არტიზანული ბიო პური ,,ჩვენი“ – ჯვრის გამოსახულებით – ეს ბოლნისელი რუსუდანის ხელწერაა, რომლის წარმოებასაც უწმინდესი უჭერს მხარს

0

სრულიად შემთხვევით ნანახმა, ნაცადმა და ჯანმრთელი პროდუქციის კეთების სურვილმა, ინტერესი გაუმძაფრა და ოჯახური საქმიანობა ერთ დღესაც მცირე ბიზნესად აქცია. რუსუდან ქვარცხავას,  საზოგადოება არაერთი სფეროდან იცნობს,  მუშაობს კლინიკაში, პარალელურად არის ფოლკლორული ანსამბლის „ბოლნელას“ წევრი და გალობს ტაძარში. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულმა ჩვენმა რესპოდენტმა, ინტერნეტში ნანახი რეალობაში გადმოიტანა და ბუნებრივი საფუარის მომზადება ჯერ მაჭარზე და მჭადის ფქვილზე სცადა, თუმცა პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ასეთი პრინციპით მოზელილი მშრალი ბურთები მომავლის იმედით მაცივარში შეაბრძანა. რუსუდანმა ბიო პროდუქციის მომზადების ინტერესი არ დაკარგა და დაიწყო მასალების მოძიება,  პარალელურად, საფუარის მომზადების ტექნოლოგიებსაც პრაქტიკაში სწავლობდა.

„ინტერნეტში ბიო საფუარის მომზადების ტექნოლოგიას წავაწყდი, რომელსაც მამაო ამზადებდა და ჩემი ახალი საქმიანობა სრულიად სპონტანურად წამოვიწყე,   მამაოსაც ვესაუბრე, მაგრამ  მიუწვდომლად მეჩვენა ამ საფუარით ცომთან ურთიერთობა, ჩემი მშრალი ბურთები მაცივარში შევაბრძანე. თუმცა, რამდენიმე თვეში, ისევ წავაწყდი ინტერნეტ-სივრცეში ბიო პურებს. ამჯერად უკვე ვიცოდი, რა მინდოდა, ვათენებდი ღამეებს, რომ ცომთან მქონოდა კავშირი, ასე ნელ-ნელა, პურის მსგავსი გამოვიდა, გადავწყვიტე,  დროჟი საერთოდ ამომეღო დღის წესრიგიდან და გადავედი ბუნებრივ საფუარზე“.

 100%-ით ნატურალური, ვიტამინებით, მინერალებითა და მიკროელემენტებით სავსე ბიო, არომატული პური, მოითხოვს ძალიან დიდ შრომას. პირველ რიგში, უნდა მომზადდეს ბიო საფუარი, რომელსაც დროის სწორად გადანაწილება სჭირდება.

„არომატული და ბიო პურის მომზადება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, უნდა შექმნა ბიო საფუარი, თავდაპირველად 10 დღე დაჭირდა ბაზას. მას  ყოველდღიური კვება სჭირდება და გარკვეული ეტაპები, რომ სასურველი საფუარი მიიღო. არტიზანულიც სწორედ აქედან მოდის, რომ შენი შემოქმედებაა, თავიდან ბოლომდე შენი შექმნილია, როგორც ხელოვანი ქმნის თავის ნაშრომს. ჯანმრთელია და ბიოლოგიურად სუფთა“, ამბობს რუსუდანი.

არტიზანული ბიო პური – ეს ერთ-ერთი სახეობა და მიმდინარეობაა პურის ცხობის კატეგორიებში, ძალიან ჰგავს ძველ ქართულ ფურნეს, მას თავისი ტექნოლოგიები აქვს, რომელიც აუცილებლად ხაშზე, ანუ ბუნებრივ საფუარზე მზადდება. ეს არის ადამიანის მიერ ტრადიციული ტექნოლოგიებით შექმნილი, ბუნებრივი და ღირებული პროდუქტი, რომელიც ხელოვნებასთან არის შერწყმული, კარგად გააზრებული და დაგეგმილი.

„არტიზანული იმიტომ ჰქვია, რომ ხელოვნების თანშერწყმაა. ისეთ ეტაპებს გადის ცომი, რომ სხვაგვარად ვერც იქნება.   ამოსულ ცომს სასწორის მეშვეობით თანაბრად ვყოფ, ამიტომ გუნდებს კალათაში ჩავაბრძანებ და ვამზადებ გამოსაცხობად. ეს ყველაფერი იწყება საღამოს 6 საათიდან და თითქმის,  ღამისთევით გრძელდება. იზილება ცომი, რომელსაც მინიმუმ 3-4 საათი სჭირდება ამოსასვლელად, შუალედებში   ე.წ. გადაკეცვას საჭიროებს, რომ ცომმა თავის ენაზე დაიწყოს საუბარი. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. განტვირთვაა ერთგვარი, ყოველი შეხება ცომთან, არის ახალ-ახალი ემოცია”.

