პანდემიის ფონზე წამოწყებული უპრეცენდენტო გამოწვევა ბოლნისელი პატარებისთვის

0

მსოფლიო პანდემიამ კაცობრიობა სულ სხვა რეალობის წინაშე დააყენა.  საზოგადოების დიდი ნაწილი ახალი გამოწვევების, ინოვაციური პროექტების და კრეატიული იდეების ძიების პირისპირ აღმოჩნდა. კარჩაკეტილი ცხოვრების პერიოდში, ინტერნეტსივრცე არაერთმა საგანმანათლებლო-შემეცნებითმა, კულტურულმა  სპორტულმა პროექტმა მოიცვა. იყო გამამხნევებელი მოწოდებები, გამოწვევები, ლექციები და ტრენინგები სხვადასხვა თემებზე, თუმცა, საოჯახო თოჯინების თეატრის პრეცედენტი, მხოლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან განთავსდა.

ინოვაციურმა გამოწვევამ სხვა რეგიონებიც მოიცვა.  სცენარი კი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პერიოდში დაიწერა. როგორც იდეისა და პროექტის ავტორმა, თამრიკო ბობოხიძემ აღნიშნა, „რთულია მოდუნება და უქმად ყოფნა, როდესაც ცხოვრების რეჟიმი აქტიური და დატვირთული გაქვს“. სწორედ ამ კარჩაკეტილობის პერიოდში, ბოლნისის კულტურის სახლის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა, თამრიკო ბობოხიძემ გადაწყვიტა ბავშვებისთვის  საოჯახო თოჯინების თეატრი შეეთავაზებინა კონკურსის სახით. იდეის ავტორი, თითოეულ მონაწილეს აძლევდა მითითებებს, ასწავლიდა თოჯინისა და კოსტუმების შეკერვას, ეხმარებოდა დეკორაციის შექმნისას და აძლევდა გარკვეულ ინსტრუქციას. კონკურსი  ორ ასაკობრივ კატეგორიაზე, სკოლამდელი აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის იყო გათვლილი. საოჯახო თოჯინების თეატრის კონკურსი 1 მაისიდან, ბოლნისის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, სოსო კოპალეიშვილის მხარდაჭერითა და თანადგომით გამოცხადდა. საკონკურსო პირობები კულტურის ცენტრის ვებგვერდზე განთავსდა, გაიცა გარკვეული ინსტრუქციები და განთავსდა ვიდეო გაკვეთილები, თუ როგორ შეეძლოთ მონაწილეებს თოჯინების შექმნა, სცენარის დაწერა და დეკორაციის მოწყობა. აღნიშნულ ვებ გვერდზე მალევე და-ძმა საყვარელიძეების პირველი ვიდეო სპექტაკლი, იგავ-არაკი „ორი ძმა“ აიტვირთა, რასაც არა ერთი ვიდეო მოჰყვა, აღსანიშნავია, რომ სპექტაკლებს სხვადასხვა რეგიონებიდანაც შეუერთდნენ და როგორც თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა აღნიშნა გამოხმაურებამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ბოლნისის კულტურის ცენტრიისა და ბოლნისის კულტურის სახლის მიერ გამოცხადებული ონლაინ კონკურსი სახელწოდებით – „საოჯახო თოჯინების თეატრალური წარმოდგენა“ 1 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში  37 მონაწილე ჩაერთო.

გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, რომლებიც შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

თამრიკო ბობოხიძე, ბოლნისის კულტურის სახლის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი:

