ოჯახის სიწმინდის დღეს  ბოლნისის სასულიერო სკოლა ღონისძიებით გამოეხმაურა

0

საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღეს  ბოლნისის იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლა ღონისძიებით გამოეხმაურა. ღონისძიება მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა. „ჩემი ოჯახი ჩემი ციხე-სიმაგრეა“ – ასე ერქვა ლიტერატურულ კომპოზიციას, რომლითაც მოსწავლეები მაყურებლის წინაშე წარსდგნენ. ბავშვებმა პატრიარქის გამონათქვამები და წმინდა მამათა სწავლებებიდან   ამინარიდები წაიკითხეს, რომელიც ოჯახურ სიწმინდეს, მის ძალასა და მნიშვნელობას შეეხებოდა.

ღონისძიების დასასრულს, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა  დარბაზში მყოფი საზოგადოება დალოცა, წინასწარ მიულოცა ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული და „ოჯახის სიწმინდის დღის“ მნიშნელობასა და არსზე ისაუბრა. ღონისძიება  ფოლკლორულმა ანსამბლმა მრავალჟამიერით დააგვირგვინა, რასაც ემოცია და მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა. შეხვედრას საქართველოს ჩოხოსანთა სადროშოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ლევან პაიჭაძე, ქვემო ქართლის ჩოხოსანთა სადროშოს მეთაური:

-განცვიფრებული ვარ დღევანდელი ღონისძიებით. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბავშვები ამ კომპოზიციით ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში თამამად წარსდგებიან. დღევანდელი საღამო სასიამოვნო წინაპირობაა ხვალინდელი მასშტაბური დღესასწაულისა. მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის ხელმძღვანელს, ასეთი კარგი ღონისძიებისთვის. მოგეხსენებათ,  ისეთ რთულ გეო-პოლიტიკურ ადგილას გვიწევს ცხოვრება, რომ ჩვენთვის უპირველესია გამრავლება, გაძლიერება და ერთობა.

მეუფე ეფრემი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი:

-დღევანდელი ღონისძიება ხვალინდელი დღის წინაპირობა გახლდათ. მინდა მთელს საქართველოს და ბოლნისის ეპარქიას მივულოცო ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული . ასევე უწმინდესის მიერ კურთხეულია 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ, რაც აერთიანებს საქართველოს. ჩვენი ქვეყანა არის ერთი დიდი სულიერი და ეროვნული ოჯახი და დღევანდელი დღეც სწორედ ამას მიეძღვნა, რომელიც ჩვენი გიმნაზიის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს შესანიშნავი სიტყვებითა და ლექსებით. თითოეული ლექსი და სიტყვა სწორედ ჩვენს ერს, ოჯახს, მშობელს ეძღვნებოდა.  იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ სულისკვეთებით აღზრდილი თაობა იქნება სიმტკიცე იმ ოჯახებისა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩამობრძანებული იყვნენ ჩოხოსანთა საზოგადოების რეგიონის წარმომადგენლები. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მთელს საქართველოში მოქმედებს ეს მართლაც ღირსეული ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ტრადიციების განმტკიცებას. ამ ორგანიზაციას ერთ-ერთი ფილიალი აქვს ბოლნისშიც და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ბოლნისელი შეუერთდება ჩოხოსანთა რიგებს. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს ჩვენც ვუერთდებით თბილისში დაგეგმილ მსვლელობას, გარდა ამისა, ბოლნისის სიონში ხვალ 15 წყვილი დაიწერს ჯვარს და დაილოცება ოჯახები.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება საყოველთაო ჯვრისწერები იმ წყვილებისთვის, რომლებსაც აქვთ ოჯახები და დღემდე ვერ მოახერხეს ჯვრისწერა. მეუღლეთა სახელობითი სიები ჯვრისწერების შემდეგ გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს და მისი უწმინდესობა ყველას დალოცავს.


Share.

Leave A Reply