დედაენის კვირეული ბოლნისში

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თავისუფალი გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების კითხვას დაეთმო. აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“ წაიკითხეს და პედაგოგებთან ერთად მწერლის სათქმელი დეტალურად განიხილეს, ასევე მოსწავლეებმა ის ქართული აფორიზმებიც მოიშველიეს, რაც მოთხრობასთან თემატურად ახლოს იყო.

დედაენის კვირეულის მიზანია ქართული ენის სწავლების პოპულარიზაცია და ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.

დედაენის კვირეული ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ათივე რეგიონულ სასწავლო ცენტრში იმართება და ის უკვე ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და მარნეულის სასწავლო ცენტრებში ჩატარდა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს, რომელსაც ახორციელებს ჟვანიას სკოლა. განსაკუთრებულად კი მნიშვნელოვანია მათი დამოკიდებულება სახელმწიფო ენის მიმართ. სწორედ დღევანდელი ღონისძიებაა ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჩართულნი აღნიშნულ პროექტებში და როგორ უწყობს მათ განვითარებას ხელს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.  ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და  ყოველთვის მივესალმებით და მხარს დავუჭერთ მსგავს ღონისძიებებს“. აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა კობა ჟღენტმა.

ლიკა იასაღაშვილი, პედაგოგი:

-დედაენის დღის კვირეულში ყველა რეგიონალური ცენტრია ჩართული,  რა თქმა უნდა ჩვენც გამოვეხმაურეთ ამ ღონისძიებას და  ბ1 და ა2  დონის აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“ წაიკითხეს.

ნანა მიქელაძე, პედაგოგი:

-დღევანდელი ღონისძიება მიზნად ისახავს ეთნიკური უმიცრესობების თემებში ქართული სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას. ჩვენი მიზანია ასევე, მივაწოდოთ ინფორმაცია რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ენის ცოდნას. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში უფრო უკეთ შეძლებენ ქართული ენის დაუფლებას.

დღევანდელ ღონისძიებას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


Share.

Leave A Reply