ბოლნისის სამუსიკო სკოლამ სასწავლო წელი საანგარიშო კონცერტით დაასრულა

0

13521696_1014503285331080_653828720_nზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლამ 8 საგუნდო და 25 საფორტეპიანო ნომრით შეაჯამა მიმდინარე სასწავლო წელი. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შეასრულეს როგორც ქართველი, ისე უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.  რამოდენიმე დღის წინ სკოლაში დასრულდა გამოცდები, სკოლის ხელმძღვანელი მიღებული შედეგებით კმაყოფილია და იმედს იტოვებს, რომ მომავალი სასწავლო წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

„ორი დღის წინ ჩავატარეთ შემაჯამებელი კონცერტი, რომელშიც თითქმის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან შევარჩიეთ საუკეთესო ნომრები, რომლებიც შემოგთავაზეთ დღეს. ვფიქრობ თითოეულმა მონაწილემ საკმაოდ კარგად წარმოაჩინა  თავი, რაც პედაგოგთა შრომის შედეგია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ჩვენი სკოლის საგუნდო მუსიკის მოსწავლეებმა, ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით,  წარმატებით მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების II ეროვნულ  და თეიმურაზ ჯანელიძის სახელობის რეგიონულ კონკურსებში, ასევე რამოდენიმე დღის წინ ვიყავით რუსთავში საქართველოს სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა V რეგიონალურ კონკურსზე, სადაც ჩვენი სკოლიდან თვრამეტმა მოსწავლემ საუკეთესოდ შეასრულა საფორტეპიანო ნომრები. მათგან სამი იყო გამარჯვებული, 8 კი წარმატებული, რომლებიც შესაბამისი დიპლომებით დაჯილდოვდნენ. გამომდინარე აქედან შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ სასწავლო წლის შედეგებით“. – აღნიშნა სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი თანდარაშვილმა.

მიმდინარე სასწავლო წელს მუსიკალური სკოლა 17 მოსწავლემ დაამთავრა. ამჟამად სკოლაში 100-მდე მოსწავლე ირიცხება, აქედან მესამედი მუნიციპალიტეტში მოქმედი საშეღავათო პროგრამებიდან გამომდინარე,  გადასახადისგან გათავისუფლებულია.

სამუსიკო სკოლაში მოსწავლეთა საბუთების მიღება უკვე დაწყებულია. სასწავლო პროცესი  სექტემბრიდან განახლდება.


Share.

Comments are closed.