ბოლნისის ახალი მუზეუმი დღეს ოფიციალურად გაიხსნა

0

თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი მუზეუმი, დღეს ბოლნისში  ოფიციალურად გაიხსნა.  გახსნას ესწრებოდნენ: ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები და გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლები. XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის კარი  ჟურნალისტებისთვისაც გაიღო და მედიატური გაიმართა.

ბოლნისის მუზეუმი, ქალაქის ფედერალურ გზასთან, ტურისტულად ზუსტად  გათვლილ ლოკაციაზე აშენდა. თანამედროვე სტანდარტის სივრცე ვიზიტორებისთვის ხელსაყრელია. ორსართულიანი სადა შენობა, ფასადურად ბეტონითა და მინის ვიტრაჟით, ერთადერთი არქიტექტურული აქცენტით, ფასადზე, საკონფერენციო დარბაზის, უჟანგავი ფოლადით მოპირკეთებული ფორმა, რომელიც ოქროს კრისტალის გეომეტრიას იმეორებს. რაც შეეხება შენობის შიდა სივრცეს, აქ განათლება, მეცნიერება და კულტურა შერწყმულია. შენობაში ყველა მიმართულებისთვის შესაბამისი ლოკაციაა განთავსებული და თითოეულ მათგანს, ინდივიდუალური შესასვლელები აქვს.  თავმოყრილია, ექსპონატის მიღებიდან დამუშავებამდე ყველაფერი, ფონდსაცავი, განთავსებულია ბავშვთა საგანმანთლებლო სივრცე, ბიბლიოთეკა, მედიათეკა, საკონფერენციო და საექსპოზიციო დარბაზები,   სამეცნიერო ლაბორატორიები და სხვა.

ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციას, კიდევ ერთი ახალი, ბოლნისის მუზეუმი შეემატა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის გუნდის რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგია. ერთ სივრცეში განთავსებულია მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტი. წარმოდგენილი ექსპოზიცია წარმოაჩენს ქვემო ქართლის ისტორიას, რეგიონის უნიკალურობას და საქართველოს, როგორც მსოფლიოს, ერთიანი სისტემის ნაწილს მრავალი მიმართულებით.  ამ ყველაფრის ნახვა, ულტრა თანამედროვე სივრცეში 1 აგვისტომდე სრულიად უსასყიდლოდაა შესაძლებელი.


Share.

Leave A Reply