რამდენი ადამიანი სარგებლობს მთის კანონის  ფარგლებში ამოქმედებული შეღავათებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში

0

დარბაზი, წიფორი, ხახალაჯვარი, ჭრეში, ბერთაკარი და ბალიჭი –  ამ სოფლებში, ეროვნული საბჭოს მიერ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შემდეგ შეღავათები ამოქმედდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, ჩამორთმევის, შეჩერებისა და განხილვის მიზნით შექმნილი საბჭო მუშაობს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი ამ ეტაპზე 1525 ადამიანს აქვს მინიჭებული. რეგისტრაცია გრძელდება. „პირველადი რეგისტრაციით იანვარ-თებერვალში სტატუსი მიენიჭა პედაგოგებს, სოციალურად დაუცველებს, საჯარო სფეროში დასაქმებულ პირებს, რამაც ჯამში 850 კაცი შეადგინა.  ინდივიდუალური განცხადებით 725 პირმა მოგვმართა, აქედან მხოლოდ  თხუთმეტს  ეთქვა უარი, მათგან ზოგი არ იყო საქართველოს მოქალაქე, ზოგს კი არ ჰქონდა რეგისტრაცია მაღალმთიან ზონაში,“- განმარტა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივ მცხოვრებ პირთა მართვის საბჭოს სხდომის მდივანმა ნათია დევნოზაშვილმა. მისივე თქმით, შვიდკაციანი საბჭო, რომელსაც კონკრეტული სოფლების გამგებლის წარმომადგენლებიც ესწრებიან, დამატებით განცხადებებს განიხილავს.

აღნიშნული სოფლების მკვიდრთ, რომლებსაც უკვე მინიჭებული აქვთ მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, 2017 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის გადასახადზე ყოველთვიური საფასურის 50% აუნაზღაურდებათ, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების“ შესახებ კანონის თანახმად, შეღავათების უმეტესი ნაწილი გასული წლიდან ამოქმედდა. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მოქალაქე სტატუსის მინიჭების შემდეგ ყოველ პირველ და მეორე ახალშობილზე, ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან 100 ლარიან დახმარებას იღებს, მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე კი 200 ლარს ორი წლის განმავლობაში. როგორც  ნათია დევნოზაშვილი განმარტავს, თანხა იმ ახალშობილს გადაეცემა, რომლის ერთ-ერთი მშობელი მაღალმთიანი სტატუსის მქონეა.

2016 წლის 1 იანვრიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებზე ვაუჩერი გაზრდილი ოდენობით გაიცემა, ხოლო 1  სექტემბრიდან მასწავლებლებს დაუწესდათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით, სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს კი დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით.  ასევე გაიზარდა სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირების ყოველთვიური პენსია.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ეს შეღავათები სექტემბერში ამოქმედდა. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ასაკით პენსიონერების პენსია 180 ლარის ნაცვლად 216 ლარია, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ბავშვები 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს იღებენ. 20%-ითაა გაზრდილი სხვა სოციალური პაკეტების დანამატი და მნიშვნელოვნად გამოხატული პირების მარჩენალდაკარგული და პოლიტრეპრესირებულების თანხა 100 ლარის ნაცვლად 120 ლარი გახდა. ასევე აქ დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, ხელფასზე დანამატის სახით – ექიმი სახელმწიფო პენსიის ორმაგ ოდენობას, ხოლო ექთანი სახელმწიფო პენსიის ოდენობას მიიღებს“. აცხადებს ნათია დევნოზაშვილი.

ასევე საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ სტატუსმინიჭებული მოქალაქეები, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირი (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი), რომლის შემოსავალი არ აღემატება 6 ათას ლარს.  ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან 10 წლის ვადით.


Share.

Comments are closed.