როგორ მუშაობს ,,ანიკას’’ კაზრეთის დღის ცენტრი

0

ასოციაცია „ანიკას’’ დღის ცენტრი, დაბა კაზრეთში №1 საჯარო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს, სადაც 12-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი მათ განვითარებაზე მორგებული პროგრამებით გადის სწავლებას. ცენტრი 6-18 წლამდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს სთავაზობს ადაპტირებულ და კეთილმოწყობილ გარემოს. მულტიდისციპლინურ მიდგომას და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომსახურებას, კოგნიტური, აკადემიური, სოციალური და ფუნქციური უნარების განვითარების ხელშეწყობას, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას. 

ცენტრი, ეს არის ადგილი, სადაც სკოლის გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ბენეფიციარები სიხარულით მიდიან. აქ ფერად გარემოსთან ერთად თბილი და მოსიყვარულე სპეც პედაგოგები ხვდებიან, თავს ყველაზე დაცულად გრძნობენ და მათთვის საყვარელი ხელსაქმით არიან დაკავებულები. დღის განრიგიც მათ საჭიროებაზეა მორგებული, უამრავი რესურსი და გადამზადებული სპეც.პედაგოგები ყოველდღიურად ცდილობენ განუვითარონ შესაძლებლობები და უნარი იმისა, რომ ადვილად შეძლონ ურთიერთობა საზოგადოებასთან, სოციუმთან. ბავშვები არაფორმალური განათლების პროგრამით მუშაობენ, სპეც.მასწავლებლები საშინაო დავალების მომზადებაში ეხმარებიან. სოციალური მუშაკი კი კვირაში რამდენჯერმე ბენეფიციარების მშობლებს ხვდება და მუდმივად ესაუბრება ბავშვის აკადემიური და სოციალური უნარების განვითარებაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე.
„ცენტრი ერთი წელია რაც გაიხსნა, ბენეფიციარებს სპეც.პედაგოგებთან ერთად კვირაში ორჯერ კონსულტაციას უწევს ფსიქოლოგი, მათთან მუშაობს ოკუპაციური და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი ბენეფიციარებსა და მშობლებს ურთიერთთანამშრომლობაში ეხმარება. ,,ცენტრი ეს არის ადგილი, სადაც თავს დაცულად გრძნობენ ჩვენი აღსაზრდელები“,აღნიშნა ასოციაცია, „ანიკას“ დაბა კაზრეთის დღის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მოსეშვილმა.
ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ და ასოციაცია „ანიკას“ პრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაა. დაბა კაზრეთის დღის ცენტრის ბენეფიციარები უკვე ახერხებენ ისეთი უნარ-ჩვევების გამოვლენას, როგორიცაა ფერების და ასოების ცნობა, დათვლა, მარტივი არითმეტიკა და სხვა.


Share.

Leave A Reply