,,ბოლნისქალაქობა 2018″

0

ძველი გერმანული ქალაქის 200 წლიანი ისტორია საფუძველს უყრის სახალხო დღესასწაულის „ბოლნისქალაქობის“ დამკვიდრებას. მიმდინარე წელს, უკვე მეორედ, ადგილობრივებმა თავიანთი საყვარელი ქალაქის დღეობა მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს. ქალაქი, რომელიც ფართო საზოგადოებამ თავისი უძველესი კულტურით, ხელოვნებისადმი მოტრფიალე ხალხით, სტუმართმოყვარეობით, არაერთი ღირსებით გაიცნო, ყოველწლიურად ანცვიფრებს ქალაქობაზე მოსულ სტუმარს. „ბოლნისქალაქობა 2018“ უამრავი სტუმარი ჰყავდა როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე უცხოეთიდან. ღონისძიებას იტალიისა და აზერბაიჯანის ელჩები საქართველოში, ქვემო ქართლის გუბერნატორი, საქართველოს პარლამენტის წევრები და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.

დღესასწაული, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, გარკვეულ დროსა და სამზადისს მოითხოვს. აქტივობები ქალაქის გულში, ძველ გერმანულ უბანში დაიგეგმა და განხორცილდა. გამოიფინა სოფლის ნობათი, ხელნაკეთი ნივთები, ბოლნური ღვინოები, მოეწყო ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეები, კოსტუმირებული თეატრალური წარმოდგენები, გამზადდა საწნახელი და ჩაიდგა ქვევრი, სადაც საზეიმოდ მოხდა ყურძნის დაწურვა. ღონისძიება დატვირთული იყო სპორტული აქტივობებით, გაიმართა შეჯიბრებები: ჭიდაობაში, მკლავჭიდში, ჭადრაკსა და კარატეში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები და მედლები. ღონისძიების ორგანიზატორებმა პატარებზეც იზრუნეს და არაჩვეულებრივი სანახაობა და კონცერტი მოუწყვეს, ამასთანავე ატრაქციონები, რომლებიც სპეციალურად ამ დღის ფარგლებში დამონტაჟდა, უფასოდ მოემსახურა პატარებს.
ხალხური სიმღერებისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი მჟღერი საკრავებით წარსდგა ღონისძიებაზე და მე-19 საუკუნის უნიკალური ევროპული და ქართული ტრადიციული საკრავები ააჟღერა.
წლევანდელმა ღონისძიებამ სრულიად საქართველოს ფოლკლორი გააერთიანა. სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეულმა და ადგილობრივმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა ქართული ტრადიციული მუსიკის მაღალმხატვრული დიალექტებისა და მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნება წარმოაჩინა. ქართულთან ერთად აქ უცხოური სიმღერებიც აჟღერდა. იტალიური ჯგუფი, რომელიც ავთენტურ მუსიკას ქმნის 22 კაციანი შემადგენლობით წარსდგა მაყურებლის წინაშე.
.
„ბოლნისქალაქობა 2018“-ის მთავარი ნაწილი საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაა. 13 კაციანმა მუდმივმოქმედმა სათათბირო საბჭომ, შეისწავლა ბოლნისისთვის ღვაწლმოსილი პიროვნებები და 7 ადამიანი დაასახელა. ესენია: მამა ბესარიონ სუხლანიშვილი, ემილი კოპალიანი, შოთა ჯაფარიძე, ელზა გვერწითელი, მამა ბასილი ახვლედიანი, ლეილა ალადაშვილი და აწ გარდაცვლილი მიხეილ გაბიძაშვილი. საპატიო მოქალაქეებს მედალიონი, დიპლომი და ფულადი ჯილდო გადაეცათ. გადაცემის ცერემონიალში უშუალოდ მონაწილეობდნენ როგორ ერის მამები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები.
ორგანიზატორების მიერ დაგეგმილი ღონისძიებას, რომელიც 14 საათზე დაიწყო, თავისი მრავალფეროვნებით მორგებული იყო ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანზე. ყველაზე სახალხო და მასშტაბური ღონისძიება ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილებმა“ არაჩვეულებრივი როკვით დაასრულა.


Share.

Leave A Reply