არტიზანული პურის ხიბლი კიდევ მის ვიზუალშია, მცხობელს შეუძლია შექმნას სხვადასხვანაირი ფორმითა და ნახატით, რაც ალამაზებს და ამშვენებს პურს. რუსუდანის ბიო პურს, სხვებისგან სწორედ მასზე გაკეთებული ჯვარი განასხვავებს. ,,არტიზანული ბიო პური’’ – ჯვრის გამოსახულებით – ეს რუსუდანის ხელწერაა, მას მხოლოდ ბოლნისში, მხოლოდ ჩვენი რესპოდენტი აცხობს. რუსუდანის ქართული პური, ქართული ენდემური ჯიშის ბიო ხორბლისგან წარმოებული,  ბიო წითელი დოლის ცეხვილითა და ფირმა „ლომთაგორას“ თეთრი ფქვილით მზადდება. რაც შეეხება ქართულ ხორბალს, მისი პოპულარიზაცია, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის 2009 წლის საშობაო ეპისტოლემ განაპირობა. გამომდინარე აქედან, რამდენიმე წელიწადში, ქართული ჯიშების ბიო პროდუქტების წარმოების ხელშემწყობი გაერთიანებები ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი სტრატეგია, ქვეყნის სახნავი მიწების 70%-ზე ქართული ჯიშის ხორბლის,  30%-ზე კი სხვა კულტურების დათესვა იყო. რაც შეეხება ქართულ ხორბალს, სხვებისგან მაღალი ხარისხითა და მთელი რიგი თვისებებით გამოირჩევა, რაც მას განსაკუთრებულ სელექციურ ღირებულებას ანიჭებს. ქართული სახეობები სოკოვანი დაავადების მიმართ მაღალი კომპლექსური იმუნიტეტით, გარემოსადმი ადაპტაციის მაღალი უნარით, პურსაცხობით და სხვა საუკეთესო თვისებით გამოირჩევა. ჩვენი წინაპრები, მას ასევე იყენებდნენ, როგორც სამკურნალო მცენარეს. სწორედ ეს თვისებები გახდა საფუძველი, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ქართული ხორბლის მოხსენიების.

“საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა. ჩვენი წინაპრებისთვის ღვინო და პური, გარდა თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცისა და სისხლის სიმბოლოს უკავშირდება და ამიტომაც, ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, და განსაკუთრებულადაც უვლიდა. ეს უნდა აღდგეს… სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ უნიკალური ქართული ხორბალი გაქრობის პირასაა… მოსახლეობამ უარი უნდა თქვას ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციაზე, თვითონ უნდა დაიწყოს მიწის დამუშავება და შექმნას მცირე საწარმოები, ხელოვნური ტექნოლოგიების საპირისპიროდ. დღეს უკვე დიდი ბიძგი მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება… ვიდრე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო ჯიშები, თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საქმე რეალობად იქცეს. ამით ჩვენს სიმდიდრესაც შევინარჩუნებთ და მომავალი თაობების ჯანმრთელობასაც დავიცავთ”, – ბრძანა პატრიარქმა 2009 წლის საშობაო ეპისტოლეში.

რუსუდანისთვისაც სწორედ ის, რომ ჯანმრთელ პროდუქტს შესთავაზებდა ოჯახს, გახდა ახალი წამოწყების მიზეზი.  დაიწყო ერთი პურით და დღესდღეობით, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე, აცხობს საშუალოდ 20 პურს. პირველი ნამუშევრის დეგუსტაცია ოჯახისა და სამსახურის პრეროგატივა იყო. ნელ-ნელა ასწორებდა ხარვეზებს. სწორედ ბიზნეს იდეაც სამსახურში გაჩნდა. გემოვნური და კვებითი თავისებურებით გამოცხობილი პური, ცხობისას არაჩვეულებრივ სურნელს აყენებს. სწორედ ამ თვისებების გამო პურზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რასაც რუსუდანი ტექნიკის გარეშე ვერ აკმაყოფილებს.

„ამ ყველაფერს ბევრი ღამისთევა და ყოველდღიური შრომა სჭირდება, ვაპირებ სამომავლოდ გაფართოებას, ჩემი სივრცე მჭირდება, ყველა საჭირო ინვენტარით, საცხობი და საზელი მეჩქარება. ძალიან დადებითად და ინტერესით შეხვდა მომხმარებელი.  ვინც დააგემოვნეს, მეუბნებიან სხვა პურს ვეღარ ვჭამთო. ერთია ცხობა და მეორე ყველაზე მთავარი, კმაყოფილი მომხმარებელი. მადლობა მინდა გადავუხადო მათ ნდობისთვის, დღეს რომ აქამდე მოვედი, სწორედ მათი დამსახურებაა. მადლობა ყველა კეთილ ადამიანს, ვინც გვერდში დამიდგა და უანგაროდ, გულწრფელად მეხმარება, რომ არ დავყარო ფარ-ხმალი ამ სასიკეთო საქმის კეთებაში,  სტიმულს მაძლევენ წარმატების მოპოვებაში. ჩვენი ხორბალი და მისგან წარმოებული პროდუქცია იმდენად ჯანმრთელია, რომ საზოგადოებამ მეტი უნდა გაიგოს ამის შესახებ.

ნონა ხუზმიაშვილი


Share.

Leave A Reply