-დიდი ხნის წინ მეუფემ მთხოვა, რომ რელიგიურ თემებზე დამედგა სპექტაკლი, მაგრამ ეს ჩემთვის საფრთხილო და ფაქიზი თემა აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მქონდა, მაინც ვერიდებოდი სასულიერო თემაზე ნაწარმოებების დადგმას. სწორედ კარჩაკეტილობის პერიოდში გადავწყვიტე  სამაგიდო თოჯინების თეატრისთვის რელიგიური პერსონაჟები შემექმნა,   აღნიშნული თოჯინებისთვის, ძირითად აქსესუარს ფეხსაცმელი წარმოადგენს, რომლის გაკეთებაც საკმაოდ რთული და შრომატევადია. დავიწყე მინიატურული ფეხსაცმელების გაკეთება და ზუსტად, ამ პროცესში გაჩნდა იდეა, რომ ჩამეწერა ვიდეო გაკვეთილები ბავშვებისთვის და მათთვის მესწავლებინა თოჯინების კეთება. ამდენი უარყოფითი ინფორმაციის ფონზე, რაც ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა, მივხვდი, რომ ეს იქნებოდა ბავშვებისთვის შემეცნებითი, სახალისო და საინტერესო. მინდა აღვნიშნო, რომ დიდი მხარდაჭერა მქონდა ბატონ სოსო კოპალეიშვილისგან და კულტურის სახლის ხელმძღვანელისგან. გამოცხადდა საკონკურსო პირობები, შეირჩა ჟიური და პატარა კონკურსანტებისთვის ჩავწერე პირველი ვიდეო გაკვეთილი. მართალია ძალიან გამიჭირდა ჩაწერა, მაგრამ ეს ამად ღირდა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ასეთ შედეგს. ვიდეო სპექტაკლებს სხვა რეგიონებიდანაც გვიგზავნიდნენ, ბავშვებს შეეძლოთ აერჩიათ თავისუფალი თემა, ან სულხან-საბა ორბელიანის ნებისმიერი იგავ-არაკი. შეზღუდულები ნამდვილად არ  იყვნენ, ზოგიერთმა კონკურსანტებმა თავიანთი ინტერპრეტაციითაც წარმოადგინეს ნაწარმოებები. რაც მთავარია  იყო მშობლების დიდი აქტივობა, სწორედ ასეთმა მიდგომამ და დამოკიდებულებამ მაჩვენა, რომ  პროექტი უნდა გაგრძელდეს ფესტივალის სახით, სადაც პატარები, მშობლებთან ერთად, ვირტუალური სივრციდან რეალურ სივრცეში ითამაშებენ.

სოსო კოპალეიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი:

-როდესაც დამიკავშირდა  თამარი და გამაცნო იდეა კონკურსის შესახებ, რომელიც პანდემიის პერიოდში იქმნებოდა, ერთის მხრივ წამახალისებელი და შემეცნებითი, მეორეს მხრივ  განმავითარებელი, რა თქმა უნდა მომეწონა. ვისაუბრეთ განხორციელების გზებზე, ცოტა გლობალურად განვიხილეთ ეს ყველაფერი, მაგრამ პრაქტიკულად, ასპექტში ჩამოყალიბდა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ,  პირველი მაისიდან გამოვაცხადეთ საოჯახო თოჯინების თეატრის კონკურსი. მიღებულ ვიდეოებს ვამუშავებდით, განვიხილავდით და ვტვირთავდით კულტურის ცენტრის ვებგვერდზე. მშობლებისა და ბავშვების ერთობლივი ჩართულობა იმდენად დიდი იყო, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ვისურვებდი, რომ ასეთი პროექტები ყოფილიყო ძალიან ბევრი, მოვუწოდებ სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ბავშვებთან, გავმართოთ ისეთი აქტივობა, რომ ბავშვებს სახლში ყოფნა  რაღაცნაირად შევუმსუბუქოთ, მივცეთ საშუალება ფანტაზიისა და უნარის განვითარებისა. რაც შეეხება თამარს,  არის კრეატიული, მას აქვს ისეთი იდეები, რომელიც ბევრის მიმცემია ბავშვებისთვის.

