სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის გასვლითი ღონისძიებები სოფელ ნახიდურის შემდეგ სავანეთში, ხატისოფელსა და ტანძიაში ჩატარდა. ნაჩვენები იყო სპექტაკლი ,,ნაცარქექია“, რომელსაც უამრავი მოსწავლე დაესწრო, ისინი აქტიურად ჩაერთვნენ ღონისძიების მსვლელობაში.
,,აღსანიშნავია,რომ სპექტაკლი სულხან – საბა ორბელიანის სახელობის მუზეუმის ეზოში ჩატარდა, კარგი ორგანიზებისთვის და გულთბილი მიღებისთვის მადლობას ვუხდით სოფლის რწმუნებულს იანა ბერიანს და სკოლის მოსწავლეებს. შემდგომი გასვლითი ღონისძიება სოფელ ქვეშში იგეგმება. მსიამოვნებს როდესაც ვუყურებ ბავშვების გახარებულ სახეებს, ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია მათთვის. ამიტომ ვინც ვერ მოდის ჩვენამდე, გადავწყვიტეთ ჩვენ მივიდეთ მათთან, გავახალისოთ, გავააქტიუროთ და დავაინტერესოთ სოფლად მცხოვრები პატარები თეატრით, ”აღნიშნა თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა თამარ ბობოხიძემ.
აღნიშნულ პროექტს ააიპ ”ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება” და ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრი ახორციელებს, მისი მიზანია, სოფლად მცხოვრები ქართველი და არაქართველი მოსწავლეების გახალისება და კულტურულ ღონისძიებებში ჩართვა. სპექტაკლებს შემეცნებითი და საგანმანათლებლო, ამასთანავე ფორუმის სახე აქვს, მოსწავლეები ერთვებიან ღონისძიების მსვლელობაში, სწავლობენ ცეკვას, სიმღერას, პასუხობენ დასმულ კითხვებს, დასასრულს კი ვლინდებიან ყველაზე აქტიური ბავშვები.