მოსახლეობის საყურადღებოდ!

0

ივნისის თვიდან ქვემო ქართლში მიმდინარეობს თავთავიანი კულტურების აღება, რაც იმავდროულად არის ზაფხულის ხანძარსაშიში პერიოდის დასაწყისი. ამ მომენტიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს და კონტროლი გაძლიერდეს მოსავლის აღების, გადამუშავების და შენახვის პერიოდში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე. თავთავიანი და სხვა კულტურების მოსავლის აღებისას გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს პირველ რიგში ფერმერების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულების უზრუნველყოფა, მოსავლის ასაღები ტექნიკის მწყობრში მოყვანასთან ერთად. ხოლო ხანძრების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმა იქნება მიზანმიმართული ხანძარსაწინააღმდეგო კამპანიის წარმოება (გასულ წლებში მომხდარი ხანძრების ანალიზის გათვალისწინებით).

წარმოგიდგენთ სახანძრო უსაფრთხოების იმ მოთხოვნებს, რაც მოსავლის აღების დროს ფერმერების მხრიდან სავალდებულოდ იქნება შესასრულებელი:

ა) მარცვლეულის აღება უნდა დაიწყოს თავთავიანი კულტურების მინდვრების არაუმეტეს 50 ჰა ფართობის ნაკვეთების დანაწილებით და მათ შორის არანაკლებ 8 მ სიგანის ლესურების მოწყობით. ლესურებიდან მოთიბული თავთავიანი კულტურები დაუყოვნებლივ უნდა იყოს აღებული ლესურებს შორის მოწყობილი უნდა იყოს არანაკლებ 4მ სიგანის ხნული;

ბ) 25 ჰა-ზე მეტი ფართობის პურის მასივებიდან მოსავლის აღებისას მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს ტრაქტორი და გუთანი ხანძრის გაჩენის შემთხვევაში წვის ზონის შემოხვნისათვის;

გ) აგრეგატები და ავტომობილები, რომლებიც გამოიყენება მოსავლის აღების დროს, უნდა აღიჭურვოს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით (ყველა ტიპის კომბაინი და ტრაქტორი აღიჭურვოს ორი ცეცხლმაქრით და ორი ხიშტა ნიჩბით), გამართული ნაპერწკალჩამქრობებით და კვების, ანთების, საზეთი სისტემებით;

დ) მარცვლოვანი კულტურების დამწიფებამდე პურის ყანები ტყის და ტორფის მასივებთან, საველე ზოლებთან, საავტომობილო და სარკინიგზო გზებთან მომიჯნავე ადგილებში უნდა შემოითიბოს და შემოიხნას არანაკლები 4 მ სიგანის ზოლით;

ე) დროებითი საველე ბანაკები უნდა იყოს დაშორებული პურის მასივებიდან, კალოებიდან არანაკლებ 100მ ხანძარსაწინააღმდეგო მანძილით;

ვ) დაუშვებელია მინდორში ნამკლის ნაწვერალი ნარჩენის დაწვა და კოცონების დანთება.

            მარცვლეულის აღების პერიოდში აკრძალულია:

ა) ლესურებზე მოთიბული თავთავიანი კულტურების დატოვება;

ბ) მოსავლის ამღები აგრეგატების და ავტომობილების მუშაობა ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების გარეშე;

გ) საველე ბანაკების განლაგება პურის მასივებიდან, კალოებიდან 100 მ-ზე ნაკლებ მანძილზე, ნაწვერალის დაწვა და კოცონის დანთება.


Share.

Leave A Reply