ანა ხომასურიძედაძმა საყვარელიძეების მშობელი:

-ეს იყო დროული და სწორი გადაწყვეტილება. პირველ რიგში დიდი მადლობა კონკურსის ორგანიზატორს, რომ მისცა ბავშვებს საშუალება განევითარებინათ თავიანთი უნარები, ჩვენს შემთხვევაში,  უფროსმა გოგომ დაიწყო თოჯინების კერვა, წინდებითა და სხვადასხვა სახის ქსოვილით, რომლის კეთებაშიც პატარაც დაეხმარა.  თოჯინები ჩემს დაუხმარებლად გააკეთეს, უბრალოდ მივეცი მითითება, თუ როგორ მოეწყოთ დეკორაცია. დანარჩენ ყველა დეტალზე, თოჯინიდან დაწყებული, ასოებით დამთავრებული, თვითონ იმუშავეს. მათ წარმოადგინეს საბას „ორი ძმა“. მინდა აღვნიშნო, რომ მსგავს პროექტებში მთავარი გამარჯვება არ არის, აქ მთავარია  პროცესში ჩართულობა, განვითარება და უსაზღვრო ფანტაზია. ჩემი ჩართულობა პროექტში ოპერატორის სახით წარმოვაჩინე. მართალია, სრულყოფილ ვიდეომდე ბევრი დუბლი დაგვჭირდა, იყო შრომატევადი პროცესი, მაგრამ სასიამოვნო, თითქმის 4 საათი ვიღებდით. ბავშვები ყოველი ყურების და მოსმენის შემდეგ, დაშვებულ ხარვეზებს ასწორებდნენ. ვფიქრობ გამოგვივიდა.

ელენე საყვარელიძე, პროექტის მონაწილე:

– ეს სფერო ძალიან შრომატევადი ყოფილა, ახლა ვაფასებ მათ შრომას, მაყურებლის როლში ყველაფერი მარტივად ჩანს, მაგრამ რომ გაერკვევი და ჩაწვდები სპეციფიკას, ძალიან რთულია.

ქრისტინე თათრიშვილი, 13 წლის:

-პანდემიის პერიოდში, როდესაც სრულიად შეცვლილ რეალობაში აღმოვჩნდით, ეს პროექტი იყო დროული. კონკურსის გამოცხადებისთანავე გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა, 4 და-ძმა აქტიურად ჩავერთეთ, რა თქმა უნდა თამრიკო მასწავლებლის მითითებით, დავდგით სპექტაკლი „ძალა ერთობაშია“. პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. ვთვლი, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ბავშვებს შემოქმედებით განვითარებაში. ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ ჩემი და-ძმა, ბელა 11 წლის, დავითი 12 წლის, ნიკოლოზი 9 წლის.

მილანა ჭითანავა, 9 წლის:

-ნაზი დეიდამ გვითხრა, რომ გამოცხადდა კონკურსი,  გადავწყვიტეთ თოჯინები დაგვეხატა და ჩრდილების საოჯახო სპექტაკლი ჩაგვეტარებინა. სპექტაკლზე ხუთი დღე ვიმუშავეთ. გავაცოცხლეთ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „სოფლის მაშენებლები“. ნაზი დეიდა დაგვეხმარა. ამ კონკურსმა შეგვმატა მეტი გამბედაობა, თავისუფლება. თავიდან სხვა სპექტაკლი გვქონდა მოფიქრებული, მაგრამ მერე ეს გადავწყვიტეთ. ნაზი დეიდამ ანიმაციური ფილმი გვაყურებინა. მოგვეწონა მუსიკა, სიმღერა, მელა, მამალი, ძაღლი. ვიხალისეთ კარგად. ჩვენ ვაპირებთ, როდესაც ნაზი დეიდას შვილიშვილები ჩამოვლენ, ერთად დავდგათ „წითელქუდა“. გვინდა  თვითონ გავაცოცხლოთ  ზღაპრის გმირები და არა თოჯინებით. ჩემთან ერთად სპექტაკლზე მუშაობდნენ ჩემი ძმა აკაკი (ტიგრან) ჭითანავა 10 წლის და  გიორგი ზიბირმა 10 წლის.

პ.ს. კონკურსის მეშვეობით, ბავშვებმა სურვილების და  შესაძლებლობების რეალიზება მოახერხეს. ხელებით ნაამბობმა ისტორიებმა, პროექტს საშუალება მისცა, სამომავლოდ ფესტივალის სახით გაგრძელდეს, სადაც პატარები მშობლებთან ერთად,  ონლაინგაკვეთილებიდან  მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, ერთმანეთს გაუზიარებენ.

მარინა გავაშელი


Share.

Leave A Reply