დახვეწილი, ამაღელვებელი და ქართული სულისკვეთებით გაჯერებული -ასე შეაფასეს ,,ბოლნელის” საანგარიშო კონცერტი

0

 „მე ქართველი ვარ, ჩემი სამშობლო საქართველოა. წინაპრების დაღვრილი ზღვა სისხლის ფასად გადაურჩა ქართველი ერი გადაშენებას, ამიტომ მე, როგორც პატარა ქართველი, ღვთისა და ერის წინაშე ვალდებული ვარ“…. სწორედ ეს არის ქორეოგრაფიული ანსამბლ „ბოლნელის“ თითოეული წევრის დევიზი, ამ შეგნებით იწყებენ ისინი ცეკვის ხელოვნების დაუფლებას, რასაც თან სდევს ისტორია, პოეზია, რელიგია, სიმღერა და დიდი წარმატებები ფესტივალ-კონკურსებზე, როგორც საქართველოს ისე მის საზღვრებს გარეთ. ამის დასტურია მათ მიერ წლების მანძილზე მოპოვებული უზარმაზარი მიღწევები. თუმცა მშობლიურ ქალაქში დაგეგმილი კონცერტისთვის ანსამბლის თითოეული  წევრი სულ სხვა მღელვარებითა და პასუხისმგებლობით ემზადება.

წელსაც ტრადიციულად 500 თავდადებული ბოლნელის სახელობის ქალაქ ბოლნისის ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ანსამბლმა „ბოლნელმა“ საანგარიშო კონცერტი სარეპეტიციო დარბაზში გამართა. ღონისძიებაში სახელწოდებით  „ბოლნელები საქართველოსთვის“ მონაწილეობას ღებულობდნენ ანსამბლის მეგობარი კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებიც. დახვეწილი, ამაღელვებელი და ქართული სულისკვეთებით გაჯერებული წარმოდგენა – ასე შეაფასა დამსწრე  საზოგადოებამ „ბოლნელის“ სანახაობრივი საღამო, რომელიც საათნახევარი გაგრძელდა.

სანახაობრივი წარმოდგენის დასრულების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც ანსამბლის დამმაარსებელმა მიმდინარე სასწავლო წელს მიღწეულ წარმატებებს ერთად მოუყარა თავი და ფესტივალ-კონკურსებსა და კულტურულ ღონისძიებებში მოპოვებული დიპლომები, მოცეკვავეებს სიმბოლურად საზეიმო ვითარებაში გადასაცა. „ბოლნელის“ მრავალწლიანი მოღვაწეობის მდიდარ ბიოგრაფიას, ოქროს მედლები, დიპლომები, სიგელები, სხვადასხვა პრიზები ამშვენებს, რომლებსაც უახლოესი გეგმებიდან გამომდინარე კიდევ არაერთი ჯილდო შეემატება.


Share.

Leave A Reply