დავით შერაზადიშვილი სათათბირო საბჭოს წევრებს შეხვდა

0

დღეს მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გამგებლის სათათბირო საბჭო შეიკრიბა, სადაც იმსჯელეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის არჩევისა და  წოდების მინიჭების  ახალი წესის შესახებ. სათათბირო  საბჭოს გადაწყვეტილებით 7 და  8 ოქტომბერს, ,,ბოლნისქალაქობაზე“ საპატიო ბოლნისელებს  დაასახელებენ. ინიციატივა,  საპატიო მოქალაქის კანდიდატად დასახელების შესახებ, საზოგადოების ნებისმიერ წევრს  შეუძლია გამგებლის სახელზე ოც სექტემბრამდე შეიტანოს,  რომელსაც შემდგომ სათათბირო საბჭო განიხილავს და კანდიდატის ბიოგრაფიულ ცნობებს და დოკუმენტაციას შეისწავლის. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს  როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან სხვა მოღვაწეობა  აქვს. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ და შესაძლოა  გარდაცვალების შემდეგაც.

ვალენტინა ნავერიანი, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

– საპატიო მოქალაქის წოდება  შეიძლება  მიენიჭოს  როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს,  განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა და პროფესიისა, იმის მიხედვით,  რამდენად კეთილსინდისიერად ემსახურება  ესა თუ ის პიროვნება მუნიციპალიტეტის ინტერესებს, ასევე შესაძლებელია კანდიდატს არა მარტო მუნიციპალიტეტის, არამედ ქვეყნის წინაშე ჰქონდეს დამსახურება. ეს ნამდვილად დროული გადაწყვეტილებაა და წინადადება ამის თაობაზე ეკუთვნის ბატონ დავითს. მიმდინარე წელს განიხილება 5 საპატიო მოქალაქის კანდიდატურა.

კობა ჟღენტი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი:

– საპატიო მოქალაქის არჩევის წესი ჩვენს მუნიციპალიტეტში  1995 წლიდან მოქმედებს.  სამწუხაროდ,  დროთა განმავლობაში დაკარგა თავისი ხიბლი. სინამდვილეში  იმდენად მნიშვნელოვანია თავისი არსით, მართლაც იმსახურებს  საზოგადოების დაფასებას ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან,   ვინაიდან დასახელებულმა პიროვნებამ, ნამდვილად ღირსეულად იღვაწა თავისი ქალაქისთვის და  ქვეყნისთვის. ჩვენ ამ წესში ბევრი ცვლილება შევიტანეთ.  შეიქმნა სათათბირო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია ღირსეული ადამიანებით, სწორედ მათ უნდა განიხილონ ღირსეული კანდიდატები და შეარჩიონ საპატიო მოქალაქე ჩვენს საზოგადოებაში.

შეგახსენებთ, ,,ბოლნისქალაქობა’’ 2017 წლიდან ტრადიციულად ოქტომბრის თვეში გაიმართება, სწორედ ამ დღესასწაულზე გამოვლინდებიან  ჩვენი მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეები .


Share.

Leave A Reply