ბოლნისის ეპარქიაში ჩოხოსანთა სადროშო დაფუძნდა

0

„სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოებას“, რომელსაც 2006 წლიდან საქართველოს უწმინდესი ხელმძღვანელობს, დღეს ბოლნისის ეპარქიაც შეუერთდა და ჩამოაყალიბა ჩოხოსანთა სადროშო, რომლის ხელმძღვანელად, ბოლნისის ეპარქიისა და საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების გადაწყვეტილებით, კობა ჟღენტი დასახელდა.

„ულამაზესი და უბედნიერესი დღეა ჩვენი ეპარქიისთვის, რადგანაც ბოლნისამდე მოაღწია პატრიარქის ლოცვა-კურთხევამ და დაფუძნდა ბოლნისის ჩოხოსანთა სადროშო, რომლის ხელმძღვანელადაც დასახელდა ბატონი კობა და ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის, დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ მისიას, მისი პირველი წევრები კი არიან ანსამბლ „ბოლნელის“ მოცეკვავეები და მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას, საზოგადოების ყველა ღირსეულ წევრს, გაერთიანდნენ ამ დიდ მოძრაობაში, რომელსაც სათავეში უდგას ჩვენი უწმინდესი. ეს არის უდიდესი ეროვნული საქმე. ქართველო ერო ერთად ღვთისაკენ! ეს არის დევიზი უწმინდესისა. სწორედ ამიტომ, ერთი სულისკვეთებით მოაზროვნე საზოგადოება, ერი და ბერი უნდა გავერთიანდეთ  ჩვენი კულტურის, სარწმუნოებისა და ღირსების გადასარჩენად. სწორედ ამას ემსახურება პატრიარქის კურთხევით მოქმედი ჩოხოსანთა საზოგადოება“. – განაცხადა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა.

„ეს იყო ქართული სულის ზეიმი“, ასე შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჩოხოსანთა სადროშოს დაფუძნების შთამბეჭდავი ცერემონია.

„მე ბედნიერი ვარ, რომ ბოლნისში შეიქმნა ჩოხოსანთა სადროშო, რომელსაც უკვე ჰყავს წევრები და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ბოლნისელი შეუერთდება. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ  ქვეყნის ღირსებისთვის. რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან გაწევრიანებულ ახალგაზრდებს ვუტარებთ ზნეობის გაკვეთილებს,  გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტი, რომლებშიც დიდი პასუხისმგებლობით ერთვებიან  ბავშვები. ისინი იზრდებიან ქართული სულისკვეთებით, რაც ყველაზე მთავარია ჩვენთვის. ჩოხოსანთა ხმას ბოლნისში კიდევ არაერთხელ გაიგებთ იმ სიყვარულით, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ვულოცავ ბოლნისს ამ დიდებულ დღეს“. – განაცხადა საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად სეხნიაშვილმა.

გთავაზობთ ფოტო რეპორტაჟს ღონისძიებიდან. ვრცელი მასალა იხილეთ „გაზეთ ბოლნისში“.


Share.

Leave A Reply