რა გაწყობაა მსოფლიო პანდემიის ფონზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში და რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება covid-19 წინააღმდეგ

0

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სამოქმედო გეგმის შესაბამისად რეგულარულად გამოსცემს ახალ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპრევენციო ზომაა დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება, ამიტომ, საქართველოს მასშტაბით, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადაგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. განათლების სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად დინსტაციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა ბოლნისის საჯარო და კერძო სკოლები, დინსტაციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაც, კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს. შეიზღუდა მოქალაქეთა მიღება, დროებით შეჩერდა ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის  „ნოვრუზ ბაირამის“ სახალხო დღესასწაულიც. მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალური დისპანსერები განთავსდა, გამოიკრა საინფორმაციო პოსტერები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკონენდაციების გასაცნობად.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბოლნისის კულტურის ცენტრი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ტიპის დაწესებულებაში კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესს პირველ აპრილამდე აჩერებს. დროებით მუშაობას აჩერებს და ზოგ შემთხვევაში დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის ბოლნისის კულტურის სახლები, კლუბები, ბიბლიოთეკები და მუზეუმები, ასევე გადაიდო ყველა დაგეგმილი სპორტულ-კულტურული ღონისძიებები. დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის კომპანია „არემჯი“.  დროებით თამაშებსა და ვარჯიშებს წყვეტს ასევე საფეხბურთ კლუბი „სიონი“.

ახალი კორონა ვირუსის თავიდან აცილების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შპს „დეზ-ეფექტი“ სისტემატიურ რეჟიმში ახორციელებს, როგორც მერიის, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო შენობების სპეციალური ხსნარით დამუშავებას. ყოველდღიურად სადენზიფექციო სამუშაოები უტარდება, როგორც მუნიციპალურ, ასევე კერძო სამარშრუტო ტრანსპორტსაც.

კორონა ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, სრულ მზადყოფნაშია ბოლნისის ცენტრალური კლინიკა, საჭიროებიდან გამომდინარე, ქალაქ ბოლნისის ერთ-ერთი საოჯახო ტიპის სასტუმრო  საკარანტინო სივრცედ მოეწყობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონა ვირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს  გამოაცხადა, მანამდე კი ახალი covid-19 გლობალურ საფრთხედ შეფასდა. ახალი კორონა ვირუსის აფეთქება ჩინეთში გასულის წლის დეკემბერს დაიწყო. საქართველოში პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, დღეის მონაცემებით, ქვეყანაში 34 ფაქტია დადასტურებული დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, განიკურნა პირველი პაციენტი და დღეს იგი სახლში  2 კვირიანი თვითიზოლაციის პერიოდით გაეწერა. 


Share.

Leave A Reply