საუკეთესო 40 წუთით

0

12919802_496767820525302_524762531131162468_nბოლნისის „ყოჩებმა“ ფოთში „ბათუმს“პირველ ტაიმში ყველა კომპონენტში აჯობა, სამი უპასუხო ლელო დაუდო და 19:0 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ზღვისპირელებმა ჩამორჩენის 6 ქულამდე დაყვანა შეძლეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გაუჩნდათ, მაგრამ მათი იმედები თემურ სოხაძემ არეკნით დაასამარა – 22:13.

დიდი 10-ის პლეი ოფის პირველი ეტაპის პირველი შეხვედრა ფოთში გაიმართა, რადგან ბათუმში სტადიონი არაა. ამით „ბათუმმა“ მასპინძლობის უპირატესობა დაკარგა, მაგრამ კლიმატურ პირობებს ის უფრო იყო შეჩვეული, ბათუმიდანაც მისი გულშემატკივრები ფოთში მრავლად ჩავიდნენ და ატმოსფეროც „მასპინძლური“ შექმნეს, მაგრამ მიმდინარე სეზონში „ყოჩებმა“ საუკეთესო ტაიმი ჩაატარა და დიდი უპირატესობა მოიპოვა.

ალექსი ხუციშვილის დუბლი და ნიკა ჩხიკვაძის ერთი ლელო, რასაც სოხაძის ორი გარდასახვა მოყვა, ზუსტად ასახვს იმ უპირატესობას, რაც ბოლნისელებს ამ პერიოდში ჰქონდათ. შესვენების შემდეგ სურათი შეიცვალა, თამაშის ტემპი მნიშვნელოვნად დავარდა და ხარისხიც გაფუჭდა, თუმცა ამ ფონზე „ბათუმმა“ ინიციატივის მოპოვება მოახერხა და ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება ღირსეულს დარჩა.

პირველ ტაიმში „ყოჩებმა“ ის თამაში აჩვენა, რასაც მისგან ველით. მათ სრულად დაამყარეს ბურთზე კონტროლი, მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა, თამაშობდნენ სწრაფად და მრავალფეროვნად, , ფაქტობრივად ყველა ჯერზე ხერხდებოდა უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, მეტოქე დაჯაბნეს ორთაბრძოლებში და რაც მთავარია, გადაწყვეტილებების მიღებაში. მთლიანობაში, ეს 40 წუთი კარგი საყურებელი გამოდგა, ოღონდ ერთია – რაგბის მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და მეორე წარუმატებლად ცდილობდა მისთვის ხელის შეშლას.

ანგარიში დებიუტშივე, მე-2 წუთზე ხუციშვილის ულამაზესი ლელოთი გაიხსნა. უკანახაზელებმა სწრაფად, ხელდახელ გაათამაშეს ბურთი, ლევან გოგოლაშვილმა ხუციშვილს სისწრაფეზე დროული პასით ხაზი გააჭრევინა, ბოლნისელთა გარემარბმა ტემპს კიდევ უფრო მოუმატა, ორ მცველს გასცდა და ლელოში შეიჭრა, ხოლო სოხაძემ არცთუ იოლი პოზიციიდან გარდასახა – 0:7. „ყოჩები“ თავისუფლად თამაშობდა და მე-10 წუთზე სოხაძემ 38 მეტრიდან არეკნის დარტყმა გადაწყვიტა, მაგრამ დაუფარეს და რომ არა მცველების სიმარდე, კონტრშეტევაზე დაისჯებოდა.

მაგრამ შეხვედრის მსვლელობას ლოგიკური გაგრძელება მოყვა, მე-13 წუთზე სტუმრებმა მეტოქის ლელოდან დაახლოებით 8 მეტრში დერეფანი მოიგეს და კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ჩხიკვაძემ დერეფანი გაჭრა და მცველების მცდელობის მიუხედავად, ლელო დაამიწა, ხოლო სოხაძემ ამჯერადაც ზუსტად გარდასახა – 0:14. ტაიმის შუაში „ბათუმმა“ პირველად შექმნა ხიფათი, ბურთი მარჯვნივ, კიდემდე ჩაათამაშდა და ალექსი ტუჩაშვილი გაიქცა, გოგოლაშვილი მასთან კონტაქტში შევიდა და მართალია ვერ შეეჩერა, მაგრამ სისწრაფე დააკარგვინა და მერე მოიერიშემ ბურთიც დაკარგა.

