FLEX-ის პროგრამით ამერიკაში ბოლნისიდან კიდევ ერთი მოსწავლე გაემგზავრება

0

12969298_848348038628146_1517907481_nგამორჩეული, აქტიური, ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული, მრავალმხრივ ნიჭიერი – ასე ახასიათებენ Flex-ის გამარჯვებულ ელენი ბასილაშვილს. გარდა იმისა, რომ ელენი დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა, მღერის, ცეკვავს და უკრავს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე,  წარმატებით მონაწილეობს და არის სხვადასხვა სახის ოლიმპიადების გამარჯვებული. გასულ წელს, წარჩინებული სწავლისთვის, განათლების სამინისტროსგან საჩუქრად კომპიუტერი გადაეცა. ასევე არის წითელი ჯვრის მოხალისე. სკოლის დირექტორი დინარა პირველი სიამაყით აღნიშნავს, რომ უკვე მესამე წელია ყოველწლიურად ჰყავს სკოლას Flex-ის ფინალისტი, რაც პედაგოგების უსაზღვრო შრომის შედეგია. ელენის კი წარმატებებს უსურვებს.

„ელენი ჩვენი სიამაყეა. დარწმუნებული ვარ, რომ  არაერთხელ გვასახელებს, მას ბევრად უფრო წარმატებული მომავალი ექნება, რისთვისაც ყველა თვისება გააჩნია“, – განაცხადა bolnisi.ge-თან დინარა პირველმა.

„ჩემი წარმატება პირველ რიგში სკოლის, პედაგოგებისა და კლასის დამსახურებაა. ჩვენი პედაგოგები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სასკოლო პროგრამის სწავლებით, ისინი  დიდ ცოდნას გვაძლევენ, რაც ძალიან მეხმარება სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობისას“, – ამბობს ელენი ბასილაშვილი.

-გამარჯობა ელენ, გილოცავ პროექტში გამარჯვებას, რას ნიშნავს შენთვის ეს წარმატება, რა განცდა იყო, როცა დაგირეკეს და გითხრეს, რომ მოხვდი საქართველოს მასშტაბით იმ იღბლიან და ნიჭიერ 80 ბავშვს შორის, რომლებიც ამერიკაში ერთი წლით, სრულიად უფასოდ, მიიღებენ განათლებას.

-მინდა გითხრათ, ამ პროექტში გამოცდილების მიღების მიზნით გავედი. ნამდვილად არ ვიცოდი  ფინალისტი თუ ვიქნებოდი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ წარმატებით გავიარე გასაუბრება უსაზღვრო, ენით აღუწერელი სიხარული განვიცადე. ამ ემოციის გასაზიარებლად პირველ რიგში დედა და  ინგლისურის პედაგოგი ვნახე, რომლის დამსახურებაცაა ეს წარმატება. მე უკვე მესამე ფინალისტი ვარ ჩვენი სკოლიდან, რაც არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი სკოლისთვის დიდი წარმატებაა.

-როგორც ვიცით, წარმატებით მონაწილეობ სხვადასხვა სასკოლო ოლიმპიადებშიც.

-კი, აქტიურად ვარ ჩართული მათემატიკის, ინგლისურის და სხვა სახის ოლიმპიადებში. ზაფხულში ვიყავი მულტიკულტურულ ბანაკში, სადაც საქართველოს მასშტაბით 50 ბავშვს შორის მოვხვდი. ასევე წარმატებით გავიარე კინგსის ოლიმპიადა, ვარ „სამოქალაქო განათლების“ პირველი ტურის გამარჯვებული.

-შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ წარმატებული და პერსპექტიული ახალგაზრდა ხარ, ძნელია იყო წარმატებული?

-მე არ ვთვლი  თავს ძალიან წარმატებულად, ვფიქრობ მეტი შემიძლია და ასეც უნდა იყოს. ადვილი ნამდვილად არ არის, საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ სწავლას, თუმცა კლასგარეშე ლიტერატურას, ზოგად განათლებას უფრო მეტ დროს ვუთმობ. მიყვარს ენციკლოპედიები, ვიძიებ საინტერესო ინფორმაციებს.

