ბოლნისში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

0

13403932_1186525048075279_4301324518427265028_oშპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ადგილობრივი სერვისცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ბოლნისის ქვეპროექტის წინასწარი ეკოლოგიური კვლევის საჯარო განხილვა მოაწყო. შეხვედრა მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და ქალაქ ბოლნისში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის, კერძოდ, წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის მშენებლობას უკავშირდებოდა.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ბოლნისში დაგეგმილი ჩამდინარე წყლების სისტემის გაუმჯობესებაზე და პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ხორციელდება.

მასშტაბური პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, რაც პირველ რიგში სატენდერო პროცედურების დაწყებას გულისხმობს. საერთაშორისო ტენდერის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კომპანია ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას დაიწყებს.

აღნიშნული პროექტი მაღალი სტანდარტებით წარიმართება,   გაუმჯობესდება ბოლნისში არსებული საკანალიზაციო სისტემა,  ჯანდაცვის სტანდარტები და გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები.

პროექტი ორწლიანია და მისი ღირებულება დაახლოებით 10 მილიონ ლარს შეადგენს.


Share.

Comments are closed.