ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოთხი ახალგაზრდა იმ ას მოსწავლეთაგანია, რომლებიც ერთ-ერთ წარმატებულ პროექტში ,,გდანსკის ბიზნეს კვირაში“ ჩაერთვებიან. მარიამ საყვარელიძე, ლუკა გელიაშვილი, ანა ყაფლანიშვილი და ანა ჩილინგარაშვილი პოლონეთში მასტერკლასებში მიიღებენ მონაწილეობას. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი მოსწავლეებს შეხვდა . აღსანიშნავია, რომ მგზავრობისა და საწევროს თანხას სრულად აანაზღაურებს ბოლნისის მუნიციპალიტეტი.
პომორსკის მხარის ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია მხარს უჭერს პროექტს ,,გდანსკის ბიზნესის კვირა“ , რომელსაც გდანსკის ბიზნესასოციაცია ადგილობრივ მერიასა და ამერიკული ფონდის ,,კერძო საწარმოო განათლების საფუძველ“-თან ერთად ატარებს. პროექტი 6 დღიანია, რომელიც მასტერკლასებთან ერთად ითვალისწინებს საქმიან შეხვედრებს, გაწერილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობა, ასევე შიდა ,,ტალანტ შოუში“ ჩართულობა. ხელმძღვანელობა, კრიტიკული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღება, გუნდური მუშაობა, ადაპტაცია-ინოვაცია, მომხმარებელთა ფოკუსირება და შედეგების მართვა, ეს ის ძირითადი უნარებია, რომლებსაც მოსწავლეები პროექტის ფარგლებში შეიძენენ.