„მოვეფეროთ იაკობს და დედა ენას“

0

14964306_1123032631144811_652568715_oბოლნისის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლის ფოიეში II-IV კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-პრეზენტაცია მოაწყვეს. გამოფენაში 8 დაწყებითი კლასი მონაწილეობდა და თითოეულის ნაშრომი გამოირჩეოდა შესრულების ტექნიკით, ინდივიდუალიზმით, ორგანიზებითა და კრეატიული ხედვით. გამოფენა იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 176-ე და „დედა ენის“ 140-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულს „მოვეფეროთ იაკობს და დედა ენას“ ეძღვნებოდა და თემატურადაც იაკობის შემოქმედებით იყო დატვირთული. ბავშვებმა ილუსტრირებული ალბომები, ხელისგულისოდენა წიგნები და ჩანახატები შექმნეს. უამრავი ნამუშევრიდან, რომელიც ერთმანეთზე საუკეთესო იყო, სკოლამ  რამდენიმე ამოირჩია და საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის ადმინისტრაციაში გადაგზავნა, რათა შემდგომ ამ ნამუშევრებმა ფართო კონკურსზე მიიღოს მონაწილეობა.

„მინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა საუკეთესო ნაშრომები წარმოადგინეს. საკუთარი ხელით შექმნეს უამრავი ალბომი, პატარა წიგნები, რომლებიც გააფორმეს და საყვარელი პოეტების ლექსები ჩაწერეს. გამოფენა იაკობ გოგებაშვილისა და დედაენის იუბილეს მიეძღვნა, რითაც კმაყოფილი ვარ. ხოლო საუკეთესო ნაშრომები  თბილისში გადაიგზავნება დიდ კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად“. – აღნიშნა №1 საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ.

თინათინ ფრუიძე, №1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე:

-სკოლაში ტარდება იაკობ გოგებაშვილის კვირეული, რომელსაც მიეძღვნა აღნიშნული გამოფენაც, ასევე ტარდება კლასის საათები ამ თემაზე და  დასკვნითი ღონისძიება იაკობ გოგებაშვილისა და დედა ენის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. ბავშვებმა კარგად იმუშავეს, ულამაზესი ხელნაკეთი წიგნები და ნახატები წარმოადგინეს. ვფიქრობ, ასეთი ფორმით წახალისება   საზოგაობაში მათი ადაპტაციის საუკეთეო ხერხია.

ოთიკო ყაველაშვილი, IV კლასის მოსწავლე:

-დღეს გამოფენაზე გავატანე წიგნი, რომელიც საკუთარი ხელით გავაკეთე, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით შევქმენი ნახატებიც. ყველას მოეწონა ჩემი ნამუშევარი და ვფიქრობ, საკონკურსოდაც გააგზავნიან.

მარიამ ისიანი, IVა კლასის მოსწავლე:

-მე ხელისგულისოდენა წიგნი გავაკეთე, ჩავწერე სხვადასხვა პოეტების ლექსები. ჩემი საყვარელ პოეტი გალაკტიონ ტაბიძეა. მიყვარს ანა კალანდაძეც, ვფიქრობ ჩემი წიგნიც დაიმსახურებს კონკურსის მოწონებას.

ბარბარე ღუღუნიშვილი, IVბ კლასი:

-ძალიან მიყვარს იაკობის მოთხრობები, „თხა და გიგო“, „ვანო და ქორი“, ძალიან სახალისოა და ამიტომ. გავაკეთე წიგნი გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, ასევე გამოფენაზე გამოვიტანე ნახატი, რომელიც ძალიან მომწონს და ვფიქრობ კონკურსზე გაგზავნიან.

ლუკა გიორბელიძე, III ბ კლასი:

-გამოფენა ძალიან მომეწონა, ხშირად უნდა ჩატარდეს, რომ ჩვენი ნამუშევრები ყველამ ნახოს. გავაკეთე წიგნი გოგებაშვილის კრებულის მიხედვით. ძალიანა მიყვარს მისი ლექსები და მოთხრობები.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Leave A Reply