ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დასაქმებულთა ფუნქციების ანალიზი დაიწყო

0

„ყველაფერს განახლება  და დახვეწა სჭირდება  ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულებებში  ახალი კანონი უფრო კარგ გარემოს ქმნის კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული მუშაობისთვის“, – ასე აფასებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანის რესურსების მართვის განყოფილების უფროსი მიხეილ კორძაძე ახალ კანონს „საჯარო სამსახურის შესახებ“,  რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდა. იმისთვის, რომ საჯარო მოხელეთა რანგირების სისტემა შეიქმნას და თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობები ახალი კანონმდებლობით დარეგულირდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დასაქმებულთა ფუნქციების ანალიზი უკვე დაიწყო.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტისა და შეფასების სისტემის შემოღებაა, რანგირებასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკის შესაცვლელად საქართველოს მთავრობამ სპეციალური დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით განისაზღვრება სახელმწიფო მოხელის 4 რანგი, კონკრეტული რანგის მისანიჭებლად კი პირი კანონით გაწერილ სპეციალურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. რანგირებასთან ერთად მთავრობამ მეორე დადგენილება გამოსცა, რომელიც საჯარო მოხელეებისთვის კლასების მინიჭებისა და ამ კლასებით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანამატების ოდენობას მოიცავს. კლასებისა და რანგირების მინიჭებაზე თავად ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა იზრუნონ. საჯარო უწყებებში თანამშრომლების რანგირების ახალი წესის ამოქმედებაზე, საჯარო მოხელეების სამსახურში აყვანასა და მათი დაწინაურების კრიტერიუმებზე მიხეილ კორძაძე გვესაუბრა.

– რას ითვალისწინებს საჯარო უწყებებში მოხელეების თანამდებობათა იერარქიულ რანგებში განაწილების წესი?

– 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა საჯარო მოსამსახურის სტატუსი, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობები, საჯარო სამსახურის მართვის საკითხები, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. შესაბამისად, ამოქმედდა რამდენიმე კანონქვემდებარე აქტი (მთავრობის დადგენილებები), მათ შორის „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება. აღნიშნული დადგენილების თანახმად, მოხდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით განსაზღვრული თანამდებობების ფუნქციათა ერთობლიობის შესწავლა-ანალიზი და რიგი თანამდებობების პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობებად გარდაქმნა და თანამდებობების დასახელების შესაბამისად იერარქიულ რანგებში განაწილება.

– როგორ ენიჭებათ პროფესიულ საჯარო მოხელეებს რანგები, როგორ განისაზღვრებიან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, როგორ მოხდება თანამშროლების სამსახურში აყვანა და დაწინაურება, ასევე განგვიმარტეთ, რას ნიშნავს მოხელის შეფასების სისტემა, მოხელის საკლასო ჩინი და შეეხება თუ არა ეს ცვლილება მათ სახელფასო სარგოს?

– როგორც აღვნიშნე, კანონის ამოქმედების დღიდან, თანამდებობების ფუნქციათა ერთობლიობის შესწავლა-ანალიზის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში განისაზღვრა პროფესიული საჯარო მოხელის და ადგილობრივი თვითმმართველობის შემთხვევაში ასევე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სტატუსი. კანონმდებლობით განისაზღვრა ოთხი რანგი: პირველ რანგში (მაღალი მმართველობითი დონე) მოხვდნენ მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურები) ხელმძღვანელები. მეორე რანგში (საშუალო მმართველობითი დონე) განყოფილების ხელმძღვანელები. მესამე რანგი მოიცავს უფროსი სპეციალისტის დონეს, სადაც უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრულია პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობები. არის კიდევ მეოთხე რანგი, სადაც უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრულია პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის და მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობები. რაც შეეხება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საკითხს, მუნიციპალიტეტში არსებული დამხმარე ფუნქციის თანამდებობებზე მომუშავე პირებთან დაიდება შრომითი ხელშეკრულება. თითოეული იერარქიული რანგის თანამდებობის დასაკავებლად მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია სპეციალური მოთხოვნები. პირველი, მეორე და მესამე რანგის თანამდებობების დასაკავებლად ცხადდება დახურული კონკურსი მთელ საჯარო სივრცეში დასაქმებული მოხელეებისთვის, მათი დაწინაურების მიზნით. თუ დახურული კონკურსით ვერ შეირჩა კანდიდატი, მხოლოდ ამ შემთხვევაში ცხადდება ღია კონკურსი, რაც მერწმუნეთ, ძნელად გადასაწყვეტი საქმეა. გამომდინარე იქიდან, რომ არამარტო კონკურსის გამომცხადებელი დაწესებულების მოხელეები მონაწილეობენ დახურულ კონკურსში, არამედ მონაწილეობენ მთელი საჯარო სივრციდან და არა მგონია, ვერ მოხერხდეს შესაფერისი კანდიდატის შერჩევა. ღია კონკურსი პირდაპირ ცხადდება მხოლოდ მეოთხე რანგის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულებით პირის სამსახურში მიღება ხდება გამარტივებული კონკურსით. რაც შეეხება, შეფასების სისტემას, მთავრობის დადგენილებით მიღებულია პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობები. აღნიშნული წესის შესაბამისად წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა მოხდეს მისი უფლებამოსილების ფარგლებში მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება და შეფასების მიხედვით მას შეიძლება მიენიჭოს შესაბამისი საკლასო ჩინი. საკლასო ჩინის შესაბამისად მოხელეს შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი. სახელფასო სარგოს და დანამატს განსაზღვრავს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელსაც სავარაუდოდ წლის ბოლომდე მიიღებენ. გამომდინარე აქედან, დღეის მდგომარეობით, მოხელეებს რანგებში განაწილების მიუხედავად, დარჩათ ისევ არსებული სარგო.

– ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში თანამშრომლები როგორ გადანაწილდნენ რანგებში?

– ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე და მოადგილეები კანონმდებლობის შესაბამისად არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და რანგებს არ ექვემდებარებიან. რაც შეეხება პროფესიულ საჯარო მოხელეებს, გამგეობაში განისაზღვრება პროფესიული საჯარო მოხელის 139 თანამდებობა. აქედან, 3 თანამდებობა არის ვაკანტური. ასევე, განისაზღვრა 35 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. გამგეობაში, გამგებლის 2 თანაშემწის, ადმინისტრაციულ ერთეულებში 15 წარმომადგენლის უფლებამოსილების და სტრუქტურულ ერთეულებში დამხმარე ფუნქციის უფლებამოსილების შესასრულებლად 18 პირთან დაიდო შრომითი ხელშეკრულება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულის 12 თანამდებობის პირი (საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიების თავმჯდომარეები და ფრაქციების თავმჯდომარეები) არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები. საკრებულოს აპარატში 8 თანამშრომელი არის პროფესიული საჯარო მოხელე, 1 თანამშრომელი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია.

P.S რეფორმა 1 ივლისიდან ამოქმედდა, საჯარო უწყების თანამშრომლები შესაბამისად მოხელის საკლასო ჩინს მიიღებენ. პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი კი ძალაში 2018 წლიდან შევა.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Leave A Reply