№1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამკერდე ნიშნები ექნებათ

0

12903683_959386424176100_824411120_oსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით,  სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადეს პროგრამა „მეწარმეობა საშუალო განათლების სისტემაში“ სახელწოდებით – „შექმენი მომავალი“. პროგრამის მიზანია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა სამეწარმეო უნარების განვითარება და სამეწარმეო კულტურის ამაღლება. პროექტის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა „მეწარმეობის საფუძვლების“ არჩევითი საგნის სტანდარტი, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის მიერ საგნის სწავლებით სათანადო სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაზე და ცხოვრებისეულ სიტუაციებთან მათ მისადაგებაზე.

№1 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლებს შორის, რომლებიც გადიან არჩევითი საგნის, „მეწარმეობის საფუძვლების“ პილოტირებულ სწავლებას. საგანი მხოლოდ მე-11-ე კლასში ისწავლება და მოსწავლეებმა ამ საგნის საფუძველზე შექმნეს  მიკრო კომპანია, რომელიც დაიწყებს სამეწარმეო საქმიანობას. სწორედ ამ თემაზე და საკუთარი საქმიანობის გასაცნობად მოსწავლეებმა მოიწვიეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მეწარმეები, რომლებიც ბოლნისში საქმიანობენ. მეწარმეებმა მოისმინეს ბავშვების წარმოდგენილი პროექტები, გამოთქვეს საკუთარი აზრი და პირველი აქციონერებიც გახდნენ.

„იმისთვის, რომ გადავიხადოთ წინასწარი ხარჯები და ვაწარმოოთ პროდუქცია,  კომპანიას სჭირდება საწყისი კაპიტალი, რომელსაც აქციების გაყიდვით მოვიპოვებთ. ერთი აქციის ღირებულება 10 ლარია და აქციონერს შეუძლია ფლობდეს მაქსიმუმ სამ აქციას. დღეს მოვიწვიეთ სტუმრები ვინც ამ სფეროში  უკვე გამოცდილია და გვირჩევენ  როგორ ვაწარმოოთ სწორად ჩვენი ბიზნესი და შევძლოთ დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს  .  ვფიქრობ საინტერესო დისკუსია  გაიმართა და ყველამ შეიძინა აქციები. მადლობა მხარდაჭერისთვის“. -აღნიშნა №1 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ხუციშვილმა.

„ჩვენი მინიკომპანიის „სკოლის სახე“-ს ბიზნეს-იდეაა  შექმნილიყო მოსწავლის სამკერდე ნიშანი, რომელიც ამავე დროს იქნებოდა სკოლის სიმბოლოც. ამ საკითხთან  დაკავშირებით გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლო სკოლის ყველა მოსწავლეს, გაიმარჯვა VIIIბ კლასის მოსწავლემ გიორგი გაფრინდაშვილმა.

სამკერდე ნიშანი განკუთვნილია ჩვენი სკოლის მოსწავლეთათვის და ვიმედოვნებთ, რომ მისი ტარება საშუალებას მისცემს მათ უსაფრთხო გადაადგილებას სკოლის შენობასა თუ მის შემოგარენში“.- აღნიშნა XI კლასის მოსწავლემ თორნიკე ერისთავმა. ხოლო ნიკა სულწაძის თქმით, რომელიც ასევე ამ ბიზნეს-იდეის თანაავტორია, „კომპანია გარკვეული დროით, ერთი სასწავლო წლით შეიქმნა, „ვიკვლევთ ბაზარს, ვადგენთ ბიზნეს გეგმებს და ვაწარმოებთ საქმიან დოკუმენტაციას, ვიღებთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს წარმოებისა და მართვის საკითხებში, ვითვისებთ ბიზნესის მარტივ ძირითად ცნებებს. იმ შემთხვევაში,  თუ ჩვენი აქციებით   დავაინტერესებთ ადამიანებს და იყიდიან აქციებს, წლის ბოლოს მათ თავიანთი ფული უკან დაუბრუნდებათ, სუფთად, მოგების გარეშე, რადგან მოგება გვინდა კვლავ ჩავაბრუნოთ და  უფასოდ დავუმზადოთ  სამკერდე ნიშნები  სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ხოლო სამკერდე ნიშნის ფასი ჩვეულებრივად ყველასათვის ორი ლარი იქნება, ასე ვფიქრობთ მოგების მიღებას. მინდა  მადლობა ვუთხრა ყველა სტუმარს, ვინც იყიდა აქცია, ვინც მოგვისმინა და გვენდო“. -აღნიშნა ნიკა სულწაძემ.

შეხვედრა მოსწავლეებსა და მეწარმეებს შორის აქციების გაყიდვით დასრულდა და №1 საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს მალე სამკერდე ნიშანი დაამშვენებს.

დარეჯან ოქრუაშვილი

12899560_959387800842629_1060708932_o


Share.

Comments are closed.