„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ – გეიმ-შოუს მონაწილე გიორგი მანაგაძეა

0

ნიჭიერი, მხიარული, თავისუფალი  და კომუნიკაბელური –  ამ თვისებებით მოხვდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე გეიმ-შოუში. გიორგი მანაგაძე საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 100 ბავშვს შორის ერთ-ერთია, ვინც შოუში მოწვეულ სტუმრებს დახმარებას გაუწევს. შოუსთვის  ორი გადაცემა უკვე ჩაიწერა, სადაც  5 სუპერ მეექვსე კლასელს შორის არის გიორგი.

გეიმ-შოუ ამერიკული კომპანია Metro Golduyn mayer-ის პროექტია, რომელიც დღემდე მსოფლიოს 55 ქვეყანაში განხორციელდა და ყველგან დიდი პოპულარობა მოიპოვა. შოუ სკოლასთან, სწავლასთან და  სკოლის პერიოდთან ასოცირდება. სტუდიაც საკლასო ოთახის პრინციპით არის მოწყობილი და თამაშიც სწორედ ერთი გაკვეთილის მოდელით ხორციელდება. გადაცემის მთავარი გმირი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანია, ის ცდილობს გამოიცნოს კითხვები, რომლებიც მხოლოდ დაწყებითი ექვსი კლასის მასალიდან არის მოცემული. სტუმარს პასუხის გამოცნობაში შერჩეული ხუთი სუპერ მეექვსე კლასელი ეხმარება,  სწორი პასუხის შემთხვევაში, მოთამაშე იგებს თანხას, რომელსაც სასურველ სკოლას გადასცემს. დახმარების სხვადასხვა მეთოდია კარნახი, გადაწერა და შანსი იმ შემთხვევაში, თუ სტუმარს არ ახსოვს სწორი პასუხი, ირჩევს მოსწავლეს, რომელიც ეხმარება პასუხის გამოცნობაში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მონაწილე სკოლებიდან შოუსთვის მხოლოდ გიორგი შეირჩა. გადაცემას წინ უძღოდა ქასტინგი, რომელიც ზოგადი კითხვებით შემოიფარგლებოდა.

„ვფიქრობ, მეექვსე კლასელზე ჭკვიანი იმაში გამოიხატება, თუ რამდენად ცნობისმოყვარე და თავისუფალი აზროვნების ხარ, ასევე საჭიროა ზოგადი განათლება. რომ გავიგე გადაცემაში მოვხვდი, ძალიან გამიხარდა. პირველი დედას ვუთხარი. ჩემთვის ის არის მისაბაძი, სამაგალითო ადამიანი. უკვე ჩაიწერა ორი გადაცემა, სადაც ხუთ სუპერ მეექვსე კლასელთან ერთად დახმარება გავუწიე ორ სტუმარს, გია მურღულიას (სკოლა „ლოგოსის“ დამფუძნებელი) და ზურაბ გურიელიძეს (თბილისის ზოოპარკის დირექტორის). მათ გაიმარჯვეს, მოგებული  თანხით კი დახმარება სხვებს გაუწიეს“.

პირველი არხის ეთერში გადაცემა გიორგი მანაგაძის მონაწილეობით 28 თებერვალს და 1 მარტს გავა.

იმისთვის, რომ იყოს წარმატებული, გიორგი თავს არ ზოგავს, უყვარს ფლორა და ფაუნა, მისი ჰობი მეცნიერებაა, აინტერესებს ადამიანები, რომლებიც ქმნიან და იგონებენ. უნდა ისეთი რამ შექმნას, რითაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.


Share.

Leave A Reply