გორისა და ბოლნისის სკოლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

0

პროექტ „ღია კარის“ ფარგლებში გორის №12 საჯარო სკოლასა და ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანს“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რისი საშუალებითაც სკოლებს შორის მეგობრულ ურთიერთობას ჩაეყარა საფუძველი.
„აღფრთოვანებული ვარ ამ წამოწყებით, მიხარია, რომ საფუძველი ჩაეყარა ჩვენს სკოლებს შორის მეგობრობას, რომელიც დარწმუნებული ვარ გაგრძელდება ძალიან დიდხანს. მეგობრულ პროექტს ასევე შემოუერთდება თბილისის 124-ე საჯარო სკოლაც. მოგეხსენებათ „დავითიანი“ ძალიან ბევრ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტშია აქტიურად ჩართული, თუმცა მჯერა „ღია კარი“ კიდევ ერთი დიდი შენაძენი იქნება ჩვენთვის“, განაცხადა ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანის“ დირექტორმა მარინა გორშკოვამ.
„ღია კარის“ ერთ-ერთი მიზანია სკოლებს შორის ერთობლივად ისეთი საქმიანობების განხორციელება, რომელიც გაზრდის მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა ადრეული ქორწინება, ბავშვთა მიმართ ძალადობა და ა.შ. აღნიშნულთან დაკავშირებით გორის სკოლის წარმომადგენლებმა დღეს „დავითიანის“ სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გორში ბოლნისელების სტუმრობით გაგრძელდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პროექტისთვის შეგვერჩია ისეთი სკოლა, სადაც სწავლობენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები. დარწმუნებული ვარ ნებისმიერი არჩევანი იქნებოდა კარგი, თუმცა მადლობა ღმერთს, რომ არჩევანი შევაჩერეთ ამ სკოლაზე. მჯერა ჩვენი გამოცდილება და პროფესიონალიზმი დადებითად წაადგება სკოლა „დავითიანს“ და ასევე მათი გამოცდილება დაგვეხმარება ჩვენ. პროექტის სახელწოდებიდან გამომდინარე კარს ვუღებთ ბოლნისის სკოლას. მომდევნო ეტაპი იქნება მათი სტუმრობა გორში. სტუმრები განაწილდებიან შემდეგნაირად: დირექტორი დირექტორის ოჯახში, პედაგოგები პედაგოგებთან და მოსწავლეები კი მოსწავლეების ოჯახებში. ჩვენი მიზანია მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, კულტურისა და ოჯახური ტრადიციების გაცვლა, ღირსშესანიშნაობების გაცნობა, სპორტული აქტივობები და ა.შ.“, – განაცხადა გორის №12 საჯარო სკოლის დირექტორმა რუსუდან ლომიძემ.


Share.

Leave A Reply