„კალიგრაფიის მარგალიტებს“ ბოლნისმა უმასპინძლა

0

 ქართულ კალიგრაფიას საუკუნეების ტრადიცია გააჩნია. ხელით გადაწერილი წიგნი ადრეულ საუკუნეებშივე იქცა კულტურულ და ეროვნულ ფენომენად. სწორედ კულტურის ამ მონაპოვარს – ქართულ დამწერლობას, კალიგრაფიის პოპულარიზაციას, ხელით წერის კულტურას ემსახურება „ქართული კალიგრაფიის“ კონკურსი, რომელსაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით 2010 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. „ქართული კალიგრაფიის“ კონკურსის გაგრძელებაა „კალიგრაფიის მარგალიტები“, რომელმაც ტრადიციული სახე მიიღო და ქვემო ქართლის მასშტაბით უკვე მეექვსე წელია ხორციელდება. აღნიშნულ კონკურსში წელს 800-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან ჟიურიმ 55 საუკეთესო შეარჩია. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება და საუკეთესო კალიგრაფიული ნიმუშების გამოფენა ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში მოეწყო. დაჯილდოების ცერემონიალში საკუთარი წვლილი შეიტანა და ლიტერატურული კომპოზიით გაალამაზა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლამ. კონკურსი „კალიგრაფიის მარგალიტები“ სამ ეტაპად მიმდინარეობდა. ფინალური ტური დმანისში შედგა. გამოვლინდნენ როგორც I, II, III ადგილზე გასული, ისე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული კონკურსანტები. „კალიგრაფიის მარგალიტები“ ქვემო ქართლის გუბერნიის აპარატისა და ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა „ლაზარეს“ დირექციის ორგანიზებით ტარდება. ორგანიზატორების თქმით მომავალ წელს კონკურსი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.


Share.

Leave A Reply