როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას -საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისში

0

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას, საიდან და როგორ შემოვიდა იგი საქართველოში, რა ღონისძიებებია ჩასატარებელი ამ კუთხით და რამდენად ეფექტურია მავნებელთან ბრძოლა ქიმიური პრეპარატებით, ამ საკითხებზე  საიფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში.

სურსათის ეროვნული საგენტოს მცენარეთა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს  ინფორმაცია მიაწოდეს მავნებლებთან ბრძოლის მეთოდებზე და  სახელმწიფო სტრატეგიაზე, საუბარი შეეხო  რა გამოცდილება აქვთ სხვა ქვეყნებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებში.

ისაუბრეს მავნებლებთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვაზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელშიც მოსახლეობის აქტიური კომუნიკაცია ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.

როგორც დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოში არ დაფიქსირებულა აზიური ფაროსანა, მიმდინარეობს მონიტორინგი, საქართველოს მასშტაბით საჭერი ფერომონები მონტაჟდება, რომლის საშუალებითაც მოხდება მავნებლის არსებობის იდენტიფიცირება.

„შეხვედრის მიზანია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გავაცნოთ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები, 2018 წლის პროგრამა და გეგმები, რომელიც სახელმწიფოს აქვს გაწერილი.  ასევე ვისაუბრეთ მავნებლის ბიოლოგიურ თვისებებზე, ბრძოლის ღონისძიებებზე სახელმწიფოს ჩართულობაზე და მოსახლეობის აქტიურ კომუნიკაციაზე. ჩატარდება მუდმივი მონიტორინგი, ინფორმაცია გავრცელდება მედია საშუალებებით, აქტიურად ჩაერთვებიან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები“. – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა ხათუნა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანა მავნებელი მწერია, რომლის გავრცელების ბუნებრივი არეალი აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებია. მავნებელი 2016 წელს გავრცელდა დასავლეთ საქართველოში და სასოფლო-სამეურნეო კულტურები დააზიანა. ის 300-მდე ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს აზიანებს. მავნებლის მასობრივი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 70%-ს მიაღწიოს. დათბობასთან ერთად, მწერი იწყებს სწრაფად გამრავლებას, გადის განვითარების ხუთ სტადიას. ზრდასრული მავნებლის ფეხებზე, მუცლის კიდეებსა და ულვაშებზე დამახასიათებელი თეთრი ზოლები ჩნდება, რაც განასხვავებს საქართველოში არსებულ ფაროსანებს ენდემური სხვა მსგავსი სახეობებისგან. ზრდასრულ მავნებელს აქვს დიდ მანძილზე გადაადგილების უნარი და ასეულობით ჰექტარის დაზიანება შეუძლია.


Share.

Leave A Reply