მოხუცთა სახლის ბენეფიციარები პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოინახულეს

0

,,ჩვენც დავბერდებით!” პროექტის ფარგლებში ქალაქ ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის, პედაგოგ მანანა შეყილაძის სადამრიგებლო კლასმა, კიდევ ერთი გასვლითი ღონისძიება  მოხუცთა სახლში ჩაატარა. ბავშვებმა  ტკბილეული, სიმღერა, ცეკვა, ლექსები, სითბო და სიყვარული მიუტანეს მოხუცებს.

ადამიანები იბადებიან, იზრდებიან და ბერდებიან. მოხუცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების  სითბო, სიყვარული და თანადგომა. მათ სურთ დარჩენილი სიცოცხლე ახლობელ ადამიანთა გარემოცვაში გაატარონ, დატკბენ შვილების,  შვილიშვილების   ცქერით და მათი ბედნიერება  გაიზიარონ.

მაგრამ არსებობენ მოხუცები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების, სოციალური თუ ფიზიკური მდგომარეობის გამო უწევთ მოხუცთა სახლში ცხოვრება. ოჯახის  წევრებს მოწყვეტილნი თავს უმწეოდ გრძნობენ, მათი მეტყველი თვალები ცდილობენ მუდამ სითბო ასხივონ, დანაოჭებული შუბლი გვამცნობს, რომ მათში თავი მოუყრია ცხოვრების გამოცდილებას, რომ ისინი სხვებზე უკეთ იცნობენ ამ წუთისოფელს. ეს არის ეტაპი, როცა ადამიანი ღმერთთან სიახლოვეს უკეთ გრძნობს და ყველაზე მეტად აფასებს სიცოცხლეს, მის ყოველ დღეს, წუთსა თუ წამს.

მანანა შეყილაძე, №1 საჯარო სკოლის მესამე კლასის დამრიგებელი:

-ჩვენი  სტუმრობის მიზანი  სათნოების სახლში არის ის, რომ  პატარებმა გაითავისონ ხანდაზმულების  მდგომარეობა, ისწავლონ მათი დაფასება, მოფერება და დარჩენილი წლები გაულამაზონ თავიანთი სითბოთი, პატივი სცენ მათ ასაკს.  შეხვედრა საინტერესო და მხიარული იყო. ბავშვებმა მოხუცებისთვის იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს. დაუსვეს კითხვები მათი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც ისინი  დაუზარლად პასუხობდნენ.

მოხუცთა შორის აღმოჩნდა პოეტი დემურ ლომსაძე, რომელმაც საკუთარი ლექსები წაგვიკითხა.

მოხარული ვიქნებით  ერთი საათით მაინც თუ შევძელით მათი გამხიარულება და გართობა.

აღსანიშნავია, რომ ამ კლასმა მსგავსი სახის ღონისძიება ნოემბრის თვეშიც მოაწყო.  ღონისძიების ფარგლებში „წითელი ჯვრის“ ბენეფიციარებს მიუტანეს ტანსაცმელი, ტკბილეული, ხილი და ჩაუტარეს კონცერტი.


Share.

Leave A Reply