სულ მალე „ყოჩების“ შერკინების შემკვრელი და ერთ-ერთი ლიდერი ჩხიკვაძე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა, რაც ისედაც მომრავლებულ საკადრო პრობლემების ფონზე, დიდი დარტყმა იყო. მის ნაცვლად შეცვლაზე ბექა გუგეშაშვილი შევიდა, ხოლო შერკინების შემკვრელად ჯერ გიორგი ტყეშელიაძემ და მერე მიხეილ გაჩეჩილაძემ გადაიბაცვლეს. ეს ბოლნისელების შერკინებაზე აისახა, მაგრამ ღია თამაშზე არა და 35-ე წუთზე კიდევ ერთი, სწრაფი და ლამაზი შეტევა ლელოთი დასრულდა.

ხაზი გიორგი ხარშილაძემ გაჭრა და 22-ში შესული გაჭირვებით შეაჩერეს, იერიში ირაკლი გეგენავამ გააგრძელა, ჯაბა კიკვიძემ მიმართულება კვლავ ცენტრისკენ შეცვალა და ლელოს 10-მეტრამდე მიუახლოვდა, რაქიდან ბურთი გოგოლაშვილმა მიიღო, მცველებისთვის მოულოდნელად ის ჩათვლის მოედანში ფეხით შეაცურა, ხუციშვილმა ყველას დაასწრო და დუბლი შეასრულა. ამჯერად სოხაძეს გარდასახვა გაუფუჭდა და ტაიმი ბოლნისელებმა 19:0 მოიგეს.

მეორე ტაიმი სცენარი შეიცვალა, „ბათუმმა“ შერკინებაში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა და „ყოჩების“ 22-ში დანიშნული შერკინებების ერიას ჯერ გიორგი ხოსიტაშვილის სინბინი, ხოლო მოგვიანებით ლაშა აზალაძის ლელო და ბახვა კობახიძის გარდასახვა მოყვა. სანამ კაცნაკლულები ვიყავით, კობახიძემ ჯარიმით ჩამორჩენა 9 ქულამდე დაიყვანა და სათამაშო კიდევ 20 წუთი რჩებოდა.

მეორე ტაიმში, საკადრო პრობლემების გამო, გიორგი ცუცქირიძეს მეორე ხაზში მოუწია შეცვლაზე შესვლა, ხოლო დავით ხიდეშელს ძველი პროფესიის გახსენება და ირაკლი სვანიძის ნაცვლად კვაჭად დადგომა. დაახლოებით 10 წუთით ინიციატივა „ყოჩების“ მხარეს გადავიდა, მაგრამ სოხაძის არეკნი არაზუსტი იყო და დასკვნით 10 წუთში მასპინძლებმა კვლავ მძლავრად შემოგვიტიეს.

მეტოქის იერიშები დაახლოებით 5 წუთი გაგრძელდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში „ყოჩებმა“ ძალების მაქსიმალური მობილიზებით „ბათუმს“ შერკინების უპირატესობის გამოყენების საშუალება არ მისცა და 76-ე წუთზე კობახიძე იძულებული გახდა ჯარიმა კარში დაერტყა – 13:19 და სათამაშოდ 3-4 წუთი რჩებოდა. „ყოჩებმა“ შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება და თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა, დრო რომ ამოიწურა სოხაძემ არეკნი დაჰკრა, მისი მესამე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 22:13 და „ყოჩები“ პლეი ოფის მეორე ეტაპზე მეტოქეს ელის, რომელიც გორის „ჯიქისა“ და ქუთაისი „აიას“ შორის გასამართ მატჩში გაირკვევა.

 

დიდი 10. პლეი ოფი. I ეტაპი

16 აპრილი. ფოთი

ბათუმი [ბათუმი] – ყოჩები [ბოლნისი] 13:22 [0:19]

ყოჩები: 15. გოგოლაშვილი, 14. გეგენავა, 13. ხიდეშელი, 12. ხარშილაძე, 11. ხუციშვილი, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. ხოსიტაშვილი, 2. სვანიძე [21. ცერცვაძე 62], 3. შენგელია [16. გოგიშვილი 46; ჯინჭარაძე 56; შენგელია 70], 4. კიკვიძე, 5. გრძელიშვილი [17. ცუცქირიძე 46], 6. გაჩეჩილაძე, 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე [20. გუგეშაშვილი 18; ჯინჭარაძე 46-56].

3 ლელო: ხუციშვილი 2, ჩხიკვაძე

2 გარდასახვა: სოხაძე

1 არეკნი: სოხაძე

 

1 სინბინი: ხოსიტაშვილი


Share.

Comments are closed.