მგალობელ – მომღერალ ქალთა გუნდი „სათანაო“ ბოლნისს ეწვია

0

საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრის პროგრამის ფარგლებში, მგალობელ- მომღერალ ქალთა გუნდი „სათანაო“ ბოლნისს ეწვია. საჯარო შეხვედრა ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა. საეკლესიო მუსიკის მკვლევარმა, ეთნომუსიკოლოგმა, პროფესორმა მაგდა სუხიაშვილმა ვრცელი და ყოვლისმომცველი ლექცია ჩაატარა უძველესი ქართული ტრადიციული გალობის ხელოვნებაზე, ასევე დაწვრილებით ისაუბრა ლიტურგიაზე. მან აღნიშნა, რომ „ქართული საგალობელი უძველესი მემკვიდრეობაა, რომლის ხელყოფაც დაუშვებელია“.

2001 წელს იუნესკომ, ზეპირი ტრადიციის ქართული ვოკალური პოლიფონია აღიარა კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად. აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით იმართება, რომლის მიზანია, გალობის სწორი მანერით შესრულება და უძველესი ქართული ტრადიციული გალობის პოპულარიზაცია.
ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი სასულიერო პირებთან ერთად ესწრებოდა. შეხვედრის ბოლოს მგალობელ ქალთა გუნდმა „სათანაომ“ ძველი ქართული ტრადიციული საგალობელი შეასრულა.
მაგდა სუხიაშვილი, საეკლესიო მუსიკის მკვლევარი, ეთნომუსიკოლოგი, პროფესორი:
-საუბარი გვქონდა მრავალსაუკუნოვან, ღრმა, ტრადიციული ქართული გალობის თვითმყოფადობაზე. როგორ მოხდა ამ ტრადიციების შენახვა და დღემდე მოტანა, ჩვენი ვალია ეს ყველაფერი ზედმიწევნით დავიცვათ. კულტურის დაცვა და შენარჩუნება თითოეული ქართველის ვალია, სამწუხაროდ, დღეს ბევრი ხარვეზია გალობისას და სწორედ მსგავსი ღონისძიებებით გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ პრაქტიკული და თეორიული ინფორმაცია ძველი ტრადიციული საგალობლო ხელოვნების შესახებ. თუ ეს ასე გაგრძელდება და ხელს არ შევუწყობთ სწორი მიმართულებით შესრულებას, მაშინ დავკარგავთ ამ ძვირფას ტრადიციას, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო.
სოსო კოპალეიშვილი, ლოტბარი:
-საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრის ინიციატივითა და ბოლნისის ეპარქიის ხელშეწყობით 14-15 ივლისს ბოლნისს, მგალობელთა შესანიშნავი გუნდი ეწვია. აღსანიშნავია, რომ „სათანაო“ დღემდე ინარჩუნებს იმ საშემსრულებლო ხელოვნებას, რაც მემკვიდრეობით გვერგო. ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქართული გალობის პოპულარიზაციას, მის სწორად ფორმულირებას.
ტატა მეგრელიძე, „სათანაოს“ ხელმძღვანელი:
-ჩვენ მართლაც ძალიან დიდი მუსიკალური კულტურა გაგვაჩნია, ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, რომ შევინარჩუნოთ ძველი ტრადიციული ქართული, პროფესიული მუსიკა, რასაც გალობა ჰქვია. საგალობელში მცირედი შეცდომაც დაუშვებელია, თვითმყოფადობის შენარჩუნება ყველა ერისთვის მიზანშეწონილია.


Share.

Leave A Reply