ბოლნისში 480-მა ბენეფიციარმა ჰუმანიტარული დახმარება მიიღო

0

საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და პირადი მოხმარების ნივთები დღეს  ბოლნისში 480-მა სოციალურად დაუცველმა მარტოხელა ხანდაზმულმა მიიღო.

საქართველოს „წითელი ჯვრის საზოგადოება“-სა  და „გაეროს  მოსახლეობის ფონდის“ პარტნიორობით, საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში, covid-19-თან დაკავშირებით  ერთობლივი პროექტი ხორციელდება,  რომელიც, ხანდაზმულთა  მხარდაჭერის კუთხით, სხვადასხვა  ღონისძიებებს ითვალისწინებს.  პროექტის ფარგლებში  დღეს ბოლნისში საქველმოქმედო აქცია მოეწყო.

,,გაეროს ფონდის დახმარებით, საქართველოს წითელი ჯვარი, ეხმარება 60 წელს გადაცილებულ, სოციალურიად დაუცველ მარტო მცხოვრებ მოქალაქეებს. ეს არის ჰიგიენური საშუალებების ამანათები და საკვები პროდუქტები. გარდა ამისა, გვაქვს საინფორმაციო მასალები Covid-19-ის შესახებ, რომელიც წარმოდგენილია  როგორც ქართულ, ისე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რათა გასაგები იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. აქვე მითითებულია წითელი ჯვრის ცხელი ხაზის ნომერი, საჭიროების შემთხვევაში, ფენეფიციარებს  შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ  შესაბამისი დახმარება,“განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელმა თამარ კამკამიძემ.

ამანათების დარიგებას ორგანიზება ,,წითელი ჯვრის“ ბოლნისის ორგანიზაციამ და  მუნიციპალიტეტმა გაუწია, რომელშიც 5 ლიდერი და 45 მოხალისე მონაწილეობდა. აქციამ  მუნიციპალიტეტის თითოეული სოფელი მოიცვა.

,,ხანდაზმულთა საჭიროებებზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის ვალია,  ამიტომ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მათზეა გათვლილი. აღნიშნული პროექტი,   რომელიც საქართველოს წითელი ჯვრისა და გაეროს მხარდაჭერით ხორციელდება, ოთხ ეტაპად მიმდინარეობს,  პირველ ეტაპზე  მოვახდინეთ ყველა ბენეფიციართან გასაუბრება და მათი საჭიროებების  გამოკვლევა, მეორე ეტაპი მოიცავდა დღევანდელ აქციას, რომელიც ამანათების დარიგებას ითვალისწინებს, შემდგომ ეტაპებზეც განხორციელდება კიდევ სხვა სახის აქტივობები რომელიც იქნება  მათ საჭიროებებზე მორგებული. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ბენეფიციარს მივაწოდეთ ინფორმაცია და შესაბამისი რეკომენდაციები covid19-თან დაკავშირებით,“განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ბოლნისში, ლალი გურგენიძემ.

,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“-სა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც ერთობლივად მსგავსი სახის პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

,,მუნიციპალიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმი ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან“, რომლის ფარგლებშიც, გაეროს ფონდის მხარდაჭერით   დღეს ხორციელდება ერთობლივი პროექტი.   ბოლნისში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ჩამოტანილია  480 პაკეტი. ნობათები მოიცავს პირველადი მოხმარების ნივთებს, პროდუქტებს და ჰიგიენის საშუალებებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ორგანიზებას უწევს და ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს პროექტებს და ასევე მადლობას უხდის თითოეულ ორგანიზაციას გაწეული დახმარებისთვის,“ აღნიშნა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვალია  ნავერიანმა.


Share.

Leave A Reply