არემჯიმ „ იდეების ლაბორატორია 2020“ -ის გამარჯვებული გამოავლინა

0

ბოლნისის ახალი მუზეუმის საპრეზენტაციო სივრცეში „არემჯის“ საგანმანათებლო პროექტ „იდეების ლაბორატორიის“  დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ოთხი პროექტიდან კომპანია „არემჯის“ და ახალგაზრდული ცენტრი „მზიან სახლის“ წარმომადგენლებისგან დაკომლექტებულმა ჟიურიმ, საუკეთესო გამოავლინა, რომლის განხორციელებასაც კომპანია სრულად დააფინანსებს.

გამარჯვებული პროექტის ავტორები, კაზრეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან და ის დაბა კაზრეთის დასვენების პარკში „პავილიონის“ მოწყობას გულისხმობს, რომელიც  ახალგაზრდების მიზიდულობის მთავარ ცენტრად უნდა იქცეს.

„პროექტის მიზანია, დაბაში ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა. ვფიქრობ, 2 კვირიანი ინტენსიური ტრენინგის დროს მიღებული გამოცდილება და  პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა,  სამომავლოდ ძალიან გამოადგებათ კაზრეთელ ახალგაზრდებს. საქმე რომელსაც ისინი თავისი ხელით გააკეთებენ, ბევრად ღირებული იქნება მათთვის.  წელს პროექტში მონაწილე ოთხივე გუნდმა  ძალიან საინტერესო პროექტები შემოგვთავაზა. გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში ვიხელმძღანელეთ იმ მიდგომით თუ რომელი პროექტი მეტ სარგებელს მოუტანდა დაბას და მთლიანად საზოგადოებას. ვფიქრობ „პავილიონის“ კეთილმოწყობის იდეა ძალიან კარგად დაინახეს ახალგაზრდებმა. ამასთანავე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  კომპანია დარჩენილი სამი პროექტიდან ძირითად იდეების განხორციელებასაც შეუწყობს ხელს.“ – განაცხადა საკადრო საკითხებში“ არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ  გიორგი ჩხეიძემ.

,,წელს იდეების ლაბორატორიამ მეორე ნაკადს უმასპინძლა, დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო, თუმცა პანდემიის პრევენციის მიზნით ათ-ათი მოსწავლე შეირჩა დაბის საჯარო სკოლებიდან. ორ საფეხურად ჩატარდა პროექტების წერის ტრენინგი და საბოლოოდ 4 პროექტი მომზადდა. მათ გავაცანით პრობლემების ინდეტიფიცირება, მისი შესწავლა, დამუშავება, მიზნის ფორმულირება, საჭიროებების კვლევა და ა.შ. ახალგაზრდებმა გასაოცრად გაართვეს თავი.  წელს პრიორიტეტი „მწვანე გარემო“ და „სოციალური ურთიერთობა“ იყო, თუმცა მოსწავლეების პროექტები, დაბაში ურთიერთობების ჰარმონიზებასაც ეხებოდა. ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზრდები არიან, მსგავსი პროექტებით ისინი აუცილებლად შეძლებენ არაერთი პრობლემის  მოგვარებას.“ – 

აღნიშნა არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრის „მზიანი სახლის“ გამგეობის თავმჯდომარემ ნოდარ მამინაიშილმა.

„იდეების ლაბორატორიამ“ მოგვცა უნიკალური შანსი, მოგვემზადებინა პროექტი, რომლითაც შევძლებთ დაბის განვითარებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ჩვენი პროექტის „პავილიონი – ახალგაზრდების მიზიდულობის ცენტრი“ მიზანია დაბაში გავაცოცხლოთ უფუნქციოდ დარჩენილი სივრცე, მოვაწესრიგოთ მიმდებარე ინფრასტრუქტურა. პროექტისთვის შევიძენთ სხვადასხვა ინტელექტუალურ სამაგიდე თამაშებს, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება ემოციების, ფანტაზიის უნარების და ინტერესების სფეროს გაფართოებაში. ჩვენი  სივრცე ყველა ასაკის ადამიანებისთვის იქნება. „იდეების ლაბორატორია“ დაგვეხმარა ჩვენი ოცნება რეალობად გვექცია. ტრენინგებზე ვისწავლეთ  პროექტის წერა, რაც ცხოვრების შემდგომ ეტაპზე ძალიან გამოგვადგება“. – განაცხადა დაბა კაზრეთის #2 საჯარო სკოლის გამარჯვებული გუნდის წევრმა ანა ზურაბიშვილმა.

ლკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, „არემჯი“ ბოლნისის რაიონში ახალგაზრდებისთვის საგრანტო კონკურსს  მე-2  წელია ახორციელებს და მასში უკვე 50-მდე  ახალგაზრდაა ჩართული.


Share.

Leave A Reply