-რომელია შენი საყვარელი წიგნი?

-ყველა წიგნი მიყვარს, სიამოვნებით ვკითხულობ ნებისმიერი ჟანრის და ავტორის წიგნს. თუმცა უსაზღვროდ მიყვარს ჰარი პოტერის შვიდივე ნაწილი, რომელიც მინდა წავიკითხო ამჯერად რუსული, შემდეგ კი ინგლისურენოვანი გამომცემლობა. ასევე ძალიან მიყვარს „გაუჩინარებული ქალი“ და „ალასკას ძიება“.

-საყვარელი საგანი?

– ძირითადად ტექნიკური საგნები მიყვარს, მათემატიკა, ინგლისური, რუსული, ქიმია და ფიზიკა.

თავისუფალ დროს რითი ხარ დაკავებული, რა არის შენი ჰობი?

-ვუკრავ სკოლის მუსიკალურ ჯგუფში ტამტამზე, დოლზე, გიტარაზე, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ასევე თავისუფალ დროს დაკავებული ვარ ფოტოგრაფიით. ამ კუთხით ვესწრები სხვადასხვა ტრენინგს, ვიღებ მონაწილეობას კონკურსებში, სულ ცოტა ხნის წინ მქონდა გამოფენა თბილისში, წარმოვადგინე პორტრეტები.

-როგორია შენი სამომავლო გეგმები?

-ჯერ ამ პროგრამით წავალ ამერიკაში. შემდეგ ჩავაბარებ საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე,  ისევ რომელიმე გაცვლითი პროგრამით ვაპირებ კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ, თუ გაცვლითი პროგრამით ვერ მოვახერხებ, აუცილებლად მაგისტრატურას გავივლი უცხოეთში და შემდეგ დავბრუნდები ჩემ ქვეყანაში.

-რატომ უცხოეთში, ფიქრობ საქართველოში საჭირო განათლებას ვერ მიიღებ?

-არა, უბრალოდ ძალიან დამეხმარება უცხოეთში მიღებული გამოცდილება მომავლის დაგეგმვაში.

-რას ელოდები Flex-ის პროგრამისგან და რას მოგცემს მიღებული გამოცდილება?

12939117_848347918628158_1636352298_n

-ვფიქრობ Flex-ის პროგრამამ უკვე დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. რაც გავიგე რომ ფინალისტი ვარ, ბევრი რამ დავგეგმე. როცა თუ ცოტა ხნის წინ არ ვიცოდი რა პროფესიას ავირჩევდი, რას ვიზამდი მომავალში, ახლა უკვე კონკრეტულად ვიცი, მიზანმიმართულად მაქვს დაგეგმილი ჩემი მომავალი, პროგრამის გავლის შემდეგ კი რადიკალურად შეიცვლება  ცხოვრებაც. ამერიკაში მიღებული განათლება და გამოცდილება კი დიდ წარმატებებს მომიტანს. როგორც უკვე იცით ჩვენი სკოლიდან Flex-ის პროგრამის მესამე ფინალისტი ვარ. პირველი ფინალისტი იყო იდა, რომელმაც ესტაფეტა გადასცა ანას, ანამ გადმომცა მე, მე კი ესტაფეტას მთელ სკოლას გადავცემ, რომელსაც ძალიან დიდი ბაზა აქვს იმისთვის, რომ ყოველწლიურად ჰყავდეს Flex-ის ფინალისტები.

-რას ურჩევდი შენს თანასკოლელებს იმისთვის, რომ იყვნენ შემდეგები?

-ვურჩევდი რომ იყვნენ ლიდერები, დაუჯერონ პედაგოგებს, რომლებიც ყოველთვის სასარგებლო რჩევებს და ცოდნას გვაძლევენ. იყვნენ თავიანთ თავში დარწმუნებულები. მოინდომონ, იშრომონ, ცოტა გარისკონ კიდეც და ყველაფერი გამოუვათ. მჯერა, რომ ჩემი თანასკოლელები და  თანაკლასელები იქნებიან  ჩემზე უფრო წარმატებულები.

-დიდი მადლობა ელენ, გისურვებ წარმატებებს.

ნინო კარგარეთელი


Share.

Comments are closed.