საგუნდო კოლექტივების კონკურსის პირველი ტურის შედეგები ცნობილია

0

საგუნგო კოლექტივების კონკურსში მონაწილე ბოლნისის შვიდი  გუნდიდან  ექვსი ფინალში გადავიდა. საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მესამე ეროვნული კონკურსის ფინალური ტური  7-9  მაისს  თბილისში გაიმართება, მასში საქართველოს რეგიონების საგუნდო კოლექტივებთან ერთად  მონაწილეობას მიიღებენ: ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები „ბოლნისი“ და „ალილო“, ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის სამუსიკო სკოლის აკადემიური გუნდი, ბოლნისის №1, №5 საჯარო სკოლებისა და წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის შემოქმედებითი ჯგუფები.  კონკურსს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ კაზრეთის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი გამოეთიშა.

,,გახარებული ვარ მიღებული შედეგებით და თითოეულ მათგანს ვულოცავ ფინალში გადასვლას.  მაქსიმალური შეფასება მიიღო ექვსივე გუნდმა, ასეთ ქულებს ნამდვილად არ ველოდი, კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს ფინალში. რაც შეეხება კაზრეთის გუნდს, ისინი მხოლოდ ერთი წელია რაც მუშაობენ და ალბათ ამან განაპირობა მათი შედეგები. იმედი მაქვს მომავალ წელს ისინიც მაქსიმალური ქულებით გადავლენ ფინალში,“_ განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკლუბო, სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანების უფროსმა თეონა აბრამიშვილმა.

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მესამე ეროვნული კონკურსი, საქართველოს საგუნდო საზოგადოების ორგანიზებით ტარდება, კონკურსის მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერისა და ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა. ასევე ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და მონიტორინგი.


Share.

Leave A Reply