე მოეწყო. მუზმეუმში ასევე გამორჩეული ადგილი უკავია 200 წლის წინ, სამხრეთ გერმანიიდან საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების მოღვაწეობისა და მათი ცხოვრების ამსახველ ექსპოზიციას. მუზეუმში ასევე განთავსებულია გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გოეთეს ინსტიტუტმა, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მუზეუმში მედიათეკა გახსნა. ბოლნისის ახალი მუზეუმი კომპანია „არემჯის“ დაფინანსებით აშენდა, რისთვისაც კომპანიას დიდ მადლობას ვუხდი. ვფიქრობ, ახალი მუზეუმი არაერთ ტურისტს დააინტერესებს და ეს სივრცე, ჩვენს მუნიციპალიტეტში, თავის გამორჩეულ ადგილს აუცილებლად დაიმკვიდრებს.

წელს საფუძველი ჩავუყარეთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნეს აქტივობების ხელშეწყობა“, რომლის ფარგლებშიც,  სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო დახლები, სახელოსნოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყობა. ტურისტულ სექტორში ჩართული ტანძიის მოსახლეობა კი გაყიდვებისა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით გადამზადდება.

პროექტისთვის UNDP-მ 59 200 ლარის ოდენობის გრანტი გამოყო. მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება კი 36 000 ლარს შეადგენს. გრანტის ფარგლებში იგეგმება მუზეუმის ელექტრონული პლატფორმის შექმნაც.

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, ამიტომ, ჩვენც ვცდილობთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. 2020 წელს, პანდემიის პირობებში, ჩვენს ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებაში ხელი არ შეშლიათ. საკარანტინო პერიოდის განმავლობაში გაიცემოდა სპეციალური საშვები, რომელთა დახმარებითაც ფერმერებს გადაადგილებაზე შეზღუდვა არ ექმნებოდათ.

2020 წელს სოფელ ნახიდურში საექსპორტო კარტოფილის შემკრები პუნქტი გაიხსნა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კარტოფილის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ ამ სადისტრიბუციო პუნქტის საშუალებით განხორციელდა. სოფელ ნახიდურში სადისტრიბუციო პუნქტის გახსნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით  გადაწყდა. 2020 წელს კი სოფელ ხატისოფელში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა, რომელიც  სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, სამაცივრე მეურნეობაში 800 ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. მსგავსი მეურნეობების შექმნა ვფიქრობ, მუნიციპალიტეტში ამ დარგის კიდევ უფრო მეტად განვითარებას განაპირობებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობა. ევროკავშირის დამსახურებით, საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ერთადერთი მუნიციპალიტეტი ვართ, რომელიც აგროცენტრის საშუალებით, ადგილობრივ დამწყებ ფერმერებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს პროდუქტის წარმოებაში ეხმარება. აგროცენტრმა ფუნქციონირება 2020 წელს დაიწყო და ის ფერმერებს ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე საკონსულტაციო მომსახურებას აწვდის,  მათ ფინანსურ, იურიდიულ და მარკეტინგულ საკითხებში დახმარებას უწევს. ცენტრი ასევე ფერმერებს თანამედროვე დანადგარების გამოყენებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეფუთვის, ეტიკეტირების, გაფილტვრისა და ბოთლებში ჩამოსხმის მობილურ სერვისსაც სთავაზობს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა

პანდემიიდან გამომდინარე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა საბავშვო ბაღი დაიკეტა და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყეტილება, სასწავლო პროცესის შეჩერების მიუხედავად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ყველა მოსწავლისთვის სასურსათო პაკეტები დაერიგებინა. საერთო ჯამში ჩვენ ოთხჯერ გავეცით საკვები პროდუქტებისგან შემდგარი პაკეტები, რისთვისაც ჯამში 385 134 ლარი დავხარჯეთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა პატარებმა მერიისგან წინასაახალწლო ნობათებიც მიიღეს.

2020 წელს დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები განვახორციელეთ. სამუშაოების ჩატარება 2019 წელს ბაღის შენობაზე აღმოჩენილი ბზარების შედეგად გახდა აუცილებელი.  პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რისთვისაც 209 176 ლარი დაიხარჯა.

წელს ასევე სოფელ ტანძიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სველი წერტილების, სამზარეულოსა და ერთი ჯგუფის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ჯგუფში ასევე გათბობის სისტემაც  დამონტაჟდა. პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულება 84 206 ლარი შეადგინა.

საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწყობა

ჩვენ განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვაქცევთ საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწერიგებას, ამ მხრივ არც 2020 წელი იყო გამონაკლისი. ქალაქ ბოლნისის N2, დაბა კაზრეთის N2, სოფლების: ქვემო ბოლნისის, ხატისოფლის, სოფელი ბოლნისის, ზემო არქევანის, ქვემო არქევანის, ჯავშანიანის, ძველი ქვეშისა და გეტას საჯარო სკოლებში წელს სველი წერტილების რეაბილიტაცია განხორციელდა. დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში ასევე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავი გაკეთდა. 2020 წელს, ასევე, სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში მზაობის ჯგუფი მოეწყო, სოფელ ჭაპალას სკოლაში კი  სახურავი რეაბილიტირდა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ზვარეთში, 60 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა.

ახალგაზრდების ხელშეწყობა

მიუხედავად იმისა, რომ წელს უნივერსიტეტები დისტანციური  სწავლის რეჟიმზე გადავიდნენ, ბოლნისის მუნიციპალიტეტს სტუდენტების დაფინანსება არ შეუწყვეტია. სტუდენტების დახმარების პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიური სტიპენდიით, 2020 წელს  147-მა  სტუდენტმა ისარგებლა,  რისთვისაც ბიუჯეტიდან 45 800 ლარი დაიხარჯა. 135 წარჩინებული სტუდენტის დაფინანსებამ კი 50 000 ლარამდე შეადგინა. 2020 წელს მერიამ სტიპენდიები ასევე პროექტ „ეტალონის“ გამარჯვებულებსაც დაუნიშნა.

2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სპორტსმენებს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს თავისუფალ ჭიდაობაში, ძიუდოში, ფრენბურთში, კრივში, ასევე სპორტული ცეკვების ჩემპიონატის გამარჯვებულ ახალგაზრდებს ყოველთვიური ფულადი სტიპენდია დაუნიშნა, რისთვისაც ჯამში 101 850 ლარი  დაიხარჯა.

პანდემიის მიუხედავად, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 2020 წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული  ონლაინ ვიქტორინა „გაანათე შენი გონება“ ენერგოეფექტურობის ცენტრმა, ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში გამართულ სამ საუკეთესო აქტივობას შორის დაასახელა.

მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი უკვე დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 28 914 000 ლარით განისაზღვრა. 2021 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურადაა ასახული ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები და მუნიციპალიტეტის გამოწვევები, ამიტომ მჯერა,  მომავალი წელი ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია 2021 წელს კვლავ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელთა უმთავრესი მიზანიც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და მუნიციპალიტეტის სწრაფი განვითარება იქნება,”- დავით შერაზადიშვილი.


Share.

Leave A Reply